ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ნატოსთვის ტვირთის მიწოდება ფერხდება


სატვირთო მანქანები პაკისტანიდან ვერ გადიან
სატვირთო მანქანები პაკისტანიდან ვერ გადიან
მძღოლების გზაზე დაბრუნებას უკვე რამდენიმე თვეა ელიან. ავღანეთში შესასვლელი საკონტროლო გამშვები პუნქტები, პაკისტანის მთავრობამ მას შემდეგ დახურა, რაც ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა პაკისტანის 24 მესაზღვრე შეცდომით მოკლეს საჰაერო იერიშის დროს. სატვირთოების მძღოლები და მფლობელები აცხადებენ, რომ არსად წასვლას არ აპირებენ, ვიდრე უმუშევრობის პერიოდში დაკარგულ კომპენსაციას არ მიიღებენ. ვაშინგტონსა და ისლამაბადს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ნატოს ძალებისთვის ავღანეთში ტვირთის ჩასატანად მომზადებული დაახლოებით 1500 სატვირთო მანქანა მარშრუტის სხვადასხვა მონაკვეთზეა გაჩერებული.

მუჰამედ ხანი, რომელსაც 310 სატვირთო ავტომანქანა ჰყავს, კომპენსაციას ითხოვს: „თანხა, რომელსაც ამ სატვირთოების სრული დატვირთვით 210 დღის განმავლოიბაში ავიღებდი, 15 მილიონი დოლარია.“

ნატოს ტვირთის გადატანა პაკისტანური კომპანიებისთვის სარფიანი საქმეა, მაგრამ ავღანეთში ტვირთის ბაზებამდე მიტანა მრავალ საფრთხეს და რისკს უკავშირდება.

ისრარ აჰმედ შინვარი პაკისტანის ნავთობის ტანკერების მფლობელთა ასოციაციის პრეზიდენტია. ის ამბობს, რომ სატვირთოების მარშრუტზე დაბრუნება უამრავი საფრთხისთვის თავის გართმევას მოითხოვს: „დღემდე 1300 მძღოლი და მათი თანაშემწეა დაღუპული. მაგრამ მიუხედავად საფრთხეებისა, ეს მანქანები მაინც უნდა გადავიდნენ ავღანეთში, რადგან ყველას კომპენსაცია აქვს ასაღები. გარდა ამისა, უსაფრთხოების მხრივ ვითარება დღეს უკეთესია, ვიდრე წარსულში.“

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბალუჩისტანის რეგიონი განსაკუთრებით საშიში ზონაა სახმელეთო ტრანსპორტისთვის. სადისტრიბუციო ქსელის ამ მარშრუტზე პაკისტანის მთავრობამ დამატებითი ძალები გამოყო ტვირთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მძღოლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მიუხედავად მცდელობისა, გზა, რომელსაც ისინი 10 დღის განმავლობაში გადიან უსაფრთხო არ არის.

კაბირ აჰმედი სატვირთოს მძღოლია, რომელსაც მიაჩნია, რომ მარშრუტის დაუცველობა და ფიზიკური საფრთხეები, რომლებიც მძღოლებს ექმნება, პირდაპირ უკავშირდება ტვირთის გადაზიდვის შეყოვნებას: „ხალხი ამბობს, რომ მანქანების დატვირთვა თალიბებისა და საპროტესტო აქციების გამო არის შეყოვენბული.“

პაკისტანის ტერიტორიაზე გამავალი სადისტრიბუციო მარშრუტი ავღანეთში მყოფი ნატოს ძალებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის არტერიაა. პაკისტანში ნატოსთვის ამ მარშრუტის გამოყოფა არაერთი პოლიტკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. ისლამაბადმა კი არაერთხელ გამოიყენა სადისტრიბუციო ქსელი საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ვაჭრობის თემად.

პოლიტიკური დაპირისპირებისა და დიპლომატიური თამაშების ფონზე, კი პაკისტანელი მძღოლები მარშრუტზე მოძრაობის აღდგენას ელიან. მასუდ აფრიდი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ავღანეთში 12-ჯერ იყო ჩასული. მისი თქმით: „ეს საშიში საქმეა, მაგრამ გვიწევს ამ საქმეზე მუშაობა, რადგან პაკისტანში სამსახურები არ არის. აქ ფულს ვერ იშოვი. თუ ნატოს სადისტრიბუციო ქსელი დაიკეტა, ის სამსახურებიც არ იქნება, რაც არის, ფული აღარავის ექნება და დიზელზე ფასები აიწევს. ნატოს მარშრუტი რომ აღადგინონ ყველა ჩვენი პრობლემა მოგვარდება.“

ამ ეტაპზე, მძღოლებს მხოლოდ იმედი აქვთ, პოლიტიკოსები კი, ფრთხილ დიპლომატიურ ტაქტიკას არ ცვლიან. მძღოლები აცხადებენ, რომ მანქანები სრულ მზადყოფნაში ჰყავთ და მოუთმენლად ელიან სამსახურის განახლებას.
XS
SM
MD
LG