ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მოედნების დემოკრატია“


წალენჯიხა
წალენჯიხა

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აქციები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დაიწყო. 3 ოქტომბერს ერთდროულად ორ ქალაქში, რუსთავსა და ზუგდიდში შეიკრიბნენ ადამიანები მიტინგზე, დღეს გაცხადდა იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური ბრძოლა ორ ფრონტზე გაიშლება.

ერთი ლოკაცია მუდმივად იქნება რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მიხეილ სააკაშვილია დაპატიმრებული, მეორე კი საქართველოს სხვა ქალაქებიდან ის, სადაც ოპოზიცია საპროტესტო აქციას დაგეგმავს. ამ ყველაფერს ემტება თბილისი. აქ შიმშილობა კიდევ რამდენიმე მოქალაქემ დაიწყო, მათ შორისაა პოლიტიკური ლიდერი, ელენე ხოშტარიაც.

დღეს ხმაურიანი სიტყვა, „რევოლუცია“ ახსენეს და ის, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ატაცებულია. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არ გულისხმობს უკანონო, კანონს მიღმიერ ქმედებებს და რევოლუციაც პოლიტიკური რიტორიკის ნაწილია. ამის პარალელურად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ საქმეა აღძრული სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე.

ელენე ხოშტარია, "დროა"
ელენე ხოშტარია, "დროა"

„ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით, მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ან/და ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება, წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას“,- ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ორი მუხლითაა დაწყებული, ერთი, „შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად“ - ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, ხოლო მეორე, „საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისკენ მოწოდება“, ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.

ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობა
ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობა

იურისტებს კი მიაჩნიათ, რომ რევოლუციის ხსენება სახელმწიფოს დამხობისკენ მოწოდება არაა და ის, გამოხატვის თავისუფლების უფლების ჩარჩოებს არ სცილდება. ნიკა სიმონიშვნილი, საიას ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, სადაც რევოლუციისკენ მოწოდებაზეა ყურადღება გამახვილებული, შესაძლოა, სამოქალაქო პროტესტის შეზღუდვისკენ იყოს მიმართული. მისივე თქმით, დანაშაულის ნიშნები მაშინ იქნება გამოკვეთილი, თუ ძალადობრივი ქმედებებისკენ მოუწოდებენ მოქალაქეები ერთმანეთს. ხოლო მანამ, ვიდრე ამგვარი ფაქტები არ ფიქსირდება, სიტყვა „რევოლუციის“ ხსენება კანონდარღვევას არ წარმოადგენს.

„ხელისუფლება, როდესაც გეუბნება, რომ არჩევნებს და წარმომადგენლობით დემოკრატიას აუქმებს, მოქმედებაში მოდის მოედნების დემოკრატია, თუ შეიძლება ასე ითქვას. მძლავრი პროტესტის, სამართლიანი პროტესტის ყველა გზა იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ სამართლიანი არჩევნები დაბრუნდეს უკან. დღეს ზუგდიდს და არა მხოლოდ ზუგდიდს ჰყავს თვითგამოცხადებული მერი. ასეა ბათუმშიც, ქუთაისშიც და ყველა ქალაქშიც. ამ რეალობას არავინ არ შეეგუება,“- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია. ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად, ზუგდიდში იმყოფება.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში იმისთვის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. „აქციები გაგრძელდება ყველა ქალაქში. მოხდება მობილიზაცია პატრიოტი ადამიანების. შესაბამის დროს, მთელი საქართველო ჩავა თბილისში და გადაწყვეტს საკითხს, იმის შესახებ, თუ საით მიდის ქვეყანა, რუსეთის გუბერნიისკენ, თუ დასავლეთისკენ,“- ამბობს ნიკა მელია.

ელენე ხოშტარია, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და „დროას“ დამფუძნებელი პარლამენტშია, თუმცა არა იმისთვის, რომ დეპუტატის რანგში საპარლამენტო სხდომებში მიიღოს მონაწილეობა. მან გადაწყვიტა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს და შიმშილობა დაიწყოს.

მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში
მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში

„ხელისუფლება უნდა გამოფხიზლდეს. ეს სცდება პოლიტიკურ ბრძოლას. ესაა უკვე სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, როდესაც ასე ეთამაშებიან ცეცხლს. ჩემი მოთხოვნაა კანონის აღსრულება. კომიკურად გამოიყურება, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში ვარ და კანონის აღსრულებას ვითხოვ, მაგრამ ეს ასეა. ჩემი მოთხოვნაა კანონის აღსრულება და სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. ამ ადამიანისთვის ეს აუცილებელია. თუ გადაიყვანეს 500 სხვა ადამიანი და მათ მიმართ შეიძლებოდა მკურნალობის დაწყება სამოქალაქო დაწესებულებაში, ისიც გადაიყვანონ“,- ამბობს ელენე ხოშტარია.

როგორც ჩანს, შიმშილობის აქცია, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა, გადამდები იქნება და მას სხვა პოლიტიკოსებიც მიბაძავენ. „ჩემი პროტესტი არის უკიდურესად მშვიდობიანი. სხვენში რომ ჩამკეტონ, მაინც ასე მოვიქცევი,“- აცხადებს იგი.

დღის ბოლოს, 3 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგი დაანონსა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას შემდეგ, რაც მან შეხვედრები გამართა საპატრიარქოში და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. პრეზიდენტმა ისაუბრა უპრეცენდენტოდ მშვიდობიან არჩევნებზე და ოპოზიციის გაუმჯობესებულ შედეგზე, კოვიდ-პანდემიაზე და მის მიმართ როგორც ხელისუფლების, ისე პოლიტიკური სპექტრისა და საპატრიარქოს არაადექვატურ დამოკიდებულებაზე და ბოლოს, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც.

„არჩევნები ჩატარდა მშვიდად და თავისუფლად. ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგები პირდაპირ კავშირშია არჩევანის გამოხატვის თავისუფლებასთან. არჩევნებზე გამარჯვებულად, რეალურად, თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამეთუ გამარჯვებულია არც ქვეყანა და არც საზოგადოება. ქვეყანას სჭირდება განვითარების გზა, საზოგადოებას კი მშვიდობა, პოლიტიკური დაპირისპირებიდან საქმეზე გადასვლა. კონცენტრირება იმ მთავარ საკითხებზე, რომელთა მარტო დაძლევა არავის შეუძლია. დესტაბილიზაცია მხოლოდ გარე ძალებს თუ უწყობს ხელს,“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მან ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ დამოკიდებულებას, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ გააჩნია, თქვა, რომ არ აპირებს მის შეწყალებას, თუმცა მიაჩნია, რომ მას უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული სტატუსი.

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

„არა და არასოდეს! ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულო მსხვერპლის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას. ამის მიუხედავად და გამომდიანრე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესიდან, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად. პენიტენციური სისტემისგან და ხელისუფლებისგან ეს მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. ყველა ზომის მიღებას, რათა ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭივრვალეობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე. ესაა და ეს, მე ამ საკითხს არ დავუბრუნდები.“- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ გამარჯვებული არავინაა, ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზების ერთ-ერთი მიზეზია. მის შედეგებთან შეგუებას ოპოზიცია არ აპირებს და გეგმავს, რომ ბრძოლის დიაპაზონი გაზარდოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG