ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს დელეგაცია ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრება


ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესია მომავალი კვირის მთავარი თემა იქნება. სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად მიიღებს. ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან, გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან, პირისპირ საუბარი მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებთან. დელეგაციათა მეთაურების საპატივცემულოდ ტრადიციულ მიღებას წელს პირველად უმასპინძლებს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მეუღლესთან ერთად, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც არის მიწვეული.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო და იუსტიციის მინისტრებიც შედიან. მთავრობის მიმართ ნდობის აღდგენის საკითხზე მსჯელობა "ღია მმართველობის პარტნიორობის" შეხვედრაზე შედგება, რომელზეც სიტყვით საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის და გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლაა დაგეგმილი. "ღია მმართველობის პარტნიორობა" აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ბრაზილიის პრეზიდენტის დილმა რუსეფის მიერ 2011 წელს დაფუძნებული ერთობაა, რომლის პრინციპებს 75 ქვეყანა იზიარებს. მთავარი მისია - საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობა და მოქალაქეებისადმი ანგარიშვალდებულება, ქვეყნის მართვის პროცესში მონაწილეობა და უსაფრთხო გარემოს შექმნაა.

გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა 21 სექტემბერს გაიმართება. ქვეყნის მეთაური საქართველოში არსებულ პრობლემებს მიმოიხილავს, არსებულ გამოწვევებზე და მთავრობის ეკონომიკურ და სამართლებრივ რეფორმებზე ისაუბრებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG