ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ახლა ხვდება როგორ დაიჭიროს ბალანსი რუსეთთან


უცხოური პრესის მიმოხილვა

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ რონ ასმუსის სტატია გამოქვეყნდა სათაურით, „როგორ ავიცილით თავიდან კიდევ ერთი ომი სამხრეთ კავკასიაში.“ ავტორის თქმით, პრეზიდენტი ობამას ადმინისტრაცია ცდილობს მსოფლიოს დაანახოს, რომ ვაშინგტონი მოკავშირეებთან ურთიერთობის გამყარებას ცდილობს და ამავდროულად რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის გაგრძელება სურს. კლინტონის აღმოსავლეთ ევროპული ტურნე, რომელიც დღეს თბილისში დასრულდა, ანალიტიკოსების აზრით, კონსერვატორების მიერ ბოლო დროს არაერთხელ გაჟღერებული მოსაზრების დაბალანსების მცდელობაა. კონკრეტულად კი იმისა, რომ ამერიკა რუსეთთან ურთიერთობაში ზედმეტ დათმობებზე მიდის.

ობამას ადმინისტრაციას ორი ურთიერთ-პარალელური მიდგომა აქვს შემუშავებული - ერთის მხრივ ის რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს, ხოლო მეორეს მხრივ, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს მხარს უჭერს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებაში. ბატონი ასმუსი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამერიკაში რუსეთის სამეზობლოსთან დაკავშირებით პოლიტიკური დეფიციტია და ხშირად, ვაშინგტონის პოზიციის სიტყვებით გამოხატვას სტრატეგიის პოლიტიკური გამყარება არ ახლავს.

ბატონი ასმუსის თქმით, ამერიკის მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ მოკავშირეებთან ურთიერთობები გააღრმავოს და კავკასიას მორიგი შეიარაღებული კონფლიქტი ააცილოს თავიდან. მისი თქმით, საგულისხმოა ის, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის დაწყებული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში დაპირისპირება დღითიდღე მატულობს და საქართველოში კი რუსეთი სააკაშვილის შეცვლას ელოდება იმისთვის, რომ ქვეყნის დასავლეთისკენ სწრაფვის ნება საბოლოოდ გატეხოს. ამ ფონზე ჩრდილოეთ კავკასიაშიც უაღრესად დაძაბული სიტუაციაა, რაც სოჭში დაგეგმილი ოლიმპიადის მოლოდინში რუსეთს რთულ და გაურკვეველ სიტუაციაში აყენებს.

გარდა ამისა ავტორი ამბობს, ამ ვითარებიდან გამომდინარე, ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელი შეუწყოს. პარალელურად, ამერიკამ ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობა უნდა შეამციროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორივე მხრიდან სათითაოდ გასროლილმა ტყვიამ შეიძლება ორ ქვეყანას შორის ომში ზაფხულის ბოლომდე დაწყებას ხელი შეუწყოს.

საქართველოსთან დაკავშირებით, ბატონი ასმუსის აზრით, ამერიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებზე აქტიურად უნდა დაიწყოს მუშაობა. მაგალითად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სიტუაცია ორივე რეგიონში ჯერ ისევ დაძაბულია, ხოლო საერთაშორისო საზოგადოებას იქ ევროკავშირის შეუიარაღებელი დამკვირვებლები წარმოადგენენ, ძნელი წარმოსადგენია, რის გაკეთებას შეძლებენ ისინი ძალადობის მომატების შემთხვევაში. ამიტომ, ამერიკამ საქართველოს საზღვრის დაცვის მექანიზმების გაძლიერებას ხელი უნდა შეუწყოს. ამასთან ერთად, აუცილებელია საქართველოში უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკური გაძლერების მიზნით.

ასმუსის სტატიის თანახმად, გასაგებია, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჟამად უაღრესად გართულებულია, მაგრამ თუ ვაშინგტონმა აქედანვე არ განახორციელა პრაქტიკული ნაბიჯები ზემოთ მოყვანილი სირთულეების გადასალახად, მოგიანებით ისინი შეიძლება დიდ პრობლემად ექცეს ვაშინგტონს. მოსკოვთან თანამშრომლობა აუცილებელია განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებაში და ამასთან ერთად, ბატონი ასმუსი აღიარებს, რომ ამერიკის გავლენა კავკასიაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რუსეთისა. მაგრამ რეგიონში აქტიური ჩარევით იმ ზარალისა და რისკის შემცირება იქნება შესაძლებელი, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ემუქრებოდეს ამერიკის ინტერესებს.

მეორე სტატია, რომელზეც თქვენი ყურადრების გმახვილება გვსურს „ვოლ სტრიტ ჯორნალში“ მარკ ჩემპიონის „ამერიკა რუსეთის საზღვარზე გაფუჭებული კავშირების გამოსწორებას ცდილობს.“ სტატიაში ავტორი ამბობს, რომ ამერიკის ადმინისტრაციის მიერ წელიწად ნახევრიანი ლოდინის შემდეგ, პირველად შეინიშნება მცდელობა იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიას ვაშინგტონმა თავი იგნორილებულად არ აგრძნობინოს.

ავტორს ვაშინგტონში დაფუძნებული კარგნეგის ფონდის კავკასიის ექსპერტის ტომ დე ვაალის ციტატა მოჰყავს, სადაც ის ამბობს, რომ ბუშის ადმინისტრაციის შემდეგ, კავკასიასთან და აღმოსავლეთ ევროპასთან ამერიკის ურთიერთობის ტრაექტორია მხოლოდ დაღმავალი იყო. დე ვაალი ფიქრობს, რომ ადმინიტრაცია ახლა ხვდება როგორ დაიჭიროს ბალანსი რუსეთსა და მის მეზობლებს შორის.

სტატიის ავტორს ხსენებული იგნორირების მაგალითად ვაშინგტონის მიერ აზერბაიჯანის მიტოვება ჰყავს მოყვანილი. მისი თქმით, ბაქოს გარიყვა შესაძლოა ამერიკის ენერგო უსაფრთხოებას დაემუქროს. იგივე შეიძლება ითქვას მთელს რეგიონზეც, რადგანაც კავკასია და შუა აზია ნატოს ავღანეთის ოპერაციის მომარაგებასა და ლოჯისტიკურ უზრუნველყოფაში უდიდეს როლს თამაშობენ.

XS
SM
MD
LG