ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ნატოს" მისია ავღენეთში დასასრულისკენ მიდის


„ნატოს" მისია „აისაფი" ეტაპობრივად ამცირებს სამხედრო პერსონალის რაოდენობას ქვეყანაში და ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს მეტ პასუხიმგებლობას აკისრებს

ავღანეთში სამხედრო პასუხისმგებლობის გადაბარების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. „ნატოს" მისია „აისაფი" ეტაპობრივად ამცირებს სამხედრო პერსონალის რაოდენობას ქვეყანაში და ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს მეტ პასუხიმგებლობას აკისრებს. „ნატოს" გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ გეგმა სწორედ ასეთი იყო, „ტრანზიციის გაგრძელებასთან ერთად, ნახავთ, რომ ავღანეთში ნატოს ძალები შემცირდება, ან მოხდება გარკვეული დანაყოფების რედისლოცირება. ამ სტრატეგიაზე თავდაპირველადვე ასე ვიყავით შეთანხმებული.“

თითქმის სამი წლის წინ, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთში დამატებითი 33 ათასი სამხედრო პერსონალის გაგზავნის განკარგულება გასცა, რამაც „აისაფის" მისიას მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებაში შეუწყო ხელი. მოგვიანებით კი, ავღანური ჯარისთვის პასუხისმგებლობების გადაცემა გააადვილა. „სამხედრო პერსონალის რაოდენობის გაზრდამ თალიბები დაასუსტა და ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს გაზრდისა და გაძლიერების საშუალება მისცა,“ - განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლეონ პანეტამ.

დამატებითი ჯარისკაცების უკან გამოყვანის პროცესი სექტემბერში დასრულდა, მაგრამ ამის მიუხედავად ავთანეთში 68 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი კვლავ რჩება. მათი დანიშნულება ავღანელების გაწვრთნაა, რათა 2014 წლის ბოლოსთვის მათთვის სრული პასუხისმგებლობის გადაცემა მოხდეს. „ავღანეთის უსაფრთხოების ძალების განვითარებაში დიდძალი ინვესტიციები ჩავდეთ. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადაბარების პროცესმა წარმატებით ჩაიარაოს,“ - აცხადებს ლეონ პანეტა.

დღეს, სამხედრო ოპერაციების 90 პროცენტს ისეთი დანაყოფები ატარებენ, რომლებშიც შედის არა მხოლოდ ამერიკელი ჯარისკაცები, არამედ ავღანეთის უშიშროების ძალები და პოლიციის წარმომადგენლები. „ჩვენი მიზანია, ისე განვუვითაროთ მათ შესაძლებლობები, რომ ავღანელებმა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლად დაცვა შეძლონ... ჩვენ, ამ ისტორიული ალიანსის სამხედრო ლიდერები, გავაგრძელებთ აღებულ პასუხისმგებლობას ავღანეთში მიმდინარე გრძელვადიანი კონფლიქტის დასასრულებლად,“ - აღნიშნა პანეტამ.
XS
SM
MD
LG