ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ეტაპზე გადადიან 


საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციები ცნობილია. ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ: თბილისმა კანდიდატის სტატუსი დათქმებით მიიღოს, ოფიციალურმა კიევმა და კიშინიოვმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების პროცესი დაიწყონ.

რეკომენდაციები დღეს საზოგადოებას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა წარუდგინა და იქვე განმარტა, რომ რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ რეკომენდაციების 90%-ზე მეტი შეასრულა.

" [შესრულებული სამუშაოს] საფუძველზე, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას საბჭომ გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს. ჩვენ ასევე გავცემთ რეკომენდაციას, რომ საბჭომ დაამტკიცოს მოლაპარაკებების ჩარჩო მას შემდეგ, რაც უკრაინა დაასრულებს მიმდინარე რეფორმებს", - ამბობს ფონ დერ ლაიენი.

კანდიდატის სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ გასულ წელს მიიღეს. ორივე ქვეყანას ჰქონდა ვალდებულება სხვადასხვა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების მომდევნო ეტაპზე გადასულიყვნენ. ევროკომისია დღეს როგორც კიევის, ასევე - კიშინიოვის მიერ გაწეულ სამუშაოს დადებითად აფასებს.

2023 წლის ზაფხულში თუ ევროკომისია ამბობდა, რომ უკრაინას 7 პირობიდან 2 სრულად ჰქონდა შესრულებული, ბოლო რამდენიმე თვეში კიევმა შეძლო და რეფორმების გატარების პროცესი დააჩქარა, დღეს ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 7 პირობიდან 90 პროცენტზე მეტი შესრულებულია. მსგავსი ვითარება აქვს მოლდოვასაც, ორივე ქვეყანა ევროკომისიის რეკომენდაციით, ახალ ეტაპზე გადადის.

დღეს, 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი და ევროკომისიის სხვა წარმომადგენლები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე 10 ქვეყნის პროგრესის განხილვის მიზნით შეხვდნენ. ამჟამად ბლოკში გაწევრიანებას შემდეგი ქვეყნები ესწრაფვიან: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო, კოსოვო, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG