ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუშარაფის დაბრუნება


პაკისტანის ექსპრეზიდენტი მუქარის მიუხედავად სამშობლოში დაბრუნდა

ფერვეზ მუშარაფი, პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი 4-წლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. მუშარაფი ყარაჩიში დღეს ჩაფრინდა და აეროპორტში შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა.

„პაკისტანში დაბრუნებით მე თავი საფრთხეში ჩავიგდე. ვფიქრობდი და ველოდი, რომ მთავრობა დამირეკავდა და მთხოვდა, გადამერჩინა ქვეყანა. მაგრამ ეს არ მოხდა. სამშობლოში დაბრუნება ისევ ხალხმა მიბრძანა. დავბრუნდი და პაკისტანის გადასარჩენად მზად ვარ თავი გავწირო“ - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

პაკისტანელი თალიბები მუშარაფს სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მოკვლით ემუქრებიან. შაბათს საგანგებოდ გავრცელებულ ვიდეოფირზე თალიბთა წარმომადგენელი აცხადებს, რომ თავდამსხმელთა ჯგუფი ექსპრეზიდენტის მოკვლისთვის სრულ მზადყოფნაში იმყოფება.

პრეზიდენტობის პერიოდში მუშარაფი თალიბებს შეერთებულ შტატებთან ახლო კონტაქტებით და ტერორიზმთან ბრძოლის ფართო მხარდაჭერით აღიზიანებდა. თავად მუშარაფის განცხადებით, მას მთავრობისგან გარანტია აქვს, რომ შინ დაბრუნებისთანავე არ დააპატიმრებენ და გირაოს გადახდას დასჯერდებიან. ყოფილი ლიდერი 2007 წელს პრემიერ-მინისტრ, ბენაზირ ბხუტოს მკვლელობაში მონაწილეობაში იყო ეჭვმიტანილი.
XS
SM
MD
LG