ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის ახალი ანტი-ტერორისტული გეგმა


რუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი რუსეთის სავარაუდო ჩართვაზე სირიაში მიმდინარე საბრძოლო ქმედებებში.

ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან მებრძოლი საერთაშორისო კოალიციის შექმნა სურს. რუსეთის ლიდერის თქმით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი თანახმაა ნაადრევი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს და მთავრობაში სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებიც კი ჩართოს.

აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დღეს ვლადივოსტოკში გამართულ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა. მისი თქმით, ამერიკელ პარტნიორებთან ამ თემაზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია და საკითხი მან პირადად განიხილა პრეზიდენტ ობამასთან გამართულ სატელეფონო საუბარში. პუტინის განცხადებით, ის ასევე ესაუბრა მსოფლიოს ქვეყნების ბევრ სხვა ლიდერს, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ ტაიპ ერდოღანსაც და საუდის არაბეთის, თუ ეგვიპტის სახელმწიფო მეთაურებს.

პუტინი თვლის, რომ დევნილები სირიიდან პრეზიდენტ ასადის რეჟიმს კი არ გაურბიან, არამედ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს სისასტიკეს. „თუმცა, ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკური ცვლილებები საჭიროა“ - დასძინა მან ბოლოს. პრეზიდენტი პუტინი ასევე აცხადებს, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი რუსეთის სავარაუდო ჩართვაზე სირიაში მიმდინარე საბრძოლო ქმედებებში. მაგრამ, მოსკოვი დამასკოს „აღჭურვილობით, სამხედრო პერსონალის წვრთნით და იარაღით ძალიან სერიოზულ დახმარებას უწევს“.

დასავლეთის მთავრობები და უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები სირიაში მიმდინარე მოვლენებში ბრალს ორივე მხარეს დებენ. ისინი ადამიანის უფლებების დარღვევის ფართომასშტაბიან ქმედებაში როგორც ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ, ასევე დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს. ხუთშაბათს თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი საკმაოდ „დეტალურ მონიტორინგს“ უწევს ცნობებს რუსეთის მიერ სირიაში გაგზავნილი სამხედრო პერსონალის და თვითმფრინავის შესახებ. მისი თქმით, „ასადის რეჟიმის ნებისმიერი სამხედრო დახმარება რა მიზნითაც არ უნდა ხდებოდეს ის, იქნება ეს სამხედრო პერსონალი, ავიაციის მომარაგება, იარაღი, თუ ფულადი სახსრები, ჯერ ერთი დესტაბილიზაციას იწვევს, და მეორეც: კონტრ-პროდუქტიულ ქმედებას წარმოადგენს“.

XS
SM
MD
LG