ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო აქციების მე-6 დღე ამერიკაში


აქცია ბრუკლინის ხიდზე, ნიუ-იორკი

შეერთებულ შტატებში საპროტესტო აქციები უკვე ექვსი დღეა გრძელდება. კვირა საღამოს დემონსტრაციები ამერიკის 40-მდე დიდ ქალაქში გაიმართა. ამერიკელები ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს, პოლიციის ძალადობას და რასიზმს აპროტესტებენ.

აქციები გაიმართა ამერიკის თითქმის ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოში, დეტროიტში, ფილადელფიაში. დემონსტრაციები უმეტესად მშვიდობიანი იყო, თუმცა რიგ შემთხვევაში ძალადობრივ ხასიათს ატარებდა, გახშირდა ვანდალიზმის ფაქტები. ამიტომ ტეხასის, ვირჯინიის და სხვა ბევრი შტატის გუბერნატორები იძულებული გახდნენ საგანგებო ვითარება გამოეცხადებინათ.

აქცია ვაშინგტონში, ლაფაეტის პარკში
აქცია ვაშინგტონში, ლაფაეტის პარკში

ვაშინგტონში, ქვეყნის დედაქალაქში ჰოვარდის უნივერსიტეტიდან ლაფაეტის პარკისკენ მიმავალი აქცია სკანდირებდა: "არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. არა რასისტ პოლიციას". დემონსტრაციაში ათასამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და შოკური მოქმედების ხელყუმბარები გამოიყენა, რომ თეთრ სახლთან მდებარე ლაფაეტის პარკი დემონსტრანტებისგან გაეწმინდა. ქალაქის მერმა მურიელ ბოუსერმა კი საგანგებო მდგომარეობა და ეროვნული გვარდიის მობილიზაცია გამოაცხადა.

კვირას, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცოტა ხნით თეთრი სახლის ბუნკერში გადაიყვანეს. "თეთრი სახლი უსაფრთხოების პროტოკოლზე და გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ აკეთებს" - განაცხადა მოგვიანებით ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ჯუდ დირმა, როცა მას ჟურნალისტებმა მომხდარზე კითხვა დაუსვეს და კომენტარი სთხოვეს.

ღამის 12 საათისთვის აქციის მონაწილეებმა რამდენიმე შენობა დააზიანეს. იყო ძარცვის ფაქტებიც. თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთდროულად რამდენიმე ხანძარიც გაჩნდა. ცეცხლი მოუკიდეს დედაქალაქის ისტორიულ წმინდა იოანეს ეკლესიას, თუმცა მეხანძრეებმა მისი განეიტრალება დროულად მოახერხეს.

დემონსტრაციების მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს არ აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში სისტემური რასიზმის პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით დომინირებს პოლიციის განყოფილებებში.

აქციებს ბიძგი სოციალურ ქსელებში მასობრივად გავრცელებულმა ვიდეომ მისცა, რომელზეც 46 წლის ჯორჯ ფლოიდის დაკავების მომენტია ასახული. პოლიციელს ბორკილდადებულის კისერზე მუხლი 7 წუთზე მეტხანს ჰქონდა დაბჯენილი და არ უშვებდა, იმის მიუხედავად, რომ ფლოიდი შველას ითხოვდა და იმეორებდა, რომ ვერ სუნთაქავს და იხრჩობა. ფლოიდი გარდაიცვალა, პოლიციელი კი რამდენიმე დღის შემდეგ, მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც მინეაპოლისში და მთელ ქვეყანაში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG