ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლო აღმოსავლეთში ცვლილებების ტალღა ძალას იკრებს


ახლო აღმოსავლეთში ცვლილებების ტალღა ძალას იკრებს

ალ მანარას მოედანი იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალაში პოლიტიკური და სავაჭრო ცენტრია. მოედნის გარშემო განლაგებული ქვის ლომების ქანდაკებები სიმამაცის, ძალაუფლების და სიამაყის ტრადიციული სიმბოლოებია. ლამპიონებზე კი პალესტინის მთავრობის და პარტია „ფათხის“ დროშები ფრიალებს. მოედანზე ბევრი პალესტინელი ახალგაზრდა ყავის დასალევად დადის. მათი საუბრის მთავარი თემა არაბულ სამყაროში დაწყებული ცვლილებები და ეგვიპტის რევოლუციაა. 18 წლის ბასამ ჯაბერი ეგვიპტის მოვლენებს მიესალმება:

„რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტ დემოკრატიას და თავისუფლებას მოიტანს. სიტყვის თავისუფლება ადრე მიუღებელი იყო, ახლა კი ყველას შეუძლია თავისი აზრის გამოთქმა და ყველაფრის შეცვლა,“ - ამბობს ჯაბერი.

პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომამდე, პალესტინის ხელისუფლება ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს არ აკეთებდა. პალესტინელებისთვის ბატონი მუბარაქი მუდამ მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო, როგორც ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, ასევე „ფათხსა“ და ისლამისტურ „ჰამასს“ შორის დაპირისპირების პროცესში. თუმცა, მუბარაქის გადადგომის შემდეგ პალესტინის მთავრობა ეგვიპტეში ახალი წესრიგის დამყარებას მიესალმა.

ჰასან ხათიბი რამალაში პალესტინის ადმინისტრაციის პრესსპიკერია. „ჩვენ ამ ცვლილების მიმართ დადებითი განწყობა გქვონდა რადგანაც ეგვიპტელებისთვის და სხვა არაბული ქვეყნებისთვის დემოკრატიზაციის პროცესი მხოლოდ კარგის მომტანი იქნება. ჩვენ ველით, რომ ამ ცვლილებებს პალესტინა-ისრაელის ურთიერთობებზე დადებითი გავლენა ექნება,“ - ამბობს ხათიბი.

გუშინ პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა დააკმაყოფილა კაბინეტის გადადგომა და პრემიერ-მინისტრს სალამ ფაიადს ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა. ასევე მუბარაქის გადადგომის შემდეგ პალესტინის მთავრობამ სექტემბერში საპრეზიდენტო და საპარალეტო არჩევნების ჩატარება გადაწყვიტა. თუმცა ჰამასმა რომელიც ღაზაშია გამაგრებული, თავის სექტორში არჩევნების ჩატარების იდეა უარყო.

როგორც ხათაბიმ აღნიშნა, ეს არ იქნება იდეალური არჩევნები, თუმცა პალესტინელ ხალხს ხმის მიცემის და მისთვის სასურველი კანდიდატების არჩევის საშუალება ექნება.

პალესტინელებს იმედი აქვთ რომ მალე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს და ღაზას სექტორს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქცევენ. 2007 წელს ისლამისტურმა ჰამასმა ღაზას სექტორი ძალით აიღო, და იქ პალესტინის ადმინისტრაციის იურისდიქცია არ ვრცელდება.

მუსტაფა ბარღუთი პალესტინის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიას ხელმძღვანელობს.

„მოწოდება დემოკრატიისკენ ძალიან ძლიერია. ამას დიდი გავლენა აქვს პალესტინაზე და ხალხის მოთხოვნა ეხება როგორც ფათხს, ასევე ჰამასს, რათა დასრულდეს ეს დაყოფა და პალესტინელებმა ერთობლივად შეძლონ დემოკრატიის და თავისუფალი არჩევნების ჩატარება,“ - ამბობს ბარღუთი.

ახლო აღმოსავლეთში ცვლილებების დაწყებასთან ერთად პალესტინელებს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის იმედი აქვთ. როგორც ისინი ამბობენ, რაც ეგვიპტეში მოხდა, ეს მთელ არაბულ სამყაროს ეხება.

XS
SM
MD
LG