ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიციამ სასამართლო ჟურნალისტის წინააღმდეგ წააგო


ადმინისტრაციული სამართალწარმოება გორის სათემო რადიოს „მოზაიკა“ დირექტორისა და სამოქალაქო აქტივისტის, გვანცა დოლუაშვილის წინააღმდეგ იმის გამო დაიწყო, რომ პოლიციის მტკიცებით, მან ტროტუარზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერი შემდეგი წარწერა გააკეთა: „მკვლელია ქუჩაში“. თავად ჟურნალისტი და აქტივისტი მის მიმართ საქმის დაწყებას პოლიციელებისა და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის სურვილს უკავშირებს, რადგან ის ჟურნალისტური პროდუქტი, ასევე მის მიერ განხორციელებული აქტივიზმი მათ კომფორტს არ უქმნის.

გვანცა გახლდათ ერთ–ერთი ორგანიზატორი იმ საპროტესტო აქციებისა, რაც გორში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად იმართებოდა. ამიტომაც სასამართლოზე, რომელიც დღეს დილის 11 საათზე გორში იყო ჩანიშნული, სოლიდარობის ნიშნად, ზაზა სარალიძეც ჩამოვიდა.

"ამერიკის ხმასთან" მან განაცხადა: „სამი პოლიციელის ჩვენება არაფერს არ ნიშნავს. ამ ლოგიკით რომ მივყვეთ, ნებისმიერ სამ პოლიციელს ნებისმიერი უდანაშაულო ადამიანი შეუძლია პასუხისგებაში მისცეს. ეს სრული მარაზმია, ჩემი გადასახედიდან, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. საკმარისი მტკიცებულება სანამ არ იქნება, მოსამართლემ არ უნდა გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი. სოლიდარობას ვუცხადებ არა მხოლოდ გვანცას, არამედ ნებისმიერ ადამიანს, ვინც უდანაშაულოდ უნდა მიეცეს პასუხისგებაში.“

გორის სასამართლომ დღეს მოულოდნელი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და გვანცა დოლუაშვილი დამრღვევად არ მიიჩნია. პოლიცია მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა, რაც ადმინისტრაციული შენობების ფასადებზე, ასევე მის მიმდიბარე ტერიტორიაზე, ავტომანქანისა და ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე წარწერების გაკეთებას კრძალავს. მტკიცებას მხოლოდ სამი პოლიციელის ჩვენება ამყარებდა, რომელიც აბსოლუტურად იდენტურად აღწერდა შემთხვევას.

გვანცა დოლუაშვილის ადვოკატი ლექსო მერებაშვილი "ამერიკის ხმასთან" ამბობს: „საქმეში მხოლოდ პოლიციელების ახსნა–განმარტებები იყო და ისინი, ფაქტობრივად, ერთმანეთის ქსეროასლებს წარმოადგენდა, უბრალოდ სხვადასხვა ადამიანს ჰქონდა ხელი მოწერილი. ჩვენ ვშიშობდით, რომ სასამართლო გაიზიარებდა ამ მტკიცებულებას. ჩვენი სტრატეგია გულისხმობდა ამ ჩვენებების სანდოობის ეჭვქვეშ დაყანებას.

ევრო–სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენებები, რომლებიც სიტყვა–სიტყვით იმეორებს ერთმანეთს და ფაქტობრივად, ასლს წარმოადგენს, არის არასანდო და სასამართლომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიზიაროს. სწორედ ამას ვითხოვდით მოსამართლისგან და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჩვენს საწადელს მივაღწიეთ. მოსამართლემ არ გაიზიარა შსს–ს მოთხოვნა და შეწყვიტა საქმის წარმოება.“

გვანცა დოლუაშვილი "ამერიკის ხმას" ეუბნება, რომ მესიჯები, რაც ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ისმოდა და რის შესახებაც ქუჩაში წარწერები გაჩნდა, აქტუალობას დღესაც არ კარგავს: „სასიხარულოა ის ამბავი, რომ სასამართლო დადგა იმ მანკიერი პრაქტიკის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს პოლიციელების ჩვენების საფუძველზე ადამიანების კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში დადანაშაულებას. თუმცა, მე დღესაც ვამბობ, რომ მკვლელი არის ქუჩაში და მსგავსი საპროტესტო წარწერების გაკეთება არა მარტო გორში, არამედ მთელ საქართველოში დღესაც ბუნებრივი მგონია.

რატომ ამირჩიეს მე ზეწოლის ობიექტად, ამ კითხვაზე პასუხი ასე შეიძლება გაგცეთ: მათ, უბრალოდ, ჰქონდათ ჩემი საქმე, როგორც ბერკეტი, რომელსაც როდის გამოიყენებდნენ იმის საჩვენებლად, რომ გარკვეული ძალა და გავლენები აქვთ, არავიან არ ვიცით. მათ გადაწყვიტეს, რომ ახლა სჭირდებოდა ამის დემონსტირირება. მიხარია, რომ მათ ეს ისე არ გამოუვიდათ, როგორც თავად სურდათ.“

სასამართლო პროცესიდან გამოსვლის შემდგომ, ზაზა სარალიძე ამბობს: „სიმართლე გითხრათ, ასეთი სამართლიანი სასამართლო ამ ბოლო რვა თვის განმავლობაში ნამდვილად არ მინახავს, არადა ძალიან ბევრ სასამართლო პროცესს დავესწარი, მათ შორის, ჩემი მეგობრებისას, სადაც მოსამართლეს პირდაპირ გამოჰქონდა განაჩენი. დღეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. მინდა, შსს–ს მოვუწოდო, არ დართოს ნება იმუშაონ უწყებაში ასეთმა პოლიციელებმა, ისინი ფორმას არცხვენენ.“

პოლიცია გვანცა დოლუაშვილის დაჯარიმებას 500 ლარით ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა, რადგან საქმეში პოლიციის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია. პოლიციელებს არ წარმოუდგენიათ არც გარე კამერების ჩანაწერები, არც ქუჩაში გამვლელთა ჩვენებები და ვერც ის ახსნეს, თუ რატომ არ აღკვეთეს სამართალდარღვევა მყისიერად. ასევე გაურკვეველია, რატომ „გამოაჩინა“ პოლიციამ დოლუაშვილის „სამართალდარღვევა“ მაშინ, როდესაც მომხდარიდან ორი თვე იყო გასული.

პოლიციამ გორის საქალაქო სასამართლოში დღეს ჟურნალისტთან პროცესი წააგო, მაგრამ საქმეს გაგრძელება, სავარაუდოდ ექნება, რადგან დოლუაშვილის ადვოკატი გენერალურ ინსპექციაში მოწმე პოლიციელების წინააღმდეგ აპირებს საქმისწარმოების დაწყებას.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG