ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტის განცხადება ძახილის ნიშნებით


პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 15 მაისს საღამოს 8 საათზე ბრიფინგი წინასწარი ანონსის გარეშე გამართა და გამოსვლის პირველსავე წინადადებაში ხმამაღალი პოლიტიკური განცხადება გააკეთა. მან საზოგადოებას ოპოზიციური ლიდერების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების თაობაზე ამცნო და ისიც დაამატა, რომ „საზოგადოებისთვის მისი გადაწყვეტილება იოლად გასაგები ვერ იქნება“. პრეზიდენტი „განმარტებით“ სიტყვაში, მიღებულ გადაწყვეტილებას იმით ხსნიდა, რომ ესაა სახელმწიფო ინტერესით ნაკარნახევი, თუმცა პირადად, როგორც ადამიანსა და მოქალაქეს, მიაჩნია, რომ უგულავა და ოქრუაშვილი დამნაშავეები არიან და მათი ადგილი ციხეშია.

ზურაბიშვილისთვის უგულავა და ოქრუაშვილი არ წარმოადგენენ პოლიტპატიმრებს - „პოლიტპატიმრები საქართველოში დღეს არ არსებობენ“ - ამბობს ზურაბიშვილი. უგულავა და ოქრუაშვილი კი მისი თვალთახედვით, არიან პოლიტიკოსები, ვინც იხდიან სასჯელს „მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის... პრეზიდენტის აზრით, ისინი „მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსები არიან“.

„არ ვიწყალებ უდანაშაულო ადამიანებს. შეწყალება არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს სასამართლო განაჩენის გადასინჯვას ან გადაფასებას. დამნაშავე რჩება დამნაშავედ, სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან. ანუ შეწყალება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს დამნაშავეს გამართლებას!“- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. იგი, ასევე აღნიშნავს, რომ შეწყალების აქტი არაა ნაკარნახევი ზეწოლით, მუქარით ან ვისიმე რეკომენდაციით და წარმოადგენს მხოლოდ მის, როგორც პრეზიდენტის პირად მოსაზრებას.

ზურაბიშვილი ეხება იმ შეთანხმებასაც, რომელიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის 8 მარტს გაფორმდა და რომელმაც გარკვეულ ურთიერთთავსებად გარემოში უნდა უზრუნველყოს 2020 შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. 8 მარტის შეთანხმება მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიღწევაა, რომელიც მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევისა და უშუალო ჩართულობის გზით მიიღწა. ამ კონსენსუსს წინ უსწრებდა საკმაოდ მწვავე და მტკივნეული პროცესი, როდესაც მმართველი გუნდის პირველმა პირებმა საპარლამენტო არჩევნების გამართვის წესის თაობაზე საჯაროდ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე დადებული დაპირება დაარღვიეს.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება შეწყალების თაობაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:09:31 0:00

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მას არ სურს მისცეს ოპოზიციას შანსი, გამოიყენოს პოლიტპატიმრების თემა და პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაიტანოს. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილის აზრით, ოპოზიციას, ეს არ გამოუვა, ამასთანავე ის ფიქრობს, რომ არც „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი მოძებნოს სწრაფი პოლიტიკური გამოსავალი. ასევე, ზურაბიშვილის აზრით, „ოცნებას“ არ აქვს „სიტუაციის განმუხტვის ბერკეტი“. სწორედ ამის გამო მიიჩნია საჭიროდ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ავანსცენაზე გამოსვლა და ვითარების საკუთარ ხელში დაჭერა: „აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ გამოსავლის პოვნა, სიტუაციის განმუხტვა, სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნება მე მევალება! ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.“

ზურაბიშვილი უგულავასა და ოქრუაშვილს დამნაშავეებს უწოდებს და აცხადებს, რომ ვერ დაუშვებს, ორი დამნაშავის გამო პოლიტიკური სიტუაციის გამძაფრებას, ახალ პოლარიზაციასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული შეთანხმების დარღვევას, რადგან „სხვა შემთხვევაში ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ვერც კორონას, ვერც ეკონომიკურ და ვერც სოციალურ გამოწვევებს. ჩვენი სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული მომავალი ამ სასწორზე დევს!“

ზურაბიშვილის შეწყალების აქტი
ზურაბიშვილის შეწყალების აქტი

პრეზიდენტის სიტყვის ყოველი ფრაზის ბოლოს ძახილის ნიშანი ზის.

პრეზიდენტის შეწყალების აქტს წინ უსწრებდა აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჯეიმს რიშის 12 მაისის განცხადება, სადაც მან დაადასტურა საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა. წინა დღეს კი ამერიკის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ 8 მარტის შეთანხმების მონაწილეებს შეახსენეს, რომ მემორანდუმი ორი ნაწილისგან შედგება, რომელთაგან ერთი ეხება საარჩევნო სისტემას, მეორე კი იმ საკითხების მოგვარებას, რითაც სასამართლოზე პოლიტიკური ჩარევის შთაბეჭდილება რჩება.

11 მაისს კი აშშ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ „პროცესმა წინ წაიწიოს“. საერთაშორისო თანამეგობრობა ასევე მიანიშნებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მისთვის გამოყოფილი საერთაშორისო ფინანსური დახმარების მიღება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პოლიტიკურად ნაკისრი პასუხისმგებლობის შესრულებაზე.

კუბილიუსის განცხადება ტვიტერზე
კუბილიუსის განცხადება ტვიტერზე

დღესვე ევროპარლამენტარმა, კუბილიუსმა ზურაბიშვილს მიულოცა. მან ტვიტერზე დაწერა, რომ შეწყალება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

XS
SM
MD
LG