სააპელაციო სასამართლომ დღეს ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელის თანახმად, ტელეკომპანია რუსთავი 2–ის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია. ამ გადაწყვეტილების აღსრულება რომ დღესვე იყოს შესაძლებელი, ეს რადიკალურად შეცვლიდა მედია გარემოს საქართველოში. კონკრეტულად, რა სახის ცვლილებაზეა საუბარი, ამას პასუხი ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გასცა ორი დღის წინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, როდესაც განაცხადა: “30 პროცენტს არ ჩამოცილებია „ქართული ოცნების“ რეიტინგი. 30–სა და 45 პროცენტამდე მერყეობს, თუმცა თქვენი (იგულისხმება რუსთავი 2– ნ.დ.) აგიტაციით მოახერხეთ, რომ, აქ ჩამოიყვანეთ, პრინციპში. აი, ნახეთ არჩევნებში როგორ ავწიოთ ეს ზემოთ, ამ პროცესში, 3–4 თვეში, როგორ ჩავაბრუნოთ და როგორ ავუხსნათ ხალხს სად არის რეალობა“.
რუსთავი 2–ის მიერ გაშუქებული რეალობა განსხვავებულია, ოპოზიციური არხი კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ – ამ მოსაზრებას მმართველი გუნდი იზიარებს. რუსთავი 2–ის სასამართლო პროცესის შესახებ ხელისუფლება, მართალია აცხადებს, რომ ეს მხოლოდ სამართლებრივი დავაა. მაგრამ ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. ხელისუფლებაში ყველა კარგად იაზრებს იმას, რომ რუსთავი 2–ის საქმე პოლიტიკური საქმეა. ეს რომ ასეა, ამას ივანიშვილის შემდეგი განცხადებაც მოწმობს: „არჩევნებამდე, არჩევნების დაწყებამდე დარჩენილია 3–4 თვე და შეიძლება შეიცვალოს ტელევიზიის მენეჯმენტი, დაწყებული გვარამიადან და იმის ქვემოთ, არ არის სასურველი, რამეთუ ამას, პირველ რიგში, ევროპასა და ამერიკაში ამას ვერავინ სწორად ვერ გაიგებს და მე ამას აბსოლუტურად ვეთანხმები.“
თუმცა მთავარი და ხელისუფლებისთვის ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომრუსთავი 2–ის კრიტიკა ხელისუფლების მიმართ, სინამდვილეში ამომრჩეველთა ხმებში კონვერტირდება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს: „პრეზიდენტის ვიზიტის დროს სტრასბურგში, ბრუსელში, ყველა შეხვედრის დროს, რუსთავი 2–ის საკითხი იყო ძალიან მძაფრად დასმული. ცხადია, ამ გადაწყვეტილების შემდგომ ეს თემა კიდევ უფრო მეტად გამძაფრდება. ამავდროულად, წინასაარჩევნო პერიოდში რუსთავი 2–ის მფლობელის ცვლილება, ვფიქრობ,იქნება სერიოზული დარტყმა არჩევნების დემოკრატიულობაზე.“
ამერიკის ხმა მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს, თამარ კინწურაშვილს ესაუბრა: „ბოლო მომენტამდე მქონდა იმედი, რომ ჩვენი წინასწარი შეფასებები სასამართლოს მიმართ არ გამართლდებოდა და მართალი გითხრათ, გამიხარდებოდა, თუ მე შევცდებოდი და სასამართლო დაამტკიცებდა თავის დამოუკიდებლობას. მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს დაკვეთა მოდის პირადად ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დროსაც და წასვლის შემდეგაც ღიად აცხადებდა, რომ პირველი: მას არ მოსწონს რუსთავი 2–ის სარედაქციო პოლიტიკა და მეორე: რუსთავი 2 გავლენას ახდენს სხვა არხებზე, ანუ დღის წესრიგს, როგორც წესი, მართალია, განსაზღვრავს კრიტიკულად განწყობილი არხი და ესაა სწორედ პლურალიზმის არსი. ამ ხელისუფლებას ჰქონდა გაუმჯობესება 2012 წლის შემდეგ, სწორედ, პლურალიზმის თვალსაზრისით, მაგრამ ის, რაც არის პლურალისტული გარემოს განმსაზღვრელი თუ გაქრება მედია–ბაზრიდან იმ სახით, როგორიც ის არის, მაშინ აღარ იარსებებს ეს მონაპოვარი. ჩვენ რამოდენიმე დღის წინ მოვისმინეთ, რომ ივანიშვილიმა, რომელიც ისევ ახდენს გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე, განაცხადა: „შესძლოა კარგი ვარიანტი ყოფილიყო, რომ არ შეცვლილიყო მენეჯმენტი რუსთავი 2–ში არჩევნებამდე.“ანუ ჯერ ხდება რაღაც პოლიტიკური მიზნების გაცხადება და შემდეგ, ამის ნოტარიულად გაფორმებას ახდენენ სხვადასხვა ინსტანციები.“
რუსთავი 2–ის საკითხი უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს. ტელეკომპანიის ადვოკატები შიშობენ, რომ არსებობს საფრთხე ამ უწყებამ საერთოდ წარმოებაში არ მიიღოს საქმე. თუმცა ეს უკვე მომავალი სიუჟტების თემაა.