ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესის მიმოხილვა


უცხოური პრესის მიმოხილვა
უცხოური პრესის მიმოხილვა

დღევანდელი პრესის მიმოხილვა ნიუ იორკ ტაიმსსა და ვაშინგტონ პოსტში დაბეჭდილ ორ სტატიას გაგაცნობთ

დიმიტრი მედვედევის ვაშინგტონში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ამერიკულ პრესაში პოლიტიკური ექსპერტების სტატიებმა იმატა. გუშინ ორი სტატია დაიბეჭდა, რომლებიც რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობას მიმოიხილავს. მარკ მედიშის წერილი სათაურით „სად არის რუსეთი?“ ნიუ იორკ ტაიმსში გამოქვეყნდა.

სტატიაში ავტორი დასავლეთისა და ეგრეთ წოდებული „ახლო საზღვარგარეთის“ მიმართ რუსეთის მიმდინარე პოლიტიკას განიხილავს და დასავლეთს რუსეთთან კეთილ-განწყობით მოპყრობისკენ მოუწოდებს. სტატიის თანახმად: „საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, რუსეთი მსოფლიოში საკუთარი ადგილის მონახვას ცდილობს.“ ამ ძიების პროცესს ავტორი გეოპლიტიკურს, ფილოსოფიურს და ფსიქოლოგიურს უწოდებს.

რუსი პოლიტიკოსები არ მალავენ იმას, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული პრობლემების და სხვა გლობალური სირთულეების გამო დასავლეთში შეუქცევადი დაღმავლობის პროცესი დაიწყო. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, რუსეთი სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებს თურქეთთან, ბრაზილიასა და ჩინეთთან და მსოფლიოში ძალათა გადანაწილებაში აქტიურ როლს თამაშობს.

რუსეთის მიერ თვითდამკვირდებისთვის ბრძოლის ყველაზე აშკარა გამოვლინებად, ავტორი 2008 წელს საქართველოსთან ომს ასახელებს. მისი თქმით, ბარელ ნავთობზე ფასის 150 დოლარამდე გაზრდამ მოსკოვს ნახევარი ტრილიონი დოლარით მეტი შემოსავალი მისცა, რამაც მეორეს მხრივ ის საომრად წააქეზე. მედვედევმა იგრძნო, რომ საუკეთესო შესაძლებლობა ჰქონდა იმისთვის, რომ საქართველოსა და მისი დასავლეთელი მოკავშირეებისთვის რუსეთის ნამდვილი ძალა ეჩვენებინა. მაგრამ ომის შემდეგ გლობალური ეკონომიკური კრიზისიც დაიწყო და რუსეთს დასავლეთზე მტკივნეულად შეეტყო ფინანსური პრობლემები.

სტატიის ბოლოს ავტორი პრეზიდენტი მედვედევის ახალ სტრატეგიას განიხილავს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რწმენა და ავტოკრატია ორი უმნიშვნელოვანესი ძალაა, რომელიც დღეს რუსეთს მართავს, მაინც შეინიშნება მოდერნიზაციისა და დასავლეთთან დაახლოების სურვილი. ავტორის აზრით, ეს რუსეთის ისტორიულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რომელსაც ჯერ კიდევ პეტრე პირველმა შემდეგი განცხადებით ჩაუყარა საფუძველი: „ჩვენ ევროპა რამდენიმე ათწლეული გვჭირდება. ამის შემდეგ ჩვენ მას ზურგი უნდა შევაქციოთ.“ სტატიის ბოლოს ავტორი აღნიშნავს, რომ სწორედ დასავლეთის ქვეყნები უნდა ეცადონ იმას, რომ რუსეთმა საკუთარი თავი ევროპის ნაწილად აღიქვას.

მეორე სტატია, დეივიდ კრეიმერის მიერ ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებული წერილი არის სათაურით „რუსეთის ‘ახალი’ პოზიცია ანტი-დასავლური რჩება.“ სტატია რუსულ ნიუზვიკში მაისში გამოქვეყნებულ დოკუმენტს განიხილავს, რომელიც თითქოს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან „გაჟონილი“ დოკუმენტი იყო. სამინისტრომ არ უარყო დოკუმენტის სინამდვილე, თუმცა ის ოფიციალურად არ გამოაქვეყნა, როგორც ეს სამხედრო დოქტრინის გამოცხადების დროს მოხდა.

დასავლეთში რუსეთის საკითხების ექსპერტებისთვის ეს დოკუმენტი ერთი შეხედვით იმედის მომცემია, თუმცა მისი დეტალურად განხილვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ რუსეთი ანტი-დასავლურ პოლიტიკას კვლავ აგრძელებს.

სამხედრო დოქტრინისგან განსხვავებით, საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ეს დოკუმენტი ეკონომიკურ მიმართულებებზე აკეთებს აქცენტს და ისეთი ხმამაღალი განცხადებებისგან თავს იკავებს, რომლებიც სამხედრო დოქტრინაში იყო ხაზგასმული. თუმცა საგარეო პოლიტიკის ამ დოკუმენტში გამოკვეთილი მიმართულებები პირდაპირ მიესადაგება სამხედრო დოქტრინას.

ბატონ კრეიმერს ამის მაგალითად დოკუმენტიდან ციტატა მოჰყავს, რომელსიც ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივი მოქმედებები და ევროპაში რაკეტ-საწინააღმდეგო სისტემის დამონატაჟება უნდა შეწყვიტოს. სამხედრო დოქტრინის მსგავსად საგარეო პოლიტიკის დოკუმენტი იმასაც ამბობს, რომ აუცილებელია მოხდეს „ნატოს გაფართოვების შეჩერება.“

საერთო ჯამში, ავტორის თქმით, ეს ერთი შეხედვით მეგობრული პოლიტიკა, სინამდვილეში რუსეთის გავლენის სფეროს დაწესებას უჭერს მხარს. დოკუმენტის თანახმად, რუსეთიმა „აქტიური წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს გარე-რეგიონალურ ძალებს, რომლებიც რეგიონალურ ქვეყნებს რუსეთთან ურთიერთობაში ხელს უშლიან.“

ასევე საყურადღებოა ფაქტი, რომ დოკუმენტში აფხაზეთისთვის ენერგეტიკისა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში დახმარების აღმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადრება აქვს დათმობილი. თუმცა, აფხაზეთის კონტექსტში საქართველო ნახსენები არ არის. ეს კი რა თქმა უნდა, უგულვებელყოფს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს.

ამერიკასთან დაკავშირებით დოკუმნეტში აღნიშნულია, რომ ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიცირება რუსეთის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გარდა ამისა, დოკუმენტი ამერიკისგან რუსული საწარმოების წინააღმდეგ დადგენილი სანქციების მოხსნას და ამერიკასთან ორმხრივი ინვესტიციების გაღრმავებას ისახავს მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ამერიკისგან მცნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ დათმობებზე წასვლას ელის, სანაცვლოდ არაფერს სთავაზობს.

ბატონი კრეიმერის აზრით, ასევე აღსანიშნავია ის, რომ დოკუმენტი ამერიკაში ობამას ადმინისტრაციის შესუსტებაზე საუბრობს და იმედს გამოთზვამს, რომ პრეზიდენტის ასეთი დასუსტება ამერიკის სათავეში რადიკალურ ძალებს არ მოიყვანს და ამით რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის საათს უკან არ დაატრიალებს.

ბატონი კრეიმერი სტატიას შემდეგი დასკვნით ამთავრებს, რომ „მედვედევის რუსეთთან“ დასავლეთს ნამდვილად შეუძლია გარკვეულ საკითხებში ტანამშრომლობა, თუმცა დრამატული განსხვავებები ორი ქვეყნის მსოფლმხედველობასა და ღირებულებებში კვლავ არსებობს. პრეზიდენტი მედვედევის ვაშინგტონში ვიზიტის დროს ამ განსხვავებებზე თვალი არავინ უნდა დახუჭოს.

XS
SM
MD
LG