ავღანეთში, ნატოს სარდლობით მოქმედი კოალიციური ძალების ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ოთხშაბათს დილით თავდასხმა მოხდა. 60-მდე ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა. დაშავებულებს შორის არიან ქართველი სამხედრო მოსასახურეებიც, მე-12 ბატალიონის 5 ჯარისკაცი. საქართველოს სამხედრო უწყების ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქართული ქვედანაყოფი ბაგრამის ბაზაზე "მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში იბრძვის.
ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, ორი თვითმკვლელი თავდამსხმელი ოთხშაბათს, გამთენიისას დანაღმული ავტომობილებით დაესხა თავს ბაგრამის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს. არსებული ცნობებით, ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთულმა ერთ-ერთმა ავტომობილმა იერიში ბაზის სამხრეთ ნაწილზე მიიტანა, სადაც სამედიცინო დაწესებულება მდებარეობს.
რამდენიმე თავდამსხმელი ამის შემდეგ ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და ავღანელ და კოალიციის ძალებთან ბრძოლაში ჩაერთო. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ჯარისკაცები იმ დროს დაშავდნენ, როდესაც ბაგრამის ბაზის სარდლობის ბრძანებით თავდამსხმელების მოგერიება დაევალათ.
ავღანური წყაროების თანახმად, თავდამსხმელებმა ბაზის ტერიტორიაზე შესაღწევად შემდეგი ტაქტიკა გამოიყენეს: „ექსტრემისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობით გაანადგურეს ერთ-ერთი უსაფრთხოების პოსტი და აფეთქების შედეგად კედელში წარმოქმნილი ხვრელით შეაღწიეს ბაზის ტერიტორიაზე, სადაც ბრძოლაში ჩაებნენ უსაფრთხოების ძალებთან“, - ამ ცნობებს ბაგრამის რაიონის გამგებელი ავრცელებს.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ავღანეთში მომხდარი თავდასხმა დაგმო. "მინდა უმკაცრესი სიტყვებით დავგმო ამ დილით ბაგრამის საჰაერო სამხედრო ბაზასთან მომხდარი კოორდინირებული თავდასხმა", - უთხრა პომპეომ ჟურნალისტებს.
თალიბანსა და ამერიკულ მხარეს შორის მოლაპარაკებები თითქმის მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. ორი მხარე შეთანხმების გამოცხადებას აანონსებდა, თუმცა სექტემბერში პრეზიდენტმა ტრამპმა მოლაპარაკებები შეაჩერა და ამის მიზეზად თალიბანის მიერ იმ თავდასხმის მოწყობა დაასახელა, რომელსაც ნატოს ამერიკელი ჯარისკაცის და 10-ზე მეტი ავღანელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Facebook Forum