ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბაიდენი ერისა და კონგრესის წინაშე წარდგება


ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე სიტყვით გამოვა. ეს პრეზიდენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოსვლაა მას შემდეგ, რაც მან ფიცი დადო და პირველი ასეთი მასშტაბური შეხვედრაა, რომელიც 20 იანვრის შემდეგ დახურულ სივრცეში იმართება.

საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლისას, როგორც წესი, მის უკან საკუთარ ადგილებს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ლიდერები იკავებენ. ისტორიაში პირველად, ამერიკის პრეზიდენტის უკან ამ ადგილებს ორი ქალი დაიკავებს - პალატის დემოკრატი სპიკერი ნენსი პელოსი და სენატის პრეზიდენტი, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი - კამალა ჰარისი. ბაიდენი კი ამ ადგილს თავადაც არაერთხელ იკავებდა ვიცე-პრეზიდენტობის პოსტზე ყოფნისას. წელს, ასევე ისტორიაში პირველად, სხდომათა დარბაზში პრეზიდენტი ნიღბით შემოვა, დამსწრეები კი დარბაზში სოციალური დისტანციის დაცვით და ასევე ნიღბებით ისხდებიან.

კოვიდ-19-ის გავრცელების საპრევენციო ზომებთან ერთად, სხდომაზე შეზღუდული დასწრება უსაფრთხოების მიზნებითაც ხდება. კაპიტოლიუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიას კვლავ იცავს ეროვნული გვარდია.

"ნათელია, რომ 6 იანვრის მოვლენები მწარე შეხსენებაა იმისა, რატომ უნდა ვიყოთ ფხიზლად", - ამბობს მაიკლ პლატი, ამერიკის საიდუმლო სამსახურის სპეციალური აგენტი, რომელიც გაერთიანებული სხდომის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. "თუმცა, უსაფრთხოების სტანდარტი იგივე რჩება", - ამბობს ის. პლატი ასევე განმარტავს, რომ 6 იანვრის მთავარი პრობლემა უსაფრთხოების სამსახურებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა იყო და ახლა ეს კომუნიკაცია და თანამშრომლობა უკვე უზრუნველყოფილია. პლატი 20 იანვარს საინაუგურაციო ღონისძიებების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირიც იყო.

გაერთიანებული სხდომა "ეროვნული მნიშვნელობის უსაფრთხოების ღონისძიებადაა" აღიარებული, რაც ნიშნავს, რომ მის მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართულია კაპიტოლიუმის პოლიცია, პენტაგონი, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი და ვაშინგტონის, კოლუმბიის ოლქის პოლიცია. ეს ღონისძიება პრაქტიკულად იგივე მნიშვნელობის შეხვედრაა, რაც პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა კონგრესისა და ერისადმი "ქვეყნის მდგომარეობის შესახებ". წელს პრეზიდენტ ბაიდენის გამოსვლა ამ ღონისძიების ფარგლებში არ შედგა. თეთრმა სახლმა განმარტა, რომ პრეზიდენტი კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და მართვის საკითხებზე იყო ორიენტირებული.

თუმცა უსაფრთხოებისა და ეროვნული მნიშვნელობის კუთხით, მისი ორგანიზება ამავე რანგში წარიმართა. მსგავსი ზომები მიიღება ხოლმე ასევე რესპუბლიკელთა და დემოკრატთა ეროვნული კონვენციებისა და სუპერ თასის გათამაშების პერიოდში.

ყველამ, ვისაც მოწვევა არ აქვს, მათ შორის კონგრესის იმ თანამშრომლებმაც, რომლებიც კონკრეტულად შეხვედრის ორგანიზება-უსაფრთხოებაში არ არიან ჩართულნი, შენობა საღამოს 5 საათამდე უნდა დატოვონ. ოფიციალური სტუმრები კი კაპიტოლიუმის შენობაში მხოლოდ დღის პირველ საათამდე დაიშვებიან. მიმდებარე ქუჩები სხდომის დაწყებამდე 2 საათით ადრე გადაიკეტება.

ამ კვირაში სენატორები ვაშინგტონში მუშაობენ, თუმცა პალატის წევრების უმეტესობა დისტანციურად მუშაობს და დედაქალაქში სხდომები არ მიმდინარეობს. პალატის რესპუბლიკელთა უმრავლესობას ახლა ფლორიდაში არაოფიციალური განტვირთვის ღონისძიებები აქვს და სავარაუდოდ მათი უმეტესობა შეხვედრაზე დასასწრებად ვაშინგტონში არ დაბრუნდება.

