ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესის მიმოხილვა


უცხოური პრესის მიმოხილვა
უცხოური პრესის მიმოხილვა

შეწირავს თუ არა ამერიკა მოკავშირეებს რუსეთთან ურთიერთობას და რა მოხდება მთიან ყარაბაღში?

უცხოური პრესის დღევანდელ მიმოხილვას ჟურნალ ეკონომისტში 8 ივლისს გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომელიც ჰილარი კლინტონის აღმოსავლეთ ევროპასა და კავსაკიაში ვიზიტის ანალიზს წარმოადგენს. სტატია სათაურით "ამერიკა რუსეთის ეზოში, აღმოსავლური მიდგომა," ობამას ადმინისტრაციის რუსეთის მიმართ დამოკიდებულების მიმოხილვით და ბუშის ადმინისტრაციასთან შედარებით იწყება. ავტორი სვამს ორ შეკითხვას შესწირავს თუ არა ამერიკა მის მოკავშირეებს რუსეთთან უკეთეს ურთიერთობას და ხომ არ აჯობებდა რუსეთთან ისეთივე მკაცრი მიდგომის შენარჩუნება, როგორიც 1980-ან წლებში რონალდ რეიგანს ჰქონდა?

სტატია რუსეთ-ამერიკის მიმდინარე ურთიერთობებს პარტნიორობად აფასებს და ამბობს, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა დღეს თანამშროლმობადა იქცა ვაშინგტონის მიერ ‘გადატვირთვის’ პოლიტიკის შედეგად. თუმცა ამ დამოკიდებულებას ექსპერტების ნაწილი სკეპტიკურად აფასებს და ამბობს, რომ რუსეთის მიერ დასავლეთის მიმართ შერბილებული დამოკიდებულების ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ რუსეთს ამერიკა სჭირდება.

მიუხედავად თანამშრომლობისა, გავლენის სფეროების საკითხი კვლავ რჩება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უთანხმოების თემად. ჰილარი კლინტონის აღმოსავლეთ ევროპული ტურნეს ერთ-ერთი დანიშნულება მოსკოვისთვის იმის ჩვენება იყო, რომ ამერიკა არ აღიარებს რუსეთის „პრივილეგირებულ გავლენის სფეროს“ და მხარს უჭერს ყოფილი კომუნისტური ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. თუმცა ამასთან ერთად, ქალბატონმა კლინტონმა თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა, „ჩვენ კევის ღეჭვა და სიარული ერთდროულად შეგვიძლია.“ რაც იმას ნიშნავს, რომ რომ ამერიკა რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორების მიზნით მოკავშირეების მხარდაჭერას არ შეწყვეტს.

უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ვიზიტის შეფასებისას სტატიის ავტორი სვამს შეკითხვას, თუ რის ხარჯზე შეიძლება მოხდეს რუსეთის დაბალანსება მისივე სამეზობლოში. სტატია ასკვნის, რომ ეს შესაძლოა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მხარდაჭერის მოკლებაში გადაიზარდოს და ამის მაგალითად კლინტონის უკრაინაში ვიზიტი მოჰყავს. პრეზიდენტ ვიტქორ იანუკოვიჩთან დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების შესახებ კარს მიღმა საუბრის შემდეგ საჯარო გამოსვლისას ქალბატონმა კლინტონმა უკრაინის პრეზიდენტის ძალისხმევა შეაქო ქვეყნის დემოკრატიული მართვის მიმართულებით.

აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს ავტორი რეგიონში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობად ახასიათებს და აცხადებს, რომ განახლებული შეიარაღებული დაპირისპირება ბაქოსა და ერევანს შორის შეიძლება ომის განახლებით დასრულდეს. 1992 წლის შემდეგ, მაშინდელი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის შემდეგ, ბაქოში სახელმწიფო მდივანი არ ჩასულა. კლინტონის ვიზიტი, სავარაუდოდ, რეგიონში არსებულ დაძაბულობას განტვირთავს.

