ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მშვიდობა სამი წლის შემდეგ


მშვიდობა სამი წლის შემდეგ
მშვიდობა სამი წლის შემდეგ

აგვისტოს ომიდან სამი წელი გავიდა. ომის კვალი დღემდე ცხადადაა შემორჩენილი საზღვრისპირა ქართულ სოფლებში, რომლებიც დაიბომბნენ 2008 წლის აგვისტოს. დანგრეული, დამწვარი და დამომბილი სახლები ისევე გამოიყურება როგორც სამი წლის წინ. ცვლილება მხოლოდ ისაა, რომ მათი პატრონებისთვის 24 კვადრატული მეტრი ფართობის კოტეჯები დგას იმავე ეზოებში, დამწვარი სახლების გვერდით. კოტეჯები საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით აშენდა მათთვის, ვისი სახლიც რეაბილიტაციას არ დაექვემდებარა, ან გამოანგარიშების მიხედვით დადგინდა, რომ მისი აღდგენა გაცილებით ძვირი იქნებოდა თანხობირვად, ვიდრე კოტეჯის აშენება. საზღვრისპირა სოფლებში დღეს ბევრი ოჯახი სწორედ ასეთ კოტეჯში აგრძელებს ცხოვრებას, დამწვარი ან დაბომბილი სახლის გვერდით.

აგვისტოს ომიდან სამი წლის გასვლასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტსა და შიდა ქართლის გუბერნატორის აპარატს მთელი რიგი ღონისძიებები აქვთ დაგეგმილი. მათ შორისაა ომის დროს დაღუპულთა მემორიალის გვირგვინებით შემკობა; გორის სასწავლო უნივერსიტეტის ინიციატივით სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული ქართველი მეომრების სახელზე ჯვრის აღმართვა; დღის ბოლოს კი დაგეგმილია ფოტოგამოფენის მოწყობა, საქართველოს რუკის კონტურის მიხედვით აინთება სანთლები.

კონფლიქტის ზონის მოსახლეობისთვის კი პრობლემების ნუსხა უცვლელი რჩება. სარწყავი წყლის პრობლემა კვლავაც აქტუალურად დგას. ერთი დღის წინ ხელისუფლებამ ნიქოზში კაშხალზე ტუმბოს დამონტაჟება აღნიშნა, რაც რამდენიმე სოფელს წყლის პრობლემას გადაუწყვეტს, თუმცა უწყლოდ კვლავ რჩება სოფლების უმეტესობა. მაგალითად სოფელი თვაურები იმის გამო დარჩა უწყლოდ, რომ გვერდით სოფელში წყლის გაყვანა დაიწყეს. მისი ერთ–ერთი მცხოვრები ამბობს, რომ სანამ მილებს მომიჯნავე სოფლებისთვის დაამონტაჯებდნენ, მათთან წყალი თვითდინებით აღწევდა. მილების გაყვანის შემდეგ კი მოსავალი უხმებათ და გამოსავალს ვერ ხედავენ.

გორში დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ომით დაზარალებულ მოსახლეობას ექსპერტი მამუკა არეშიძე შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ სოციალური ფონი და ვითარება ომის შემდეგ შიდა ქართლის რეგიონში უმძიმესია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა გორში საბა წიწიკაშვილმა შეხვედრისას იმ უცნაური დახმარების შესახებ ისაუბრა, რაც გორის ადგილობრივმა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის გამოყო. „მათთვის არავის უკითხავს, ჭირდებოდათ თუ არა, ადგნენ, შეისყიდეს შიფერი და გადასცეს, ამისთვის ბიუჯეტიდან 21 ათასი ლარი გამოიყო. იქნებ სხვა რამ უნდოდა ამ ხალხს და არა შიფერი?“– ამბობს საბა წიწიკაშვილი.

დღის ბოლო ღონისძიება ფილმის ,,აგვისტოს 5 დღე“ საჯარო ჩვენებაა გორის ცენტრალურ მოედანზე. ფილმი დაახლოებით 30 მილიონი დოლარი დაუჯდა საქართველოს ბიუჯეტს. მის საჯარო პრეზენტაციას ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ფილმის პროდიუსერები და მსახიობებიც დაესწრებიან.

XS
SM
MD
LG