ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი მთავრობას ტოვებს


იაროსლავ კაჩინსკი

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი და ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი თანამდებობიდან გადადგა. საინფორმაციო სააგენტო PAP-ის თანახმად, კაჩინსკი ამბობს, რომ ის მთავრობის წევრი აღარაა, მისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა უკვე დააკმაყოფილა და რამდენადაც მისთვისაა ცნობილი, პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი.

კაჩინსკის, რომელიც ასევე მთავრობის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტსაც იკავებდა, ეროვნული თავდაცვის მინისტრი - მარიუშ ბლასჩაკი ჩაანაცვლებს. კაჩინსკი ამ დრომდეც ამბობდა, რომ სამთავრობო ვალდებულებებისგან გათავისუფლება სურდა და აპირებდა მმართველი “კანონის და სამართლიანობის” პარტიისთვის საჭირო, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ საქმეებში, ჩართულიყო.

"გადავწყვიტე მეტი ყურადღება დავუთმო იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პოლონეთის მომავლისათვის. მე არ ვაზვიადებ ჩემს როლს, მაგრამ პარტია ფხიზლად უნდა დარჩეს, რადგან მსოფლიოში ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო ახლოვდება", - უთხრა მან საინფორმაციო სააგენტო PAP-ს.

ნაციონალისტური პარტია ქვეყანას 2015 წლიდან მართავს, თუმცა კაჩინსკი მთავრობის წევრი 2020 წელს გახდა. მას ეროვნული თავდაცვის შესახებ კანონპროექტზე უნდა ემუშავა, მაგრამ ანალიტიკოსების აზრით, მთავრობაში მისი ყოფნა მმართველ კოალიციაში დაძაბულობისა და კონფლიქტის დასრულებას ხელს არ შეუწყობდა.

იაროსლავ კაჩინსკის 2006-2007 წლებში პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. 2005 -2010 წლებში კი პოლონეთის პრეზიდენტი მისი ტყუპისცალი ძმა, ლეხ კაჩინსკი იყო, რომელიც რუსეთის დასავლეთში ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG