ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკისა და ევროკავშირის პარტნიორობა საერთო ღირებულებებს ემყარება


„შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა საერთო ღირებულებებს და მიზნებს ეფუძნება. ეს მიზნები კი არის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს და ჩვენ ამ მიზნების ერთგულნი ვრჩებით“, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა.

მისივე თქმით, ამერიკა და ევროკავშირი არ შეურიგდება კორეის ნახევარკუნძულზე ატომური იარაღის არსებობას. პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხი გაგრძელდება მანამ, სანამ ჩრდილოეთ კორეა არ შეცვლის აღებულ კურსს.

სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებული შტატები და ევროკავშირი აგრძელებს ძალისხმევას, რათა დაამარცხონ ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ არა მხოლოდ ერაყსა და სირიაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

სახელმწიფო მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ ირანი ახლო აღმოსავლეთში კვლავ არასტაბილურობის წყაროა. „ჩვენ ეს ვნახეთ ბოლო დროს იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტების მაგალითზე, რომლის წყაროც, ჩვენი აზრით, არის ირანი. ასევე ირანის მიერ ჰუტის მეამბოხე დაჯგუფების მხარდაჭერა და დესტაბილიზაციის გამომწვევი ეფექტი, რაც ამას აქვს იემენზე. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ასეთივე გავლენა აქვს იარაღის ექსპორტს სირიაში, კონფლიქტის ზონაში და რომ გრძელდება ტერორისტული ორგანიზაციის ჰეზბოლას მხარდაჭერა.

რექს ტილერსონის თქმით, ირანის ეს აქტივობები უყურადღებოდ და უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები კმაყოფილია იმით, რომ ნატოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა ვითარდება და ღრმავდება მას შემდეგ, რაც გასულ წელს ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას.

„ჩვენი უსაფრთხოება ყველაზე მტკიცე მაშინაა, როდესაც მოკავშირეები და პარტნიორები მხარდამხარ იზიარებენ ტვირთს, სწორედ ამიტომ განვაგრძობთ სხვებისთვის მოწოდებას, რომ გაზარდონ თავდაცვაზე დანახარჯები“, ამბობს სახელმწიფო მდივანი ტილერსონი.

შეერთებული შტატები და ევროკავშირი განაგრძობს სირიაში სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერას. ამერიკა მიესალმება ჟენევის მოლაპარაკებების განახლებას გაეროს სპეციალური წარმომადგენლის სტეფან დე მისტურას ხელმძღვანელობით, რათა შეიქმნას ახალი კურსი სირიის მიმართ, რომელიც სირიელი ხალხის სურვილის შესაბამისი იქნება.

„ამერიკასა და ევროკავშირს პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. მტკიცე ურთიერთობები აჩვენებს ერთგულებას, რომელიც ამერიკას აქვს ევროკავშირის მიმართ და იმ მნიშვნელოვან როლს, რაც ევროპულ გაერთიანებას აქვს მშვიდობისა და კეთილდღეობის დასამყარებლად,“- ამბობს სახელმწიფო მდივანი.

ეს იყო "ამერიკის ხმის" სარედაქციო წერილი, რომელიც აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას აფიქსირებს.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG