ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არის, თუ არა ქართული ოპოზიცია სუსტი და რატომ?


საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტში 150 მანდატია, თუმცა ამ ეტაპზე, ფიზიკურად 139 დეპუტატია წარმოდგენილი. პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, აქედან, პოლიტიკური ოპოზიცია პარლამენტში 57 დეპუტატითაა წარმოდგენილი. რა ბერკეტებს ფლობს მმართველი გუნდისა და პოლიტიკური უმრავლესობის საპირწონედ ოპოზიცია და რამდენად ეფექტურად იყენებს მათ პოლიტიკურ ასპარეზზე დაწინაურებისთვის - ამის თაობაზე „ამერიკის ხმამ“ რამდენიმე მოსაზრება შეკრიბა.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ვახუშტი მენაბდე, ვინც საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების საკითხში დეტალურ ინფორმაციას ფლობს, გვეუბნება, რომ სახელმწიფოს მოწყობის იმ მოდელში, რომელიც ახლა საქართველოშია, პოლიტიკურ ოპოზიციას მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

„სისტემაში, რომელიც ჩვენ გვაქვს სახელმწიფოში, ხელისუფლების დანაწილების/ბალანსირების ის პრინციპი, რომელსაც ჩვენ აქამდე ვიცნობდით (იგულისხმება საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლება) არ მუშაობს. მთავრობა, კაბინეტი და საპარლამენტო უმრავლესობა - ერთი პოლიტიკური გუნდია და ორივეს ერთად ჰქვია მმართველი გუნდი. ამ სისტემაში, უმრავლესობას, ბუნებრივად, არ აქვს კაბინეტის კონტროლის მოთხოვნილება, ამიტომ მთელი აქცენტი გადადის ოპოზიციაზე. იმისთვის, რომ ჩვენ დაბალანსებული სისტემა მივიღოთ, ოპოზიციას უნდა ჰქონდეს საკმარისი ბერკეტები პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად,“- გვეუბნება ვახუშტი მენაბდე.

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

სისტემაში, სადაც, აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოები ერთმანეთს არ აბალანსებს, ოპოზიციას მთავარი დამბალანსებლის როლი აკისრია. „მარტივად, რომ ვთქვათ, ეს არის სისტემა, სადაც პოლიტიკურ პროცესებს ბიძგს უნდა აძლევდეს ოპოზიცია, ხოლო გადაწყვეტილებებს იღებდეს უმრავლესობა,“- ამბობს ვახუშტი მენაბდე. მისი აზრით, ამ პერსპექტივით უნდა ვაფასებდეთ იმ ინსტრუმენტებს, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. მაგრამ არსებულ ვითარებაში, რთულია საუბარი ოპოზიციის სტრატეგიებზე, რადგან „ეს პარლამენტი არაორდინარული პარლამენტია.“ „რეალურად, ამ პარლამენტს არ უმუშავია. თავიდან იყო ბოიკოტი, შემდეგ, ნაწილი დეპუტატებისა შევიდა პარლამენტში, ამას დაემთხვა არჩევნები, რასაც მოჰყვა სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში, რამაც, თავის მხრივ, ახალ სიხშირეზე გადაიყვანა პოლიტიკური პროცესები... ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ პოლიტიკური პროცესები პარლამენტიდან იმართება,“- ამბობს ვახუშტი მენაბდე.

ზაზა ბიბილაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:10 0:00

"ჭავჭავაძის ცენტრს" პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ცენტრის დამფუძნებელი და მკვლევარები ახლოდან იცნობენ პარტიების შიდა პრობლემებსა და სამზარეულოს და „ამერიკის ხმასთან“ იმ მიგნებებზე საუბრობენ, თუ რა მიზეზია, რომ ოპოზიცია დღეს სუსტად გამოიყურება, მმათველ გუნდთან შედარებით. „არსებობს სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რაც დაკავშირებულია ავტორიტარულ რეჟიმთან, ჩვენ გვყავს ოლიგარქი რომელსაც კონტროლი აქვს დამყარებული ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე. დე-ფაქტო ვითარება ისაა, რომ ერთი ადამიანი მართავს ქვეყანას. ეს არაა დემოკრატიული გარემო, სადაც შეგვიძლია ვთქვათ, ობიექტურად, რატომ არ მუშაობს ესა თუ ის პოლიტიკური ინსტრუმენტი, მათ შორის პოლიტიკური პარტიები. თუმცა, სუბიექტურ ასპექტზე, რომ გადავიდეთ, არსებობს ბევრი ფაქტორი, რაც ამ ვითარებაშიც კი არის შესაძლებელი გააკეთონ პარტიებმა, მაგრამ არ, თუ ვერ აკეთებენ. ვერ გაკეთების მიზეზი შეიძლება იყოს ფინანსური, ადამიანური რესურსის არ არსებობა, თუმცა არ გაკეთება ხშირად არის აუხსნელი. არსებობს რუტინული საქმე პარტიებისთვის, რომელიც არ კეთდება,“- გვეუბნება ზაზა ბიბილაშვილი, "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი.

რატომ არის, რომ ის, რაც ოპოზიციისთვის ქმედებაა, ჩვენთვის არის უმოქმედობა? - კითხულობს ვერა გოგოხია, ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივის ხელმძღვანელი და ამ კითხვაზე პასუხს შემდეგნაირად სცემს: „ჩვენ ვხედავთ ოპოზიციას, რომელიც არ მოქმედებს. მისი სურვილები არ გადადის საქმეში, ამიტომაც ის არის არაეფექტური.“ ვერა გოგოხიას რამდენიმე მაგალითი მოჰყავს, რომელიც, მისი აზრით, კარგად წარმოაჩენს ოპოზიციური პარტიების ხარვეზებს, რაც გავლენას ახდენს მათ ზოგად ეფექტიანობაზე. „მითხარით, რატომ არის პრობლემა, პარტიის წარმომადგენელმა რეგიონში, რომელმაც იმდენი ხმა მიიღო არჩევნებზე, რამდენსაც ელოდა, მადლობა გადაუხადოს საკუთარ ამომრჩეველს? ბევრი შემთხვევაა, როდესაც, რეგიონებში წარმომადგენლებს უფლებას არ აძლევენ დაეკონტაქტონ ამომრჩეველს და მადლობა გადაუხადონ, იმ მიზეზით, რომ ხმების საერთო რაოდენობა საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამით პარტია იმ ამომრჩევლის ნდობასაც კარგავს, რომელმაც მას ხმა მისცა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მთავარი მხარდამჭერი ადამიანები კი არ არიან, მთავარია, რომ პარტიამ ვიღაცას აჯობოს,“- გვეუბნება ვერა გოგოხია.

ნინო სამხარაძე, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ მკვლევარი, ვინც რამდენიმე კვლევის ავტორია პოლიტიკური პარტიების შესახებ, „ამერიკის ხმასთან“ იმ მთავარ მიზეზს ასახელებს, რის გამოც ოპოზიციური პარტიები თავისი დღის წესრიგის ბალანსსა და ხელისუფლებასთან ოპონირებას ვერ ახერხებენ. მისი აზრით, მთავარი პრობლემა ამომრჩეველთა ნდობის კრიზისია. „ახლა დიდი დავალება აქვს ოპოზიციურ პარტიებს შესასრულებელი. მათ უფრო აკადემიურად, პოლიტიკურ სწავლებებზე დაფუძნებით, უნდა შეისწავლონ ნდობის კრიზისის მიზეზები. უფრო საგნობრივი დებატი უნდა შესთავაზონ ამომრჩეველს იმისთვის, რომ მათ დაუჯერონ. პარტიები შორდებიან ამომრჩევლის რეალურ საჭიროებებს, პრიორიტეტებს, ხედვებს იმის შესახებ, თუნდაც, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მათმა მოსაწონმა პარტიებმა. ეს უარყოფითად აისახება ამომრჩეველთა იმ სეგმენტზე, რომელიც ერთი შეხედვით, ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია. საბოლოო ჯამში, გადაუწყვეტელი ამომრჩეველიც ხმას აძლევს საარჩევნო ყუთთან. ოპოზიციური პარტიები უნდა დაუახლოვდეს ამომრჩეველს, როგორც დღის წესრიგის შექმნისას, ისე ამ დღის წესრიგზე კომუნიკაციისას. ამომრჩეველს სჭირდება მარტივად იმის მოსმენა, თუ როგორ მოუგვარებს პარტია ამა თუ იმ პრობლემას. აი, ეს - რაც სჭირდება ამომრჩეველს, არ ჩანს ოპოზიციური პარტიების არც რიტორიკაში და არც სტრატეგიაში,“- გვეუბნება ნინო სამხარაძე.