უზენაესი სასამართლოს წევრებიდან სხდომაზე მხოლოდ ერთი - სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე ჯონ რობერტსია მოწვეული. სასამართლოს პრეს-სპიკერი ადასტურებს, რომ ის სხდომას დაესწრება.

100 დღე

ამერიკის პრეზიდენტის პირველი ასი დღის საქმიანობას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ თარიღს კონკრეტული საკანონმდებლო ან სხვა მნიშვნელობა არ აქვს, ეს ერთგვარი მაჩვენებელია იმისა, შეძლო თუ არა ახალმა პრეზიდენტმა ამა თუ იმ დაპირების მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ასი დღის შეფასება ერთგვარ ტრადიციადაც იქცა და დღევანდელი გამოსვლაც სწორედ პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში ჯო ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარმოდგენა იქნება.

პრეზიდენტ ბაიდენის გამოსვლა ვაშინგტონის დროით საღამოს 9 საათზე დაიწყება. პრეზიდენტმა პირველი ასი დღისთვის რამდენიმე პირობაც დადო და ის სწორედ ამ პირობების შესრულების პროგრესზე ისაუბრებს. მათ შორის იყო კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებელი 1.9 ტრილიონი დოლარის ოდენობით ფინანსური პაკეტის დამტკიცება და 200 მილიონამდე დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ქვეყანაში. მან შესაძლოა ასევე ისაუბროს იმ 2.3 ტრილიონიან პროექტზე, რომელიც ამერიკაში ინფრსტრუქტურის მიმართულებით უნდა განხორციელდეს და ასევე "ამერიკული ოჯახების გეგმის" თაობაზე, რომელიც ბავშვებზე ზრუნვისა და განათლების მიმართულებას მოიცავს. ეს უკანასკნელი, თეთრი სახლის პრეს-სპიკერის განმარტებით, გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იქნება. ჯენ პსაკის თქმით, პრეზიდენტი ასევე ისაუბრებს იმიგრაციის საკითხებზე, იარაღის კუთხით უსაფრთხოების თემაზე, პანდემიისა და პოლიციის რეფორმის თაობაზე.

სხდომას ტრადიციულად 1600-მდე ადამიანი ესწრება ხოლმე. წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 200-მდე იქნება. პირველი ლედი კილ ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე დაგ ემჰოფი დარბაზში იქნებიან. პრეზიდენტის გამოსვლას ასევე მოისმენენ თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. თუმცა კაბინეტის წევრთა უმეტესობა კონგრესის შენობაში არ იქნება. დარბაზში არ იქნებიან პრეზიდენტის ოჯახის მიერ მოწვეული სტუმრებიც.

ადმინისტრაცია, როგორც წესი გამოყოფს მინისტრათა კაბინეტის ერთ წევრს, რომელიც გაერთიანებულ სხდომას არ ესწრება იმ მიზეზით, რომ თუკი კაპიტოლიუმის შენობაში შეკრებილი ქვეყნის პირველი პირები კატასტროფის მსხვერპლნი გახდებიან, ქვეყნის მართვის სათავეები ამ უკანასკნელმა გადაიბაროს. იმის გამო, რომ წელს კაბინეტის ყველა წევრი სხდომას უშუალოდ არ დაესწრება, ადმინისტრაცია ამგვარ წევრს არ გამოყოფს.

ტრადიციულად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სატელევიზიო ეთერში საკანონმდებლო ორგანოს უმცირესობის წარმომადგენლის წინასწარ მომზადებული გამოსვლა გადის. ამჯერად შერჩეული "მოპასუხე" ტიმ სკოტი იქნება, ერთადერთი შავკანიანი რესპუბლიკელი სენატორი სამხრეთ კაროლინის შტატიდან. ის ერთ-ერთი წამყვანი პირი იყო საპოლიციო რეფორმის მიმართულებით მიმდინარე მოლაპარაკებებში. გარდა ამისა, ხშირად მოპასუხე პირი კონკრეტული მიზნით და მის მიმართ ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით შეირჩევა ხოლმე. თუმცა სკოტმა უკვე თქვა, რომ ის მხოლოდ 2022 წლის არჩევნებში აპირებს კენჭისყრას.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG