ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი გაეროში გამოსასვლელ ტექსტზე ჯერ კიდევ მუშაობს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი

“ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, სალომე ზურაბიშვილი პირველი პრეზიდენტია, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.

პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი? ვის უნდა წარედგინა ასამბლეაზე საქართველო? გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, ეს იყო საკითხი, რომელსაც ქვეყანაში ხანგრძლივი პოლიტიკური დებატები და დაპირისპირება მოჰყვა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა და ამჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მსგავს ფორმატში სახელმწიფო მთავრობის მეთაურმა უნდა წარადგინოს. გასული წლებისგან განსხვავებით, მმართველ გუნდში საკითხი, სავარაუდოდ, წელს ასე არ დასმულა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ნიუ-იორკში ვიზიტს ფონად გასდევს იშვიათი პრეცედენტი, როცა მთავარმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალებაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრა.

„ამერიკის ხმამ“ კითხვით, იყო თუ არა მმართველ გუნდში იმ საკითხზე მსჯელობა, თუ ვინ უნდა გამოსულიყო გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით, პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მიმართა.

საქართველოს პირველი დიპლომატი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის გაეროში ვიზიტი წლის დასაწყისში დაიგეგმა. „ეს საკითხი დიდი ხნით ადრე იყო გადაწყვეტილი, როდესაც ჩვენ, წლის დასაწყისში, გავდივართ ყველა უწყება, რომელიც არის პასუხისმგებელი ვიზიტებზე, პრემიერის, პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტებზე. განვიხილავთ, თუ ვინ რომელ ფორმატში წარმოადგენს საქართველოს და ეს საკითხი დიდი ხნით ადრე იყო გადაწყვეტილი, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, საქართველოს პრეზიდენტი იქნებოდა და სწორედ ამით არის ეს განპირობებული. წელს ამაზე, უახლოეს პერიოდში მსჯელობა არ ყოფილა, რადგანაც ეს საკითხი დიდი ხნის ადრე უკვე იყო შეთანხმებული,“თქვა დავით ზალკალიანმა.

მინისტრი აცხადებს, რომ პრეზიდენტი გაეროს უმაღლეს ტრიბუნაზე გამოსვლის ტექსტზე ჯერ კიდევ მუშაობს. ზალკალიანი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი აქცენტებს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გააკეთებს, მათ შორის, რუსულ ოკუპაციაზე.

„პრეზიდენტი ჯერ კიდევ მუშაობს საკუთარ გამოსვლაზე და ვფიქრობ, რომ აქცენტები, რა თქმა უნდა, გაკეთდება ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, როგორიცაა ოკუპაცია. ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. ბუნებრივია, გაეროს დღევანდელი ასამბლეის დღის წესრიგი ბევრ თემას ეხმიანება და ჩემი აზრით, საქართველოს პრეზიდენტი შეეცდება უპასუხოს გამოწვევებს, რომლებიც აქტუალურია გაეროსთვის, მთლიანად დღევანდელი მსოფლიოსთვის, საქართველოს გადმოსახედიდან და საქართველოს პოზიციის წარმოჩენით, მათ შორის, იმ რეფორმების განხორციელებით, რომლებიც მიმდინარეობს ქვეყანაში ყველა მიმართულებით,“ თქვა მინისტრმა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაეროზე სიტყვით 25 სექტემბერს გამოვა. შარშან, გაეროს გენერალურ ასამბლეას, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართულ ენაზე მიმართა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG