ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიწისძვრის მსხვერპლი 5 000-ზე მეტია


თურქეთში და სირიაში სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება. რეგიონში მომხდარი 7.8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრით გამოწვეულმა მსხვერპლმა სამშაბათს, 7 თებერვლისთვის 5 000-ს გადააჭარბა.

მიწისძვრის შემდგომი შოკების რიცხვი 20-ზე მეტი იყო, ზოგიერთის სიმძლავრე 4 ბალს აღემატებოდა. სიცივის მიუხედავად, ორივე ქვეყნის დაზარალებულ დასახლებებში სამაშველო სამუშაოები მთელი ღამე გრძელდებოდა.

მსოფლიოს 40-ზე მეტმა ქვეყანამ გააგზავნა სასწრაფო დახმარება თურქეთ-სირიის სასაზღვრო რეგიონებში. საგანგებო დახმარება მიწისძვრის ეპიცენტრში მყოფ დასახლებებს გაუგზავნეს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, რომელთა შორისაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ხსნის საერთაშორისო კომიტეტი.

ჯანმოს გენერალური მდივნის ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, თურქეთში და სირიაში "ენით უთქმელი მწუხარება" სუფევს. მსხვერპლის რიცხვი ვერაფრით ვერ გამოხატავს იმ "გლოვას და ტკივილს, რომელსაც ოჯახები ახლა განიცდიან, ისინი, ვისი დედები, მამები, შვილები ნანგრევების ქვეშ მოყვნენ". ჟენევაში გამართულ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სხდომაზე მან თქვა, რომ თვითმფრინავებით დაზარალებულებს დამატებით დახმარებას უგზავნიან.

ანკარა აცხადებს, რომ ქვეყნის უბედური შემთხვევების მართვის სააგენტო ოპერაციებს ოპერატიულად აწარმოებს და მიწისძვრით დაზარალებულებს სამანქანო და საჰაერო გზებით აწვდის აუცილებელ მარაგს. თურქეთის მთავრობის განცხადებით, დაღუპულია სულ ცოტა 3 419 ადამიანი, დაშავებულია 15 000-ზე მეტი. ნანგრევებიდან ამოიყვანეს 7 800-ზე მეტი ადამიანი. დანგრეული შენობების რიცხვი 6 200-ს აღწევს. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

სირიაში დაღუპულთა რიცხვი 1 600-ს აღემატება. დამასკოს ცნობით, დაშავებულია სულ ცოტა 3 500 ადამიანი. მიწისძვრა თურქეთს და სირიას შორის საზღვარზე მოხდა. სირიამ სამოქალაქო ომის ათ წელზე უფრო მეტი ხნის ურთულესი პერიოდი გამოიარა, რის გამოც თურქეთის ამ ნაწილს მილიონობით სირიიდან დევნილი აფარებდა თავს.

ორშაბათს მომხდარმა მიწისძვრამ დაანგრია კაზანტიპის ცნობილი კოშკი და ბევრი სხვა ისტორიული ძეგლი. თურქეთი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სეისმურ ზონაში მდებარეობს. 1999 წელს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარმა მიწისძვრამ 17 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. გასული წლის ოქტომბერში ქ. იზმირთან მომხდარ მიწისძვრაში 116 ადამიანი დაიღუპა და 1 000-ზე მეტი გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG