ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ იყო ცდომილებები გამოკითხვებში?


ამერიკა თანდათან ფხიზლდება იმ შოკისგან, რომელიც 8 ნოემბრის არჩევნების მოულოდნელი შედეგით მიიღო. მოულოდნელი იმიტომ, რომ მთელი წლის მანძილზე, განსაკუთრებით კი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა გამოკითხვა მოგებას ჰილარი კლინტონს უწინასწარმეტყველებდა.

უპრეცედენტო - ასე აფასებენ სპეციალისტები გამოკითხვების ცდომილების დონეს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირდა. რატომ აღმოჩნდა არასწორი გამოკითხვები, რომელიც ბოლო არჩევნებამდე საზოგადოებრივ აზრს ყოველთვის გაცილებით უფრო აკურატულად ასახავდა? როგორ ხსნიან მკვლევარები ამ ფაქტს და რა ზომებს იღებენ იმისთვის, რომ შემდეგ არჩევნებზე მსგავსი რამ აღარ განმეორდეს?

რამ გამოიწვია ცდომილებები გამოკითხვებში?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:41 0:00

„ჯერ ცოტა არ იყოს, ნაადრევია ვერდიქტის გამოტანა და იმის თქმა, თუ რა მოხდა. უამრავი კითხვა გვაქვს გამოკითხვებთან დაკავშირებით, ვუსვამდით თუ არა სწორ კითხვებს სწორ ამომრჩევლებს, სწორად ვზომავდით თუ არა, წავიდოდნენ თუ არა ისინი არჩევნებზე და ვის მისცემდნენ ხმას? როგორ მივიღეთ შედეგად ის მონაცემები, რომელმაც ჩვენ ყველა შეცდომაში შეგვიყვანა და არასწორი პროგნოზები გაგვაკეთებინა“ - ამბობს მოლი რეინოლდსი, ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი.

ვიდრე სათანადო კვლევები არ ჩატარდება, შედეგების უზუსტობის მიზეზებზე მხოლოდ სპეკულირება თუ შეიძლება. პიუს კვლევით ცენტრში გამოკითხვების დირექტორი კორტნი კენედი ფიქრობს, რომ მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს.

მათ შორის უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას ე.წ. ჩუმი ამომრჩევლის დიდ ჯგუფზე, რომელიც გამოკითხვაში მონაწილეობაზე თითქმის ყოველთვის უარს ამბობს - ამბობს ის. მეორე: მკვლევარები ასევე ფიქრობენ, რომ არსებობს ე.წ. მორცხვი ტრამპისტების ჯგუფი, რომელსაც ხმამაღლა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინანტის მხარდაჭერის რცხვენია. მესამე და ყველაზე სერიოზული მიზეზი პიუს კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი დირექტორის აზრით, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობაა. 8 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამერიკული ელექტორატის თითქმის ნახევარი, 46.7 პროცენტი საარჩევნო უბნებზე არ გავიდა.

თუმცა, კორტნი კენედის აზრით, გამოკითხვების შედეგები ყოველთვის მცდარი არ იყო: „ეროვნულ დონეზე ჩატარებულ გამოკითხვებთან დაკავშირებით ცოტა ზედმეტ რეაქციას ვახდენთ. დღეს დასტურდება, რომ ჰილარი კლინტონი ქვეყნის მასშტაბით ხმების უმრავლესობას იღებს. გამოკითხვების უდიდესი ნაწილიც ამას ამბობდა. გაცილებით მნიშვნელოვანი ხარვეზები იყო შტატების დონეზე ჩატარებულ გამოკითხვებში. რამდენიმე შტატში მიღებული შედეგი რეალურისგან აბსოლუტურად განსხვავდებოდა და ეს ჩემი აზრით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“.

საინტერესოა ის პარალელებიც, რომელიც ბრექსიტთან, დიდი ბრიტანეთის მიერ ევროპის კავშირში დარჩენის თაობაზე ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით ივლება. იქაც, 23 ივნისის რეფერენდუმის წინ ჩატარებული გამოკითხვები სულ სხვა შედეგს აჩვენებდა და მოულოდნელად, დილით გაღვიძებულმა ბრიტანელებმა აღმოაჩინეს, რომ ევროპის კავშირს ტოვებენ.

„არჩევნების წინ, როგორც უმეტესობას, მეც არ მჯეროდა, რომ ბრექსიტის მსგავსი რამ დაგვემართებოდა, მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ, მართლაც ასე მოხდა. სისტემურ ცდომილებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დასაფიქრებელია ის, თუ რომელი ჯგუფები გამოგვრჩა გამოკითხვების დროს როგორც ბრიტანეთში, ასევე ამერიკაში. ძალიან ბევრი საერთო გვაქვს: ორივეგან გამოკითხვებში ნაკლებად წარმოდგენილი იყო თეთრკანიანი მუშათა კლასი, ისთაბლიშმენტის მოწინააღმდეგე ჯგუფები, ანტი-ელიტური შეხედულებების მქონეები... მართლაც ბევრი პარალელია” - აღნიშნავს კორტნი კენედი.

პიუს კვლევით ცენტრში უკვე დაიწყო შიდა გამოძიება იმის შესასწავლად, თუ რატომ მოხდა ამ ზომის ცდომილება მათი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში, თუნდაც შტატების დონეზე. რაც შეეხება მთლიანად შეერთებული შტატების მასშტაბით ჩატარებულ კვლევებს, ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციაში შეიქმნილია საგანგებო კომიტეტი, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაშვებულ შეცდომებს გააანალიზებს. კომიტეტის ანგარიშის დეტალებს 2017 წლის გაზაფხულზე, მათი ყოველწლიური კონფერენციის შემდეგ შევიტყობთ.

XS
SM
MD
LG