მისი აზრით, პარტიები უფრო მეტ რესურსს ხარჯავენ ოპონირებაში ოპოზიციონერ კონკურენტებთან, მმართველ პარტიასთან, ვიდრე რეგიონებში ოფისების ამოქმედებაზე. ნინო სამხარაძე ფიქრობს, რომ რეგიონებში კვლევებისა და ამომრჩეველთა საჭიროებების მოკვლევების ორგანიზება პარტიებისთვის ძალიან გამოსადეგი იქნებოდა მასზე სამოქმედო პროგრამის დასაფუძნებლად.

„ჩვენ გვიხაროდა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ შეძლო გადარჩენა. მაგრამ ეს არაა საკმარისი. თუ პოლიტიკურ პარტიას არ შეუძლია ოპოზიციად ყოფნა, მაშინ ეს არაა პოლიტიკური პარტია. მხოლოდ მაშინ აქვს პარლამენტში მუშაობას აზრი, თუ უმრავლესობაში ხარ? პარტიამ უნდა დამანახოს, რომ შეუძლია უკეთესი ცხოვრების შემოთავაზება. ის, რომ „ქართულ ოცნებაზე“ უკეთესი ხარ, საკმარისი არაა. ის რომ „ქართულ ოცნებაზე“ ევროპული ხარ - აღარაა საკმარისი. პარტიამ უნდა აჩვენოს, რის გაკეთება შეუძლია, რისი რესურსი გაქვს, გარდა იმისა, რომ იყოს ხმამაღალი, სკანდალური და მოკლე დროზე ორიენტირებული,“- გვეუბნება ვერა გოგოხია.

ზაზა ბიბილაშვილის შეფასებით, სახელისუფლებო პარტია უფრო მწყობრად მუშაობს და ოპოზიციურ პარტიებთან შეუდარებლად დიდი რესურსიც აქვს. „ქვეყნისთვის საბედისწეროდ, გამართულად მუშაობს სახელისუფლებო პარტია. ისინი არიან მოქნილები, კითხულობენ გამოკვლევების შედეგებს, ატარებენ ფოკუს ჯგუფებს, ტესტავენ მესიჯებს. ოპოზიციაში მესიჯინგის ნაწილი საერთოდ არ მუშაობს.. არადა, ისინი სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს უნდა სთავაზობდნენ საინტერესო წინადადებებს - ესაა მათი რუტინული სამუშაო. ამის გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ სასწაულის იმედად არიან, ან იმ შესაძლებლობას ელიან, რომ ოდესმე ეს რეჟიმი შეიცვლება“,- გვეუბნება ზაზა ბიბილაშვილი.

საქართველოს პარლამენტში ორი ფრაქციაა - „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია.“ დარეგისტრირებულია ხუთი საპარლამენტო ჯგუფი - „გირჩი“, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპული სოციალისტები“, „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“, „მოქალაქეები“, „რეფორმების ჯგუფი“.

ამ ეტაპზე, მთავარი ოპოზიციური გუნდი საპარლამენტო საქმიანობისგან გათიშულია და ბოიკოტირების რეჟიმში იმყოფება.

ვახუშტი მენაბდის თქმით, „რთულია შევაფასოთ პარლამენტის საქმიანობა და მასში ოპოზიციის როლი, რადგან არ იყენებს ოპოზიცია იმ შესაძლებლობებს, რასაც აძლევს რეგლამენტი და კონსტიტუცია, მაგრამ რატომ არ იყენებს? იმიტომ, რომ პოლიტიკური პროცესები არც მიმდინარეობს პარლამენტში. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა ძალიან სპეციფიურ მდგომარეობაშია. არ ვიცით, მუშაობს თუ არა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, რადგან არც გამოცდილა ეს მექანიზმები პრაქტიკაში. პოლიტიკური კრიზისი იმდენად ღრმაა, რომ რეგლამენტი არ მუშაობს“.

XS
SM
MD
LG