ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საცხოვრებლად ვარგისი პლანეტები


მეცნიერები ახლადაღმოჩენილ 3 პლანეტაზე საუბრობენ, რომლებზეც შესაძლოა დედამიწისმაგვარი ბუნებრივი პირობები იყოს

პლანეტისმაძიებელი მეცნიერები მუდმივად ცდილობენ დაახლოებით დედამიწის ზომის და ტემპერატურის მქონე პლანეტა იპოვონ, რომელზეც წყალიც იქნება და ადამიანთა ცხოვრებაც მომავალში შესაძლებელი გახდება. „ნასას“ კეპლერის ტელესკოპით გაკეთებულ ერთ-ერთი უახლეს აღმოჩენაში საუბარია ორ პლანეტარულ სისტემაში მყოფ 3 პლანეტაზე, რომლებზეც მეცნიერთა აზრით, შესაძლოა წყალი იყოს. ასტროფიზიკოსები საუბრობენ 3 პლანეტაზე, რომლებიც ვარსკვლავებიდან ისეთ მანძილზე იმყოფებიან, რომ იქ ტემპერატურა არც ძალიან მაღალი იქნება და არც დაბალი. შესაბამისად, მათზე შესაძლოა წყალი თხევადი სახით არსებობდეს, რაც სიცოცხლის არსებობისთვის ხელშემწყობ ერთ-ერთ მთავარ პირობად ითვლება.

უილიამ ბორუსკი „ნასას“ კალიფორნიის კვლევითი ცენტრიდან, რომელიც კეპლერის ტელესკოპზე მუშაობს, ამბობს, რომ სოლარული სისტემა „კეპლერ 62“ ორ პლანეტას შეიცავს, სახელწოდებით „კეპლერ 62-E" და „კეპლერ 62-F“. ისინი დედამიწიდან 1 200 სინათლის წლით არიან დაშორებული. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, თითო სინათლის წელიწადი 10 ტრილიონ კილომეტრს უდრის. პლანეტები ზომით დედამიწას დაახლოებით ერთნახევარჯერ აღემატებიან.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

„ეს ორი პლანეტა საცხოვრებლად ვარგისთა შორის საუკეთესო კანდიდატები არიან. ისინი საგანგებო საარსებო პირობების ზონაში იმყოფებიან. ახალ სოლარულ სისტემაში ჯერჯერობით 5 პლანეტა აღმოვაჩინეთ, მაგრამ აქედან ყველაზე მეტად ეს 2 გვაინტერესებს“ - აღნიშნავს მეცნიერი.

უილიამ ბორუკის თქმით, მათ დაბეჯითებით არ შეუძლიათ იმის თქმა, არის თუ არა პლანეტაზე წყალი. მათ მხოლოდ პლანეტების რადიუსი იციან, და არა მათი მასა. ამ ორი პლანეტის მზე ჩვენსაზე დაახლოებით 2/3-ით ნაკლებია და 1/5-ით ნაკლებ სინათლეს გამოსცემს. მეცნიერის ახსნით, ეს დედამიწაზე ღრუბლიან ამინდში დღის სინათლის ტოლფასია.

ლიზა კელტენგერი გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში ასტრონომიის ინსტიტუტის თანამშრომელია. მისი აზრით, მეცნიერული მოდელის მიხედვით წყლის არსებობა სწორედ ამ ზომის პლანეტებზეა შესაძლებელი.

აღმაფრთოვანებს ის იდეა,რომ შესაძლოა პირველად აღმოვაჩინეთ პლანეტები, რომელზეც ოკეანეების არსებობა დასაშვებია. წყლის სამყაროს ალბათობაზე ჯერჯერობით მხოლოდ რადიუსი მიუთითებს, მაგრამ მომდევნო კვლევებით კიდევ ბევრი რამის დაზუსტებას შევძლებთ“ - აცხადებს გერმანელი მეცნიერი.

ტომას ბერკლი კალიფორნიის გარემოს დაცვის კვლევითი ინსტიტუტიდან, თვლის, რომ ახალ აღმოჩენებში ყველაზე მეტად ღირებული არა სოლარული სისტემა „კეპლერ 62“, არამედ „კეპლერ-69“ არის. მასში მდებარეობს მესამე პლანეტა, სახელწოდებით „კეპლერ 69-C“, რომელიც დედამიწას ზომით 70 პროცენტით აღემატება და ისიც მზისმაგვარი ვარსკვლავის ირგვლივ იმ მანძილზე ბრუნავს, რაც სიცოცხლის არსებობისთვის არის აუცილებელი.

როცა ვამბობთ, სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელს, უნდა წარმოიდგინოთ რეგიონი ყინულს და ცეცხლს შორის. ეს პლანეტა ცეცხლთან უფრო ახლოა, ვიდრე ყინულთან. შეიძლება ის უფრო სუპერ-ვენერა აღმოჩნდეს, ვიდრე სუპერ-დედამიწა“ - ამბობს მკვლევარი.

კეპლერის ტელესკოპის ამოქმედების შემდეგ სამეცნიერო აღმოჩენებს ბოლო არ უჩანს. 2009 წლის შემდეგ მეცნიერებმა 100-ზე მეტ პლანეტას მიაკვლიეს. კეპლერი ტელესკოპს მე-17 საუკუნის ასტრონომის, იოჰანეს კეპლერის საპატივცემულოდ დაერქვა. ის კოსმოსურ ხომალდზე მდებარე ობსერვატორიას წარმოადგენს. „ნასამ“კეპლერის ტელესკოპი ფლორიდის შტატში მდებარე კეიპ კანავერალის კოსმოდრომიდან დელტას ტიპის რაკეტით 2009 წლის 7 აპრილს გაუშვა და მისი პირველი გამოსახულებები მეორე დღესვე მიიღო.
XS
SM
MD
LG