ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ლიდერი გამოჩნდა


პაკისტანის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ლიდერი გამოჩნდა
პაკისტანის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ლიდერი გამოჩნდა

პაკისტანის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ლიდერი გამოჩნდა, კრიკეტის ყოფილი ვარსკვლავი იმრან ხანი. მისი პარტია „თეჰრიკ ი ინსაფი“, ანუ მოძრაობა სამართლიანობის-თვის, მომავალ არჩევნებში პაკისტანის მმართველ სახალხო პარტიას და მის მთავარ მეტოქეს მუსლიმურ ლიგას დაუპირისპირდება.

იმრან ხანის სამართლიანობის პარტიამ ხალხმრავალი ანტი-სამთავრობო მიტინგები გამართა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებსაც სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი ესწრებოდა.

უკანასკნელი მიტინგი საპორტო ქალაქ ყარაჩიში გაიმართა, რომელსაც 150 000 კაცი დაესწრო. იმრან ხანი პაკისტანის ყველაზე უფრო პოპულარულ პოლიტიკურ მოღვაწედ გადაიქცა.

59 წლის კრიკეტის ყოფილი მოთამაშის ტრიბუნაზე გამოჩენას ხალხი პარტიული დროშების ფრიალით შეხვდა.

იმრან ხანი ამომრჩეველს შეპირდა, რომ სამ თვეში ანტი-კორუფციულ რევოლუციას მოაწყობს ქვეყანაში, თუ მისი პარტია ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვა.

ყარაჩიში მიტინგზე შეკრებილი ხალხის სიმრავლემ იმრან ხანის პოლიტიკური ოპონენტების გაოცება გამოიწვია, რადგან ყარაჩიში იშვიათად იმართება ასეთი ხალხმრავალი საპროტესტო აქციები.

მიუხედავად ამგვარი პოპულარობისა ყოფილი ელჩი მალიჰა ლოდჰი სკეპტიკურად აფასებს ბატონი ხანის შანსებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. მისი თქმით:“ საარჩევნო პოლიტიკა განსხვავდება მიტინგების და დემონსტრაციების პოლიტიკისგან და არა მგონია იმრან ხანი პაკისტანში წამყვან პოლიტიკურ ფიგურად გადაიქცეს. თუმცა მის მიერ გამართულ მიტინგებზე ახალგაზრდობის სიმრავლე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პაკისტანელები პოლიტიკური ცვლილებების მოლოდინში არიან.“

მარვი მემონი ყოფილი პარლამენტარია, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს ქყვეყნის ტრადიციული პარტიების პოლიტიკას. მისი აზრით ჯერ ნაადრევია იმრან ხანის პოლიტიკური პარტიის პერსპექტივებზე ლაპარაკი. ქალბატონი მემონის განცხადებით:“ ისინი სერიოზულ ცვლილებებზე საუბრობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული პარტია წამყვანი პოლიტიკური ძალა გახდება ქვეყანაში.“

იმრან ხანი ეროვნული გმირი 1992 წელს გახდა, როდესაც პაკისტანის ნაკრებმა მისი მეთაურობით მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას მიაღწია. 1996 წელს მან საკუთარი პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში სხვა წამყვანი პარტიების ჩრდილში იმყოფებოდა. პაკისტანის პარლამენტში ის თავისი პარტიის ერთადერთი წარმომადგენელია. მაგრამ ამ ბოლო ხანს მასობრივმა საპროტესტო გამოსვლებმა მას არნახული პოპულარობა მოუტანა.

იმრან ხანის პარტიის გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც ცნობილი პაკისტანელი პოლიტიკოსი ჯავედ ჰაშმი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნავაზ შარიფის პარტიიდან იმრან ხანის პოლიტიკურ ბანაკში გადაბარგდა.

იმრან ხანის ოპონენტების განცხადებით სახალხო პოპულარობის მიუხედავად, მას პოლიტიკური პოზიციები მკაფიოდ არა აქვს ჩამოყალიბებული.

პოლიტიკური მიმომხილველის მალიჰა ლოდჰის განცხადებით:“ იმრან ხანი ცნობილი ვარსკვლავია, მაგრამ დღემდე მას გულშემატკივარი მეტი ჰყავდა, ვიდრე პოლიტიკური მხარდამჭერი. ახლა მას სჭირდება ეს ხალხი აქტიურ ამომრჩევლად აქციოს.“

აღსანიშნავია, რომ იმრან ხანი არ აპირებს გააგრძელოს თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მოქმედი მოჯახედების წინააღმდეგ ბრძოლაში.

იმრან ხანი მკაცრად აკრიტიკებს ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებს პაკისტანის ტერიტორიაზე მდებარე პარტიზანების ბაზების წინააღმდეგ. ის ასევე ეწინააღმდგება მოჯახედების წინააღმდეგ პაკისტანის არმიის სამხედრო ოპერაციებს.

ამერიკის ხმასთან საუბარში ბატონმა ხანმა განაცხადა, რომ ამერიკელთა მოქმედება ცეცხლზე ნავთის დასხმას უდრის, რადგან კიდევ უფრო აძლიერებს ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობას ავღანეთსა და პაკისტანში.

იმრან ხანის განცხადებით:“ ამ პოლიტიკამ ძალზე დიდი ზიანი მოგვაყენა, რადგან ის მხოლოდ მოჯახედების გაძლიერებას უწყობს ხელს. ადამიანები, რომლებიც ამ დაბომბვების შედეგად ოჯახებს კარგავენ, შემდეგ პარტიზანებს უჭერენ მხარს. ადგილობრივი ტომთა ბელადები გვეუბნებიან, რომ თუ შეწყდება ამერიკელების მიერ მათი ტერიტორიის დაბომბვა და შეწყდება პაკისტანის არმიის ოპერაციები, მაშინ ისინი თავად გაუსწორდებიან ტერორისტებს ამ რეგიონში.“

იმის მაგივრად, რომ პაკისტანელ თალიბებს ებრძოლოს მთავრობამ მათთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. ყარაჩიში მიტინგზე გამოსვლისას იმრან ხანი პაკისტანელებს შეპირდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამ პრობლემას სულ ცოტა ხანში მოაგვარებს.

XS
SM
MD
LG