ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასაარჩევნო მოლოდინები კონფლიქტის ზონიდან


რამდენიმე საათში წინასაარჩევნო კამპანია დასრულდება. უკვე ყველაფერი ნათქვამი, დაბრალებული, გამოქვეყნებული და დაწერილია, ყველა პარტიას, ბლოკსა და კანდიდატს გაჟღერებული აქვს საკუთარი მესიჯი და შეძლებისდაგვარად მიტანილი ამომრჩევლამდე, რომელთა შორის ძალიან ბევრია ისეთი, ვინც არჩევნებზე მისვლას და სამოქალაქო ვალის მოხდას ფიქრობს, მაგრამ ფავორიტი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ორგანიზაცია ჯერაც ვერ შეურჩევია. ეგრეთ წოდებული შუაშისტი და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იმდენია, პარტიები და ბლოკები ერთმანეთთან კონკურეციაზე უფრო მეტად აქცენტს ასეთი კატეგორიის გულის მოსაგებად აკეთებენ. თუმცა არც ისე მშვიდობიანადაა საქმე, რომ პარტიებს ერთმანეთის კანდიდატების ფოტოების გადასაფარად, ზემოდან სხვა პოსტერები არ გადაეკრათ. ადგილი ჰქონდა ჩხუბს, სროლას, დაჭრას, აფეთქებას, მაგრამ როგორც წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორები ამბობენ, წინასაარჩევნო ვითარება, მთლიანობაში ნორმალურია.

წელს პრიორიტეტები შეცვლილია: ქვეყანაში ყველაზე მთავარი პრობლემა უმუშევრობა და სოციალურად მძიმე ფონია, კონფლიქტების მოგვარება და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კი მეოთე–მეხუთე პოზიციას ჯერდება. წინასაარჩევნო კამპანიაც შესაბამისადაა გადაწყობილი. ამერიკის ხმა შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონის მაცხოვრებლებს ესაუბრა, რათა გაერკვია, ვინ მოიგო მათი გული, რამდენად დაინახეს მათ საკუთარი მომავალი განვითარების გზები სხვადასხვა პარტიისა თუ კანდიდატის პროგრამაში.

ნუგზარ მარიამიძე სოფელ ფლავის მაცხოვრებელია და 2008 წლის შემდეგ გორის ერთ–ერთ საბავშვო ბაღშია შეკედლებული, რადგან მისი სახლი ომის დროს დაინგრა და ამ დრომდე რეაბილიტაციის გარეშეა დარჩენილი. ის ხმის მიცემას მაინც აპირებს და ამისთვის ხვალ ფლავში წავა. ჩვენთან საუბრისას ნუგზარ მარიამიძე ამბობს: “მოდიან და გვპირდებიან, ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთო, სხვადასხვა პოლიტიკოსები, მთის ზონაში შეგიყვანთო. ახლა არ ვართ მთის ზონაში ჯერ. არადა საზღვრის პირასაა ჩვენი სოფელი რუსული პოსტები და შტაბებია ჩვენს ზემოთ. საინტერესო ის იყო, რომ ამბობდნენ პენსიებს მოგიმატებთო, სარწყავი წყლის ფულებს დაგიკლებთო, მაგრამ ჯერ არაფერი შედეგი არაა. მე სადაც ბაღი მაქვს და ჩემნაირი კიდევ ბევრია, ვერ ვრწყავთ. უფრო სწორად, ხან ვახერხებთ მორწყვას და ხან ვერა, რადგან გვეშინია, ოსების საზღვართანაა. ბურჯანაძის პარტიიდან იყვნენ, ისინი გვპირდებოდნენ შეგარიგებთ ოსებთანო. რავიცი, რა მოლოდინი მაქვს ვერ გეტყვით, არ ვიცი რა იქნება“.

მაგული ოქროპირიძეს ხუთი შვილი ჰყავს და ერგნეთში ცხოვრობს. ჩვენთან საუბრისას ის ამბობს: „დიახ, არჩევნებზე ხალხი აპირებს წასვლას, მაგრამ იმიტომ რომ მათი ხმები არ დაიკარგოს, თორემ სხვა მხრივ საარჩევნო განწყობა არაა. აი, რომ ემზადებოდნენ და დიდი მოლოდინი ჰქონდეთ, ასე არაა. რადგან არაფრის იმედი არა აქვთ. არ ვიცი ასე რატომაა. წინასაარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ აგიტაციისთვის და თარხან–მოურავი, ინაშვილი დადიოდა. ყველა იმას ამბობს, ჩვენ არაფერი გვეშველება მაინცო – ეს აზრი მუსირებს“.

გოჩა თაზიაშვილი ზარდიაანთკარის მაცხოვრებელია. მისი სახლი ომის დროს დაზიანდა, ამიტომ ოჯახთან ერთად ისიც, ნუგზარ მარიამიძის მსგავსად, დღემდე გორის ერთ–ერთ საბავშვო ბაღსაა შეკედლებული ოჯახით: „არაფერი სახარბიელო არ ხდება, რა გითხრათ. არჩევნებზე ხალხი ალბათ მივა. მეც ვაპირებ ზარდიაანთკარში წასვლას და ალბათ, მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას“.

ფატი ფარნიაშვილი სოფელ ფლავის მაცხოვრებელია, პროფესიით ფსიქოლოგია და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ამერიკის ხმასთან ის ამბობს: „ ერთადერთი ინციდენტი პლაკატების გაკვრისას მოხდა ჩვენს სოფელში, მაგრამ პატარა, უმნიშვნელო კონფლიქტი იყო. ოცნების პლაკატებს ფარავდნენ ოქრუაშვილის პლაკატებით. მაგრამ ამოიწურა ინციდენტი მაშინვე. სხვა რა გითხრათ, ყველა პარტიის სააგიტაციო მასალაა წარმოდგენილი სოფელში, რომ გაუყვეთ გზას, დაინახავთ ღობეებზე... ყველა პარტიის პროგრამას მე ვერ დავიკვეხნი, რომ ზეპირად მახსოვდეს, მაგრამ ჩვენი კატეგორიის ამომრჩევლისთვის, ანუ კონფლიქტის ზონის მაცხოვრებლებისთვის, ისევე როგორც დევნილებისთვის ყოველთვის რაღაც უწერიათ ხოლმე პროგრამაში, სადღაც ყოველთვის ვართ ხოლმე მოხსენიებულები, ეს გარდაუვალია, მაგრამ ამის განხორციელება და რაღაც ელემენტარულის გაკეთება, შესრულება, ხორცშესხმა არასდროს არ მომხდარა იქ, სადაც მე ვცხოვრობ.“

საქართველოში ხვალ საკანონმდებლო ორგანოს ახალ წევრებს აირჩევენ. საარჩევნო უბნები ხმის მიცემისთვის მზად დილის 8 საათიდან იქნება.

XS
SM
MD
LG