ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გადარჩება თუ არა ისტორიული პალმირა?


პალმირას, მსოფლიო მემკვიდრეობის ანტიკური ქალაქის, რუსების მიერ მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო ჯარების და ლიბანური ჰეზბოლას შეიარაღებული რაზმების ხელში გადასვლა, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“-სთვის უკანასკნელი წარუმატებლობა გახდა. დაჯგუფებამ ჩრდილოეთ სირიაში ქურთი მებრძოლებისგან დანაკარგი განიცადა, მათი ხელმძღვანელობა შეერთებული შტატების მეთაურობით განხორციელებულმა საჰაერო თავდასხმებმა გაანადგურა და ის დასავლეთ ერაყის ქალაქ რამადიდან განდევნეს.

ტერორისტულმა დაჯგუფებამ პალმირა ხელში გასული წლის მაისში ჩაიგდო. ცნობილი ძეგლებისადმი, ტაძრებისადმი, და მიწისქვეშა სამარხებისადმი ოკუპანტების მიერ მიყენებული ზიანის მოცულობა უცნობია, მაგრამ ამ ზიანის შესაფასებლად არქეოლოგები გაგზავნეს. კვირას იორდანიაში, ამანში სიტყვით გამოსვლისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა იმედი გამოთქვა, რომ სიძველეების ექსპერტები, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“-ს მიერ ოკუპაციის პერიოდში მიყენებული ზიანის გამოსწორებას შეძლებენ.

სირიის სიძველეების საქმეთა ხელმძღვანელმა მამუნ აბდულქარიმმა თქვა, რომ აღდგენითი სამუშაოების უმეტესობა წლის ბოლოსთვის დასრულდება და დამასკო მკაცრ წინასწარ ზომებს მიიღებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქალაქი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“-ს ხელში აღარ აღმოჩნდეს.

ორეგონის შტატის, პორტლენდის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის ექსპერტმა პეტერ ბეჩთოლდმა „ამერიკის ხმა“-ს უთხრა, რომ აღდგენითი სამუშაოების გეგმები მას ამხნევებს.

კვირას, ამერიკული ტელევიზიით გამოსვლისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სანამ პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ხელისუფლებიდან არ წავა, სირიის კონფლიქტი ვერ დასრულდება. მან ასევე თქვა, რომ რუსეთს ასადთან „ჯვარი არ აქვს დაწერილი“ და არჩევანი თვითონ სირიელმა ხალხმა, პოლიტიკური პროცესის მეშვეობით უნდა გააკეთოს.

XS
SM
MD
LG