ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოსტ-არჩევნებისეულ პერიოდზე ადაპტირების დრო


თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები ცნობილია. მოკლე შეჯამებით, სახელისუფლებო პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ის ტოტალურად მოიგო. 20 თვითმმართველი ერთეულიდან, რომელთა შორის 5 თვითმმართველი ქალაქი და 15 თვითმმართველი თემია, ყველგან „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ერთის გარდა. წალენჯიხაში, 50,10 პროცენტით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მოიგო.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ურიგდება და მიიჩნევს, რომ არჩევნები არის წართმეული, ზოგადად, ამ პროცესს კი აზრი აქვს დაკარგული. ამის თაობაზე ოპოზიციის ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

არჩევნების მეორე ტურის წინ ყველაზე ძლიერმა ოპოზიციურმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კოალიციაში გაერთიანება მოახერხა. 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურისთვის ერთიანი ფრონტით ბრძოლა შეძლეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „დროამ“, „ლელომ“, „ევროპულმა საქართველომ“, „გირჩი-მეტი თავისუფლებამ, „ერთიანმა საქართველომ“.

გაერთიანებული ოპოზიცია დღეს „ლელოს“ ოფისში მსჯელობდა მომავალი დღის წესრიგის თობაზე. მათ მოქალაქეები საღამოს 7 საათზე პარლამენტის წინ მოიწვიეს, სადაც ოპოზიციის სამომავლო გეგმა გააცნეს.

ნიკა მელია ოპოზიციის სამომავლო გეგმების შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:44 0:00

„თუკი რამე არის სიყალბის გამოხატულება, ეს გახლავთ გუშინდელი, „ქართული ოცნების“ მიერ დაფიქსირებული საარჩევნო შედეგები. მე არ მახსოვს არც ერთი არჩევნები, უკანასკნელ წლებში ჩატარებული და არა მხოლოდ, რომლის შედეგებთან მიმართებით, საზოგადოებაში ასეთი კონსენსუსია, რომ ეს არჩევნები გაყალბდა; არა უბრალოდ გაყალბდა და არა მხოლოდ ტოტალურად გაყალბდა, არამედ ყველაფერი იკადრეს თავისი ძალადობით, შანტაჟითა და მუქარით... მათ ყველაფერი იკადრეს პირველ ტურშიც, მაგრამ მათ ეს ყველაფერი არ ეყოთ. შედეგს, რომელიც მათ გაიფორმეს ჩვენ არ ვიღებთ და ვიბრძვით სამართლიანობისთვის ისე, როგორც არასდროს,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიცია მოქალაქეებს თავის გეგმას შესთავაზებს. ამ ეტაპზე კი ამ გეგმიდან მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მომავალ სამშაბათს კოალიცია მიტინგს ბათუმში გამართავს, შემდეგ საქართველოს სხვა ქალაქებში, კვირას კი თბილისში ისეთივე მასობრივ აქციას მოაწყობს, როგორიც 14 ოქტომბერს გააკეთა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტების დევნის შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:14 0:00

„ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები მოიგო მის ყველა ასპექტში, 64-დან 63 მუნიციპალიტეტში, რითაც ჩვენ გავაუმჯობესეთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები. რამდენიმე საკრებულოში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული უმრავლესობა არ აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკების საფუძველზე ჩამოყალიბდება. ამ საკითხზე მუშაობა უკვე წარმატებითაა დაწყებული,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

არჩევნების მეორე დღეს ანგარიში ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა წარმოადგინა. ეუთოს დასკვნაში ნათქვამია, რომ „ზოგადად კანდიდატებს კამპანიის თავისუფლად წარმართვა შეეძლოთ, მაგრამ ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის ბრალდებები შენარჩუნდა. რესურსებს შორის მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა. კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება შემცირდა არასაკმარისი კონტროლის გამო.“

ოპოზიცია საკუთარი გეგმების შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:03 0:00

საერთაშორისო ორგანიზაცია ასევე საუბრობს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესახებაც. „ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ ცალკეული ადამიანების ჯგუფები, რომლებიც პოტენციურად ზეგავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე, შეშფოთების საფუძველს ქმნიდა,“- ნათქვამია ეუთოს ანგარიშში. ორგანიზაციას არც მედიის წარმომადგენლების მიმართ, არჩევნების დღეს გამოვლენილი ძალადობის ფაქტები დარჩენია ყურადღების მიღმა.

მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილი აგრესიის შემთხვევები არჩევნების დღეს იშვიათობას არ წარმოადგენდა. მათ შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე საქმე აღძრა. 31 ოქტომბერს ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც გააკეთა. მათ 19 ფაქტი დააფიქსირეს, რა დროსაც ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა გამოვლინდა.

„სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა და მუქარაც დაფიქსირდა. ეს პირველი შემთხვევა არაა და არც მხოლოდ კენჭსყრის დღეს გამოვლენილი ფაქტებია. თუმცა, პირველი ტურისგან განსხვავებით, გუშინ უფრო მეტად აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართ,“- ამბობს ამერიკის ხმასთან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.

დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ საარჩევნო უბანთან
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:54 0:00

იგი აღნიშნავს იმასაც, რომ გუშინ ჟურნალისტების ანტაგონისტური დამოკიდებულებაც გამომჟღავნდა ერთმანეთის მიმართ. პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება მედიების პოლარიზებასაც განაპირობებს და სწორედ ამის ამსახველი მოვლენის შემსწრე გახდა გუშინ ქართული საზოგადოება, როდესაც პირდაპირ ეთერში ერთი მედიის მიერ მეორის მიმართ აგრესია იხილა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ჟურნალისტებიც კი უშლიდნენ ერთმანეთს ხელს სამუშაოს შესრულებაში. ვფიქრობ, ეს იმის „დამსახურებაა“, რომ ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი დანაშაულის გამოძიება არ ხდება. ჩვენ ყოველთვის ვხედავთ, რომ ხელისუფლება აცხადებს დანაშაულის მოკვლევის დაწყების შესახებ, თუმცა შემდგომ ეს ფაქტები არ მიდის სასამართლომდე. მეორეს მხრივ, პრობლემას წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა მედიის მისამართით. გუშინდელი დღეც არ ყოფილა გამონაკლისი. ჩვენ მოვისმინეთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან უარყოფითი შეფასებები და აგრესიული რიტორიკა მედიის მიმართ. ჩვენ კიდეც მოვუწოდეთ მათ ამის შეწყვეტისკენ, რადგან ეს უფრო მეტად ახალისებდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობას,“-გვეუბნება მარიამ გოგოსაშვილი.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში აცხადებენ, რომ მათ აქვთ მოლოდინი, რომ მას შემდეგ, რაც არჩევნებზე მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა, მედიის მიმართ ზეწოლა გაიზრდება. ასევე განახლდება ის საქმეები მედიის ცალკეული წარმომადგენლისა თუ მედიასაშუალებების მიმართ, რომლებიც ამ დრომდე დაპაუზებულია და კრიტიკული მედია ხელისუფლებისგან დევნის ობიექტად იქცევა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში დასრულდა. პოლიტიკური სპექტრი და მედია ახლა იმ გამოწვევებზე ადაპტირებას ცდილობს, რასაც არჩევნების შედეგები განაპირობებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG