ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის პირადი ცხოვრება და სიტყვის თავისუფლება რუსეთში


რუსეთში რამდენიმე დღეა ვრცელდება ჭორები, რომ სავარაუდოდ, რუსეთის ლიდერის 36 წლის მეგობარმა გოგონამ, ყოფილმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მხატვვრულ ტანვარჯიშში ალინა კაბაევამ, რომელიც ახლა მედია სადგურის აღმასრულებელი პირია, თვის დასაწყისში ტყუპები გააჩინა. კაბაევას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „საიდუმლო პირველ ლედის“, ის პუტინზე სამჯერ უმცროსია და ზოგიერთი დაუდასტურებელი ცნობით, 2008 წელს მას შვეიცარიის კლინიკაში ქალიშვილი შეეძინა.

მაშინაც და ახლა, კრემლი ამ ინფორმაციას მალავდა. პუტინი კაბაევასთან ურთიერთობას უარყოფს. ერთ ჟურნალისტს, რომელმაც პრეზიდენტს ამ კითხვით მიმართა, პუტინმა უპასუხა: „მე ყოველთვის მქონდა ნეგატიური განწყობა იმ ადამიანებზე, ვინც საკუთარ აბრეცილ ცხვირს და ეროტიულ ფანტაზიებს სხვა ადამიანების ცხოვრებაში ყოფს“.

კაბაევა წარმოშობით უზბეკია, სპორტის დატოვების შემდეგ მოდელი გახდა, ხოლო შემდეგ 2014 წლამდე რუსეთის დუმის დეპუტატი იყო. ახლა ის „ეროვნულ მედია ჯგუფს“ ხელმძღვანელობს. როგორც რუსი გამომძიებელი ჟურნალისტი სერგეი კანევი წერს, მან ტყუპები იტალიელი ექიმის დახმარებით კულაკოვის სამშობიარო კლინიკაში, სპეციალურად გამოყოფილ სექციაში, გააჩინა. კაბაევას მშობიარობის შესახებ ინფორმაცია ყვითელ პრესაშიც გავრცელდა.

ალინა კაბაევა
ალინა კაბაევა

გამოცემა „მასკოვსკი კომსომოლეც“-მა, რომელიც პუტინის ოლიგარქი მეგობრის, არკადი როტენბერგის საკუთრებაშია, დაწერა, რომ კაბაევამ, სავარაუდოდ, ტყუპები გააჩინა. თუმცა სტატია მალევე გაქრა. რუსი ოფიციალური პირები აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებენ.

2013 წელს პუტინმა, ყოფილ ბორტ-გამცილებელ და მასწავლებელ ლიუდმილა შკრებნევასთან 30 წლიანი ქორწინება დაასრულა. ქორწინებიდან მას ორი ქალიშვილი ყავს. მათი ქორწინების განმავლობაში, შკრებნევა საჯარო სივრცეში ნაკლებად ჩნდებოდა. განქორწინების შემდეგ მან ხელახლა იქორწინა.

კრემლი გასულ კვირას, მედიასთან დაკავშირებული წყაროების ინფორმაციით, შეეცადა იმ ახალი ამბების შეზღუდვას, რომლებიც ტყუპების დაბადებაზე საუბრობდნენ, რაც მედია თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთი მაჩვენებელია. პუტინი, საკუთარ პირად ცხოვრებას მკაცრად იცავს - ეს ერთ-ერთი ჩვევაა, რომელიც მას სუკის აგენტობის პერიოდიდან მოჰყვება.

2016 წელს სამი რედაქტორი რუსული „არ-ბი-სი“ მედია ჯგუფიდან სამსახურიდან გაათავისუფლეს, მას შემდეგ რაც პუტინის სიმდიდრის შესახებ სტატია გამოქვეყნდა.

კაბაევას საიდუმლო ისტორია, რუსეთში პრესის თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვის პარალელურად ვითარდება. მაისის დასაწყისში 10-ზე მეტმა ჟურნალისტმა გამოცემა “კომერსანტი” - დატოვა. გამოცემიდან მათი წასვლის მიზეზი ორი წამყვანი ჟურნალისტის, ივან საფრონოვის და მაქსიმ ივანოვის გათავისუფლება გახდა, რომლებმაც კრემლისათვის მიუღებელი სტატია დაწერეს.

გაზეთი მილიარდერი ალიშერ უსმანოვის საკუთრებაშია, რომელსაც პუტინთან ახლო კავშირები აქვს. მარტში, “კომერსანტის” კიდევ ერთი ჟურნალისტი, მარია კარპენკო სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გაშუქების შემდეგ გაათავისუფლეს.

“კომერსანტში” მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ჟურნალისტების გათავისუფლების გადაწყვეტილება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ “ეს [რუსეთში] შემორჩენილ ჟურნალისტურ დამოუკიდებლობაზე საშინელი დარტყმაა”.

დამოუკიდებელი გამოცემა, “ზი ბელ” ამბობს, რომ მიუხედავად პოლიტიკური ცენზურისა, “კომერსანტს” მთავრობისგან გარკვეული დამოუკიდებლობა ქონდა. “ჟურნალისტების მასობრივად წასვლა სამსახურიდან, ამ მოცემულობას კითხვის ქვეშ აქცევს”, - აცხადებს გამოცემა. გამოცემამ ასევე აღნიშნა, რომ არაა ნათელი, თუ კონკრეტულად რას უკავშირდება მთავრობის გაღიზიანება ზემოთხსენებული ორი ჟურნალისტით (ივანოვითა და საფრონოვით).

კაბაევას გარშემო მიმდინარე მოვლენები, რუსეთში პრესის თავისუფლების შეზღუდვის ილუსტრაცია. ჟურნალისტები შიშობენ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა კიდევ უფრო შეიზღუდება ახლახანს მიღებული კანონით, რომელიც „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებას კრძალავს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ კანონი შესაძლოა ოპონენტების და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG