ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიღწეულია შეთანხმება პერევიდან რუსული ჯარის გასვლაზე


მიღწეულია შეთანხმება პერევიდან რუსული ჯარის გასვლაზე
მიღწეულია შეთანხმება პერევიდან რუსული ჯარის გასვლაზე

ჟენევაში მეცამეტე შეხვედრის შემდეგ ქართული მხარე წარმატებების შესახებ საუბრობს, რაც იმაში გამოიხატება, რომ მიღწეული შეთანხმების შედეგად, უახლოეს მომავალში პერევს რუსული სამხედრო დანაყოფები დატოვებენ. კონკრეტული თარიღი, ეს როდის იქნება არ სახელდება, თუმცა ქართული მხარე ირწმუნება, რომ პერევის დეოკუპაცია მალე მოხდება.

გარდა ამისა, მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდის შემდეგ ქართული მხარე აცხადებს, რომ მიღწეულია შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრების განახლების შესახებ. ხსენებული შეხვედრები ცხინვალში თითქმის ერთი წელია არ გამართულა.

ჟენევაში ორი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის, ქართული, რუსული და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის წარმომადგენლების მონაწილეობით. ძირითადი განსახილველი თემა დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსარფთხო და ღირსეულ დაბრუნებას ეხებოდა, თუმცა მაშინ, როდესაც მის შესახებ მსჯელობის დრო დადგა, ბორის ჩოჩიევი, ცხინვალის დე–ფაქტო წარმომადგენელი სხდომაზე საერთოდ არ გამოცხადდა. ამას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძეც ადასტურებს.

„საქართველოს მხარისთვის სამწუხაროდ, ჟენევის მოლაპარაკებათა მე–13 რაუნდზე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელთა მიერ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხზე სამუშაო ჯგუფის სხდომის დატოვებამ. აშკარაა, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ბოიკოტირებათა ბოიკოტირების შესახებ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილება შესაძლებელია აიხსნას მხოლოდ იმით, რომ მოსკოვი უარს ამბობს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირებითვის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობის მიცემაზე’.– ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი, სოსო ცისკარიშვილი აფასებს რა ჟენევის მოლაპარაკებათა მე–13 რაუნდს, ამბობს, რომ კონფლიქტურ მხარეებს შორის დიალოგის პროცესმა შედეგი რომ გამოიღოს, ამისთვის ფორმატის შეცვლაა საჭირო, რის შესახებაც დღეს ქართული მხარე არაფერს ამბობს. მისი აზრით, გაცილებით ეფექტური იქნება კონფლიქტის ყველა მხარესთან ცალკე დიალოგის გამართვა, ანუ ოთხმხრივი ფორმატის სამმხრივით ჩანაცვლება. „სხვაგვარად არასდროს გადაილახება ბარიერი, რომელსაც მოლაპარაკებების დროს მუდმივად ქმნის რუსული მხარე, რადგან იგი მუდმივად დაინტერესებულია რეალური შედეგის არდადგომით“,– ამბობს სოსო ციხკარიშვილი და დასძენს, რომ პერევიდან რუსული ჯარის გასვლის ამბავს დაიჯერებს მხოლოდ მაშინ როდესაც ეს ფაქტი შედგება. ამის თქმის საფუძველს მას აძლევს შემთხვევა, რასაც ადგილი რამდენიმე თვის წინ ჰქონდა. მაშინ პერევიდან გასული რუსული ჯარები უკან დაბრუნდნენ და ცოტა ხნის წინ დატოვილი პოსტი დაიკავეს.

ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეული შეთანხმების შედეგად ინციდენტების პრევენციისა და მათზე მონიტორინგის მექანიზმების ჯგუფის შეხვედრა ერგნეთში თვის ბოლომდე უნდა შედგეს. მორიგი რაუნდი ჟენევაში კი 16 დეკემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG