ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საპროტესტო აქციები ამერიკაში ძირითადად მშვიდობიანად მიმდინარეობს


საპროტესტო აქცია ფილადელფიაში

შეერთებულ შტატებში გამართული საპროტესტო აქციების უმეტესი ნაწილი გუშინ და დღეს მშვიდობიანად მიმდინარეობს. ამერიკელები კვლავ აგრძელებენ აღშფოთების გამოხატვას 25 მაისს, პოლიციის მიერ დაკავებული შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების და სამართალდამცავების რასისტული განწყობების გამო.

ერთეულ შემთხვევებში კვლავ განმეორდა ძალადობის ფაქტები და ვანდალიზმი. ნიუ-იორკში და რამდენიმე სხვა ქალაქში, დემონსტრაციის მონაწილეებმა დაარღვიეს გარეთ გასვლის შეზღუდვაც. თუმცა, ათეულობით ქალაქში სამშაბათს გამართული მრავალათასიანი გამოსვლების უმეტესი ნაწილი მაინც მშვიდობიანად დასრულდა.

აქცია ბრუკლინის ხიდზე, ნიუ-იორკში
აქცია ბრუკლინის ხიდზე, ნიუ-იორკში

ატლანტაში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მათ წინააღმდეგ, ვინც ქუჩებში საღამოს 9 საათის შემდეგ დარჩა. ატლანტასთან ერთად, აქციის მონაწილეები დააკავეს ნიუ-იორკშიც. სულ, ამერიკის მასშტაბით, დაკავებულია 10 000-მდე ადამიანი.

ვაშინგტონში დემონსტრაციამ გაცილებით მშვიდობიანად ჩაიარა, ვიდრე წინა დღეებში. კვირას და ორშაბათს, ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას სამართალდამცავებთან. აქციის მონაწილეებმა დაარბიეს შენობები, გაძარცვეს მაღაზიები, დაწვეს დროშები და ქუჩის ურნები.

დემონსტრანტები ვაშინგტონში
დემონსტრანტები ვაშინგტონში

ათასობით ადამიანი გამოვიდა აქციაზე ლოს-ანჯელესში, ორლანდოში, ახალ ორლეანში, სიეტლში, პორტლანდში და ამერიკის თითქმის ყველა დიდ ქალაქში. ფერადკანიანთა სოლიდარობის საპროტესტო აქციები მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გაიმართა, მათ შორის ბრიტანეთში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG