საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლამ გუშინ პარლამენტის წინაშე რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა გაააქტიურა და მასზე მსჯელობის განახლებას ახალი სუნთქვა შთაბერა. საგულისხმოა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა და მისი ტექსტი მხოლოდ ერთი დღით საინტერესო არ აღმოჩნდა და ის საკითხები, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე დააყენა დღეს უკვე ფართო დისკუსიაში გადაიზარდა, რომელშიც მონაწილეობას არა მხოლოდ პოლიტიკოსები იღებენ, არამედ მასში ჩართული არიან მთავრობის წევრები, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, პოლიტიკისა და სამართლის მკვლევარები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, მედია.
პრეზიდენტმა თავისი გამოსვლისას განაცხადა, რომ იმ სადავო საკითხების ფონზე, რაც უკანასკნელ პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებულ საკადრო გადაწყვეტილებებს ეხება, ასევე საგამოცდო ტესტებთან დაკავშირებული სკანდალიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის რეფორმისკენ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა.
გუშინდელი გამოსვლის დროს საინტერესო წინადადება გაჟღერდა პარლამენტარ ვიქტორ დოლიძისგან. „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის მოსაზრებით, ლოგიკური იქნება, თუ მთავრობის დაქვემდებარების ქვეშ არსებული კრიზისების მართვის საბჭო პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებულ უშიშროების ეროვნულ საბჭოსთან გაერთიანდება.
საბჭოების გაერთიანების თაობაზე საკუთარი, უარყოფითი მოსაზრება დააფიქსირეს თავდაცდვისა და იუსტიციის მინისტრებმა. თინა ხიდაშელი, თავდაცვის მინისტრი ამბობს: “ამ ორი საბჭოს არსებობა აბსოლუტურად მნიშვნელოვანია. არსებობს საომარი მდგომარეობა, როდესაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი იწყებს მოქმედებას და შესაბამისად, საფრთხეებზე, რომელიც მსგავს ვითარებებს ეხება, უშიშროების საბჭო მუშაობს, მსჯელობს და ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინაც გვქონდა შესაძლებლობა ამ ფორმატში გვესაუბრა, მაგრამ არსებობს კრიზისები, 13 ივნისის მაგვარი, მაგალითად (იმედია, აღარასდროს აღარ იქნება ქვეყანაში მსგავსი რამ), არსებობს სხვადასხვა ტიპის კრიზისები, რომელზე პასუხისმგებლობაც მთლიანად ეკისრება აღმასრულებელ ხელისუფლებას და შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სწრაფად, ეფექტურად მართოს ეს კრიზისი.“
თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი: „ჩვენ გვაქვს ერთსულოვანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა, რომელიც ძალიან ბევრი ტვირთის, პასუხისმგებლობის, ვალდებულებების მატარებელი კოლეგიალური მართვის ორგანოა, დღევანდელი კონსტიტუციით, მას სჭირდება მართვის ინსტრუმენტები.“
ამერიკის ხმასთან საუბრისას კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარმა გიორგი ნონიაშვილმა განაცხადა: „კრიზისების საბჭოსთან მიმართებით, არ ჩამოყალიბებულა ხედვა, თუ რა უნდა აკეთოს საერთოდ და შემდეგ, ეს „ხუმრობის“ საგანიც გახდა გარკვეულ წრეებში, რომ წყალდიდობების სააგენტოდ იქცაო. რადგან, ძირითადად, კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელსდა მის აპარატის წევრებს ვხვდებოდით, როდესაც წყალდიდობები და მსგავსი ფორსმაჟორული შემთხვევები ხდებოდა. რეალურად, ორივე ორგანო წესით უნდა განსაზღვრულიყო უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ. მთავარი აქტორი ვინ იქნებოდა, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი თუ პრემიერი, ეს, მე ვფიქრობ, რომ დიდად საინტერესო არაა. აქ მნიშვნელოვანია ერთი ხედვის არსებობა ხელისუფლებაში: როგორც პრემიერის, ასევე პრეზიდენტის აპარატში. უსაფრთხოება არის ის ძირითადი საკთხი, რომლის მიმართაც ერთი, ძირითადი პოზიცია უნდა არსებობდეს სახელმწიფოს მხრიდან. თუ პოზიციების დუბლირება ხდება, ან განსხვავებული პოზიციებია, შეუძლებელია უსაფრთხოების პოლიტიკა ჩამოყალიბდეს. უშიშროების საბჭოს და კრიზისების მართვის საბჭოს მთავარი ფუნქციაა არაა კონფლიქტების მოგვარება, ან ტექნიკური საკითხების მოწესრიგება, არამედ უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვაა .“
დღეს თბილისში, პარლამენტის წინ გაიმართა აქცია, რა დროსაც პარლამენტის წევრ გოგი თოფაძის არაკორექტული გამონათქვამები დაგმეს დაუნის სინდრომის მატარებელი ადამიანების მიმართ. ტექსტი, რომელმაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი აღაშფოთა პარლამენტარმა თოფაძემ სწორედ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს წარმოთქვა.