რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც „ღია ცის“ შეთანმხებიდან რუსეთის გასვლას ოფიციალურად აფორმებს. შეთანხმება მხარეებს უფლებას აძლევდა განეხორციელებინათ შეუირაღებელი სადაზვერვო ფრენები ერთმანეთის სამხედრო პუნქტებზე.
რუსეთი იმედოვნებდა, რომ საკითხი მიმდინარე თვეში, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის სამიტის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნებოდა. მაგრამ, ბაიდენის ადმინისტრაციამ მაისში რუსეთს ოფიციალურად აცნობა, რომ არ დაბრუნდებოდა შეთანხმებაში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დროს დატოვა.
კრემლი აცხადებს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებამ, არ დაბრუნებოდა შეთანხმებას, „მნიშვნელოვნად დაარღვია პაქტის წევრთა ინტერესთა ბალანსი“, რამაც რუსეთი აიძულა შეთანხმებიდან გასულიყო.
„ამან [აშშ-ის გადაწყვეტილებამ], სერიოზული ზიანი მიაყენა ხელშეკრულების დაცვას და მის მნიშვნელობას ნდობისა და გამჭვირვალობის მშენებლობაში. ამან რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა“, - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსი ოფიციალური პირები ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას „პოლიტიკურ შეცდომად“ აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს ვითარება არ დაეხმარება ჟენევის სამიტზე, იარაღის კონტროლის შესახებ დისკუსიის გამართვას.
27 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად აცნობა, რომ ამერიკა შეთანხმებაში არ დაბრუნდება.
„შეერთებული შტატები წუხს, რომ „ღია ცის შეთანხმებას“ რუსეთის დარღვევების შედეგად, ძირი გამოეთხარა“, - განაცხადა მაშინ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
შეთანხმება, გასული წლის ნოემბერში ტრამპის ადმინისტრაციამ დატოვა და მიზეზად რუსეთის მხრიდან დარღვევები დაასახელა. შეთანხმების დატოვების მიზეზი ასევე გახდა საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სადაზვერვო ფრენების შეზღუდვა.