ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის წარმატებული რაკეტის გამოცდა


პაკისტანის სამხედროების განცხადებით, მათ წარმატებით განახორციელეს შაჰინ-1 რაკეტის გამოცდა, რომელსაც ინდოეთის ნებისმიერ წერტილში შეუძლია ატომური დარტყმის მიყენება. ამ რაკეტის მოდერნიზებულ ვარიანტს კიდევ უფრო შორ რადიუსზე შეუძლია მოქმედება.

გასულ კვირას ინდოეთმა წარმატებით გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც ბირთვული ქობინით აღჭურვის შემთხვევაში პეკინამდეც შეუძლია მიაღწიოს. დელის განცხადებით ამ გამოცდის წარმატებით დასრულების შემდეგ ინდოეთი მსოფლიოს ბირთვული სახელმწიფოების სრულუფლებიანი წევრი გახდა.

ინდოეთის აგნი-5 ტიპის რაკეტა 5000 კილომეტრის მანძილზე მიფრინავს. ეს სტრატეგიული მიღწევაა დელისთვის, რადგან პეკინის გარდა ამ რაკეტას შანხაიმდე მიღწევაც შეუძლია.

ინდოეთი შიშობს, რომ პეკინის და ისლამაბადის სამხედრო თანამშრომლობის პირობებში მას შესაძლოა ორ ფრონტზე ომი მოუწიოს. თავის მხრივ ჩინეთმა გააფრთხილა დელი, რომ ჩინეთის წინააღმდეგ გამალებულ შეიარაღებაში ჩართვა ინდოეთს კარგს არაფერს მოუტანს.

XS
SM
MD
LG