სტაიის თანახმად, კლინტონის ვიზიტს ყველაზე დიდი მნიშვნელობა მაინც საქართველოსთვის ჰქონდა. გარდა იმისა, რომ კლინტონმა საჯაროდ პირველად უწოდა რუსეთს ოკუპანტი ძალა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „შეერთებული შტატები გავლენის სფეროებს არ აღიარებს“ და ამერიკა საქართველოს სუვერენიტეტის უპირობო მხარდამჭერია. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე საუბრისას სტატიის ავტორს მიხეილ სააკაშვილის ციტატა მოჰყავს და ამბობს, რომ თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა მას გახსნილ და დამოკრატიულ ქვეყანად აქცესვს, ეს რუსეთის ყველა მეზობლზე დადებითად აისახება.

8 ივლისს შუა აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა ნინა კასპერსენმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით "მთიან ყარაბაღში დაძაბულობა მატულობს."

სტატიის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ყარაბაღში შეიარაღებული დაპირირსპირებები მოხშირდა და ივნისში ერთ-ერთი ასეთი შეტაკება ექვსი ჯარისკაცის სიკვდილით დასრულდა. ანალიტიკოსები დაპირისპირების გამძფრებას 2008 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებასა და რუსეთ-საქართველოს ომს უკავშირებენ. ივნისში სანქტპეტერბურგში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების წარუმატებელი შეხვედრა დაძაბულობის კულმინაცია იყო. მხარეები ერთმანეთს აბრალებენ ცეცხლის გახსნას და ერთმანეთს დაპირისპირების განახლებით დიპლომატიური წარუმატებლობის გადაფარვის მცდელობას აბრალებენ.

კოსოვოს აღიარების შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ავტონომიური პროვინციის დამოუკიდებლობა მკაცრად გააკრიტიკა და ერთ-ერთ განცხადებაში აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდა, ყარაბაღის დასაბრუნებლად აზერბაიჯანი სამხედრო ძალასაც გამოიყნებს, რისთვისაც ქვეყანას უკვე ნაყიდი აქვს სამხედრო შეიარაღება. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აზერბაიჯანის შეშფოთება კიდევ უფრო გამძაფრდა იმის გამო, რომ მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. თუმცა აგვისტოს ომმა ბაქოს იმედიც მისცა იმ მხრივ, რომ გამოჩნდა რამდენად სუსტი იყო ცხინვალი წინააღმდეგობის გაწევაში და რომ არა რუსეთის დახმარება, ქართული ჯარი სამხერთ ოსეთს ადვილად დაიბრუნებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაქოში იციან, რომ ყარაბაღში ომის დაწყების შემთხვევაში კონფლიქტში სომხეთიც ჩაერევა, სომხეთის დახმარება ბაქოსთვის იმხელა წინააღმდეგობა არ იქნება, რამხელაც საქართველოსთვის რუსეთი იყო. გარდა ამისა, რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს ყარაბაღის დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებას.

სტატიის თანახმად, მოვლების ასეთი განვითარება საშიშ გარემოს ქმნის კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარისთვის. ამიტომ, შესაძლებელია, რომ დაპირისპირების დიპლომატიური გადაჭრისთვის სწორედ ახლა იყოს ყველაზე მოსახერხებელი დრო. მაგრამ ავტორი ამბობს, რომ სომხეთში და აზერბაიჯანში შიდა მზადყოფნა ამ სახის გადაწყვეტილებისთვის ძალიან დაბალია. გარდა ამისა, არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიცია, რომელიც მთავრობას დათმობებზე წასვლას აიძულებდა. ამჟამად კი, ერევანი და ბაქო, ისევე როგორც სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობა, პოლიტიკურ კომპრომისებზე წასვლის წინააღმდეგია. სტატიის დასკვნაში ავტორი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალადობამ შეიძლება სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელი შეუწყოს, ყარაბაღის შემთხვევაში ამ გათვლის გაკეთება ძნელია, რადგან მოლაპარაკებების პროცესი უკიდურესად გასაიდუმლოებულია და რეგიონალური ვითარება ყარაბაღის კონფლიქტს განსხვავებულ დინამიკას მატებს.

XS
SM
MD
LG