ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური მკლავჭიდი


პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის იდეურ შეუთავსებლობას აქვს ადგილი ეროვნული ბანკის საქმიანობისა და ფუნქციების რეგულირების თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს და მისგან გამომდინარე კანონებს ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებზე დაფუძნებული კანონპროექტი წარუდგინა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კონფრონტაცია არავის სურს და ვეტო მხოლოდ კანონმდებლობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ჩვენს ყურადღებასა და კრიტიკას იწვევდა ის, რომ ვსაუბრობთ საკონსტიტუციო ინსტიტუტზე - ეროვნულ ბანკზე, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში; ჩვენ ვსაუბრობთ ამ ინსტიტუტის ცვლილებაზე იმ მომენტში, როდესაც კონკრეტულად საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო ექსპერტიზის თვალსაზრისით იმსახურებს მაღალ შეფასებას, ხოლო არგუმენტები, რატომ უნდა შევცვალოთ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტი, ნაკლებად ისმის“,- ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ განცხადებაში. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგიც გამართა.

„ვეტო კონსტიტუციური მექნიზმია, იმისთვის რომ, სწორედ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ შევგიძლია უფრო ეფექტური კანონმდებლობა მივიღოთ, ხელი შევუწყოთ ქვეყნის გაძლიერებას და განვითარებას, ამ კონტექსტში ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტმა, პრეზიდენტმა და მთავრობამ და ერთად ქვეყანას უკეთესი გადაწყვეტები მისცეს“,- აცხადებს პრეზიდენტი მარგველაშვილი.

მმართველი გუნდი შეთქმულების კვალის აღმოჩენას ცდილობს პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის. ამის თაობაზე დღეს პარლამენტის ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემაც მიანიშნა და პარლამენტის წევრმა თამაზ მეჭიაურმაც, ეროვნული ბანკის თაობაზე კანონპროექტის ავტორმა. იგი პრეზიდენტს ფაქტობრივად,ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის იდეების გამხმოვანებლად მიიჩნევს და ლარის კურსის გაუფასურებასაც შეთქმულთა მიზანმიმართულ პოლიტიკად წარმოადგენს: „ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ახლა, პრეზიდენტი ვეტოს ადებს კანონს. მას თავიდანვე არ ჰქონდა ცვლილებების სურვილი. ახლა სურს არსებულ სიტუაციაში, ნაციონალურ მოძრაობასთან და კიდევ მასთან დაკავშირებულ სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად ითამაშოს ლიდერის როლი. მხარს უჭერს ყველაფერს, რასაც ისინი გააჟღერებენ და რაც იქნება საწინააღმდეგო მმართველი პოლიტიკური ძალის, მისი აზრით.“

ამერიკის ხმასთან საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ისაუბრა: „ეს კანონი აუარესებს იმ სისტემას, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამაზე საუბრობდნენ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოს ისეთი პარტნიორები, როგორიცაა იბიარდი (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) და საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, რომლებიც ასევე მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ ქვეყანაში. იმის გათვალისწინებით, რომ უარესობისკენ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს ამ კანონის მიღებით,რატომ სურს მმართველ გუნდს ეს? ამის ასახსნელად მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ყოფილ პრემიერ მინისტრს პერსონალურად აქვს ძალიან ცუდი დამოკიდებულება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ და სწორედ ამითაა გამოწვეული ეს ყველაფერი, როგორც ჩანს. მე ამ ყველაფერს ვხსნი მხოლოდ პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზით. ის, რაც ჩვენ საბოლოოდ მივიღეთ, კანონის სახით, უბრალოდ, უკან გადადგმული ნაბიჯია.“

საქართველოს პარლამენტში მმართველი გუნდის მხარდამჭერები საშემოდგომო სესიებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის მოემზადებიან. მმართველი გუნდის ყოფილი მხარდამჭერები, ახლა კი ოპოზიციაში მყოფი თავისუფალი დემოკრატები, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, აპირებენ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. ამ საქმეში ისინი საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს სამართლებრივ მხარდაჭერასაც მიიღებენ.

XS
SM
MD
LG