ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მზადება აგვისტოს ომის 10 წლისთავისთვის


რუსეთ-საქართველოს ომი

აგვისტოს ომის ათი წლის თავზე მოსკოვში ღონისძიებაა დაგეგმილი. ომს, რომელმაც საქართველოს 224 მშვიდობიანი მოქალაქე, შსს–ს 14 და თავდაცვის სამინისტროს 170 თანამშრომელი შეიწირა (IDFI–ს მონაცემებით), ომს, რომელმაც ქვეყანაში დევნილების 250 ათასიან რაოდენობას კიდევ 26 000 დევნილი დაუმატა, მოსკოვში ქართულ აგრესიას უწოდებენ და ქართული აგრესიის მსხვერპლთა მოსახსენიებლად მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში პანაშვიდს გადაიხდიან. ღონისძიებას რუსეთის ფედერაციაში დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის საელჩო მასპინძლობს. პანაშვიდის დროს ოსი და რუსი მშვიდობისმყოფელების, რუსეთის არმიის ჯარისკაცებისა და ოფიცრების სულებს მოიხსენიებენ, ვინც სიცოცხლის ფასად დაიცვა სამხრეთ ოსეთი ფიზიკური განადგურებისგან.

აშშ–ს საელჩო საქართველოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ ახსენებს რუსეთის ფედერაციას, რომ უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და ძალები ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს. „მომავალ კვირას 10 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოში საერთაშორისო საზღვრის გადმოლახვით შეიჭრა და შეეცადა, ეს საზღვრები ძალის გამოყენებით შეეცვალა. რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცი შევიდა ქალაქ გორსა და კონფლიქტის ზონიდან მოშორებულ სხვა ადგილებში, მაგალითად, ფოთის პორტში - შორს მთავარი საბრძოლო არეალიდან.

რუსეთმა, ასევე, დაიკავა აფხაზეთის ის ბოლო მონაკვეთი, რომელსაც საქართველო აკონტროლებდა და სადაც ბრძოლა არ მიმდინარეობდა. რუსეთის თავდასხმა საქართველოზე დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთის არმია შეიჭრა სხვა სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მისი ძალისმიერად შეცვლის მიზნით. რუსეთი დღემდე იკავებს საქართველოს ტერიტორიას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე. ეს ვალდებულება რუსეთმა 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ომიდან ათი წლის შემდგომ რუსული პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს, მხარეებს შორის მაქსიმალური დისტანცირებისა და გახლეჩვისკენაა მიმართული, სწორხაზოვნად გრძელდება. დღეს სოფელ საკორინთლოდან, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის მორიგი გატაცების შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. დაახლოებით, 40 წლის ვასილ სალამაშვილს უკვე მეოთხე დღეა ეძებენ. ის მარტო ცხოვრობდა, ამიტომ მისი გაუჩინარების თაობაზე მყისიერი ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამერიკის ხმა ადგილობრივი თემის გამგებელს სტეფანე მესროფაშვილს ესაუბრა: „სახელმწიფო უწყებებმა გატაცების ფაქტი დაადასტურეს, გამოვიდა ინფორმაცია, რომ გადაყვანილია ცხინვალში. მე ოჯახის წევრებს ვერ დავუკავშირდი. თავად ვასილ სალამაშვილი მარტო ცხოვრობდა, ცოლი არ ჰყავს, ძმა ჰყავს ერთი, მათი მშობლები დაღუპულები არიან. ეს ადამიანი ზოგჯერ მიდიოდა, ხან ნათესავებთან, ხან სტუმრად, მაგრამ ამჯერად იმის გამოა გაუჩინარებული, რომ ცხინვალშია გადაყვანილი. 4–5 დღეა არ ჩანს.“

საკორინთლოს თემში შემავალი სოფლებიდან, რაც ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან მდებარეობს, ივლისის თვეში ეს ადამიანთა გატაცების მეორე შემთხვევაა. სტეფანე მესროფაშვილი წინა ინციდენტის დროს დაკავებული გოგა ღარიბაშვილის შესახებაც გვესაუბრება: „ღარიბაშვილი სოფელ ახალშენიდან დააკავეს, ეგეც ჩვენს ადმინისტრაციაში შემოდის. ორივე ეგრეთ წოდებული საზღვრის პირა სოფლებია. ის ავადმყოფი კაცია, დაახლოებით, 95 წლის, წარმოშობით ახალგორიდანაა, ქსნის ხეობიდან და თავისი მამა–პაპის საფლავს მიელტვის. ამბობს, ვერავინ დამიჭერსო. ოჯახიდან იპარება. პირველად გასულ წელს დაიჭირეს. მაშინაც სახლიდან გაიპარა, მთა–მთა გადავიდა და ტყიდან წაიყვანეს.

საერთოდ, საკორინთლო შერეული, ქართულ–ოსური სოფელია. ბევრს რძალი იქით სოფლებიდან ჰყავს, ნათესაური კავშირებია მყარი. რუსები რომ არ იყვნენ, ყველაფერი კარგად იქნებოდა. მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა პირველი ომის მერეც. მე თვითონ ვმუშაობდი ახლა ოკუპირებულ სოფელ მონასტერში მთავარ ბუღალტრად ერთი წელი, პირველი ომის მერე. რუსის ჯარი რომ ჩადგა, მეორე ომის მერე, დაიძაბა ვითარება. თვითონ ეს სალამაშვილიც ოსია ეროვნებით, მაგრამ დააკავეს მაინც, რადგან გადავიდა. პირველი ომის შემდგომ ჩვეულებრივად შევდიოდით, თვითონვე გვაფრთხილებდნენ ოსები, ღამე სიარულს მოერიდეთო. ქორწილებში, ქელეხებში დავდიოდით“.

დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კი კვლავ გრძელდება სამხედრო სწავლებები, რომელსაც ბოლო დროს სულ უფრო ინტენსიური ხასიათი აქვს. გაერთიანებული ოსურ–რუსული სწავლებები ამჟერად ავიაციის სფეროს მოიცავს და მასში მონაწილეობას მიიღებს ორი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 400 ტანკი და რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის მეოთხე არმიის ავიაცია.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG