ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული რადიკალური ჯგუფი გლობალურ წვდომას აფართოებს


“რუსული იმპერიული მოძრაობა,” სანქტ-პეტერებურგში დაფუძნებული თეთრი რასის უპირატესობის მოძრაობა, თანამოაზრე ნეო-ნაცისტურ და თეთრი რასის უპირატესობის მომხრე ჯგუფებთან ტრანს-ეროვნული ქსელების ჩამოყალიბებით, რუსეთის მიღმა წვდომას სულ უფრო მეტად აფართოებს.

“რიმ” (რუსული იმპერიული მოძრაობა) ულტრანაციონალისტურ იდეოლოგიას ეყრდნობა და რუსული ცარისტული მმართველობის აღდგენას ისახავს მიზნად. ჯგუფს ონლაინ ქსელებში ანტისემიტური და ანტი-ლგბტ რიტორიკის გავრცელებით იცნობენ.

აპრილში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯგუფის სამი ლიდერი - სტანისლავ ანატოლის ძე ვორობიოვი, დენის ვალიულის ძე გარიევი და ნიკოლაი ნიკოლაის ძე ტრუშჩალოვი - გლობალური ტერორისტების საგანგებო სიაში შეიყვანა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა თეთრი რასის უპირატესობის მომხრე ჯგუფს ტერორისტული ორგანიზაციის კლასიფიკაცია მიანიჭა.

კალიფორნიის მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის, ტერორიზმის, ექსტრემიზმის და კონტრტერორიზმის ცენტრის დირექტორმა ჯეისონ ბლაზაკისმა განახადა, რომ “რუსული იმპერიული მოძრაობა არის ორგანიზაცია, რომელსაც სავარაუდოდ, ათასობით წევრი ჰყავს. ამ ორგანიზაციამ გაწვრთნა ორი პირი, რომლებმაც მოგვიანებით შვედეთში ტერორისტული თავდასხმები მოაწყეს.

საბრძოლო წვრთნები სანკტ-პეტერბურგში

ბლაზაკისმა “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ “რიმ” წლების განმავლობაში ახერხებდა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე რასისტების დარწმუნებას, ჯგუფის სანქტ-პეტერბურგის ბანაკებს საბრძოლო წვრთნებისთვის სწვეოდნენ. მან ასევე თქვა, რომ ჯგუფის შესაძლებლობები და განზრახვა, აწარმოოს ტერორისტული საქმიანობა, მას მნიშვნელოვან საფრთხედ აქცევს.

ვორობიოვმა “რიმ”-ი, 2002 წელს, სანქტ-პეტერბურგში დააფუძნა. ჯგუფს სანკტ-პეტერბურგში, სავარაუდოდ, ორი საწვრთნელი ბანაკი აქვს, რომელსაც მისი “პარტიზანად” წოდებული გასამხედროებული დანაყოფი მართავს. ნეო-ნაცისტები და თეთრი რასისტები, კონფლიქტის ზონებში გადასვლამდე, საბრძოლო გამოცდილებას იქ იღებენ.

ჯგუფის მეორე გასამხედროებული ფრთა “იმპერიული ლეგიონი” აღმოსავლეთ უკრაინაში პრო-რუსული სეპარატისტების მხარეს იბრძოდა. “სოუფანის ცენტრის” აპრილის ანგარიშში გაკეთებულია დასკვნა, რომ “იმპერიულმა ლეგიონმა” მებრძოლები სხვა კონფლიქტების ადგილებშიც გაგზავნა, მათ შორის, სირიაში, ლიბიაში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრ-ტერორიზმის საკითხების კოორდინატორმა ნათან სეილსმა აპრილის დასაწყისში თქვა, რომ “ამ ჯგუფს ხელებზე უდანაშაულოთა სისხლი აქვს."

სეილსმა თქვა, რომ 2016 წელს, შვედეთის ორმა მოქალაქემ, რომლებმაც სანქტ-პეტერბურგში 11 დღიანი წვრთნა გაიარა, წლის ბოლოს გოტენბერგში ტერაქტები მოაწყო.

ვიქტორ მელინმა და ანტონ ტულინმა, რომლებსაც გოტენბერგის აფეთქებები დაბრალდა, სამიზნედ თავშესაფარის მაძიებელთა ცენტრები შეარჩია და ერთი ადამიანი სერიოზულად დაიჭრა. შვედეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ადამიანები “ნორდული წინააღმდეგობის მოძრაობის” წევრები იყვნენ. ეს ნეო-ნაცისტური ჯგუფია, რომლის მიზანიც პან-ნორდული ქვეყნის შექმნაა.

სავარაუდოდ, “რიმ”-მა “ნორდული წინააღმდეგობის მოძრაობასთან” კონტაქტები მემარჯვენე კონფერენციაზე დაამყარა, რომელსაც რუსული საერთაშორისო კონსერვატიული ფორუმი ეწოდებოდა და 2015 წლის მარტში, სანკტ-პეტერბურგში გაიმართა. კონფერენცია რუსულმა პოლიტიკურმა პარტია “როდინამ” ჩაატარა.

შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტის კვლევების დირექტორმა მაგნუს რენსტორპმა “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ “კონფერენციაზე მიიღეს რეზოლუცია, რომ რუსული და ევროპული კონსერვატიული ელემენტების კოორდინირება მოეხდინათ. მოგვიანებით, “რიმ”-ის ერთ-ერთი ლიდერი, სტანისლავ ანატოლის ძე ვორობიოვი დაესწრო შეკრებას სახელად “ნორდული დღეები,” რომლის ორგანიზებაც “ნორდული წინააღმდეგობის მოძრაობამ” მოახდინა და იქ სიტყვით გამოვიდა. ამასთან ერთად, მან ამ მოძრაობას ფულადი თანხაც შესწირა.”

ვიზიტები შეერთებულ შტატებში

“რიმ”-ზე ზოგიერთი დამკვირვებელი აცხადებს, რომ თანამოაზრე უცხოურ ორგანიზაციებში წარმომადგენლების გაგზავნით, ჯგუფმა მსგავსი ნაბიჯები სხვაგანაც გადადგა. გავრცელებული ცნობებით, “რიმ”-ის წარმომადგენელი სტანისლავ შევჩუკი, უკიდურესად მემარჯვენე შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად, 2017 წელს ვაშინგტონს და პენსილვანიის შტატის ქალაქ გეტისბურგს ეწვია.

კეისი მიჩელმა, გამომძიებელმა ჟურნალისტმა, რომელიც “რიმ”-ის ამერიკულ კავშირებზე წერდა, “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ “ის პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ამერიკელი თეთრი ნაციონალისტები და რუსული უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალისტური თემი ერთმანეთს ამერიკის მიწაზე შეხვდნენ.”

მან თქვა, რომ შევჩუკი მაშინ ვაშინგტონში უკიდურესად მემარჯვენე, ტრადიციონალისტ მშრომელთა პარტიის მეთაურ, მეთიუ ჰაიმბახს შეხვდა. ისინი ფოტოზე გამოჩნდნენ, როდესაც თეთრი სახლის წინ, რუსული იმპერიული დროშა ეკავათ.

როდესაც “ამერიკის ხმა” სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელ სეილსს, “რიმ”-სა და ტრადიციონალისტ მშრომელთა პარტიას შორის კავშირის შესახებ დაუკავშირდა, მან თქვა, რომ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ასეთ ცნობების შესახებ იცოდნენ, თუმცა დამატებითი ინფორმაციაარ მიუწოდებია. სეილსის თქმით, “ნებისმიერი ჯგუფი, რომლის ლიდერები ან წევრები შეერთებულ შტატებში ჩამოვიდნენ, ან ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც თავისი მახინჯი საქმისთვის ამერიკელების რეკრუტირებას ცდილობდა, მძიმე შეშფოთების საგანია.”

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა “რიმ”-ის წინააღმდეგ მიმართული ამერიკული ემბარგო დაგმეს და მას “შეერთებული შტატების ისტებლიშმენტის რუსოფობიის” ნაწილი უწოდეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა მარია ზახაროვამ აპრილში გამართულ პრეს-ბრიფინგზე თქვა, რომ “იმის გამო, რომ ვაშინგტონს თავისი გადაწყვეტილება დამაჯერებელი და დეტალური ინფორმაციით არ დაუსაბუთებია, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ის პირველ რიგში პროპაგანდისტული მიზნით გაკეთდა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში თანმშრომლობასთან ცოტა რამ აკავშირებს.”

ზოგიერთმა ექსპერტმა თქვა, რომ რუსული დაზვერვის დანაყოფები, როგორიცაა უსაფრთხოების ფედერალური სამსახური, სავარაუდოდ, “რიმ”-ის საქმიანობას იცნობს, მაგრამ ხანმოკლე სარგებლისთვის მას მუშაობის უფლებას აძლევს.

ვენაში დაფუძნებული “თავისუფალი რუსეთის ფონდის” უფროსმა მკვლევარმა ანტონ შეხოვცოვმა “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ “კრემლმა იცოდა რას აკეთებდა “რიმ” და მათ ეს არასდროს დაუმალავთ. “რიმ”-ის რეკრუტირების ძალისხმევა და პირობა, რომ თავის წევრებს საბრძოლო ზონებში გაგზავნიდა, უკრაინის წინააღმდეგ კრემლის აგრესიისთვის სარგებლის მომტანი იყო.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG