ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიპლომატიური მისია ავღანეთში


დიპლომატიური მისია ავღანეთში
დიპლომატიური მისია ავღანეთში

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰინა რაბანი ხარი ოთხშაბათს ოფიციალური ვიზიტით ავღანეთს ეწვევა. ორი მეზობელი ქვეყნის დიპლომატები ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდების შესახებ და პოლიტიკური შერიგების პირობებზე ისაუბრებენ. ვიზიტის მიზანი ავღანეთში შეიარაღებული დაპირისპირების საბოლოო დასრულება გახლავთ.

ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჯანან მოსაზიამ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა:

„ვიმედოვნებთ, რომ ამ შეხვედრით ორ მეზობელ, მოძმე ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყება. იმედია, ვიზიტი მოგვცემს საშუალებას, რომ აქცენტი ავღანეთის და პაკისტანის მთავრობის და ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტაზე გაკეთდეს. ეს არის ტერორიზმთან ბრძოლა და ავღანეთის სამშვიდობო პროცესში პაკისტანის სასიცოცხლო დახმარება“.

ავღანეთში პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ავღანელ თალიბებს და ამერიკის ოფიციალურ პირებს შორის კატარში გამართული შეხვედრების დაწყებას ემთხვევა. თალიბანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით პირველ შეხვედრებს 2012 წლის იანვრის დასაწყისში ჰქონდა ადგილი. ამ მოლაპარაკებების მიზანიც ავღანეთში მშვიდობის დამყარებაა. თალიბები ასევე იტყობინებიან, რომ სამშვიდობო პროცესის შემდგომი გაგრძელების მიზნით ისინი სპარსეთის ყურეში მდებარე კატარის სახელმწიფოში პოლიტიკური წარმომადგენლობის გახსნას გეგმავენ.

პაკისტანის ოფიციალური პირები ამერიკის შეერთებულ შტატებს და თალიბებს შორის გამართულ მოლაპარაკებებში შესრულებულ როლზე პირდაპირ კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აბდულ ბასიტმა ჟურნალისტებთან საუბარში ავღანეთში სტაბილურობის დამყარების საკითხში მათი განუხრელი ინტერესი, ერთგულება და წვლილი კიდევ ერთხელ დაადასტურა. ავღანეთის გაერთიანება პაკისტანისთვის ყოველთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახლდათ. ჩვენ კატეგორიული ტონით ვამტკიცებდით, რომ ავღანეთის ინიციატივით და წინამძღოლობით განხორციელებულ სამშვიდობო პროცესებს ყოველთვის შევუწყობთ ხელს. ასევე დავეხმარებით ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ავღანეთის გაერთიანების და პოლიტიკური სტაბილურობის გარანტია შეიძლება გახდეს“ - განაცხადა პაკისტანის საგარეო სამინისტროს სპიკერმა.

მშვიდობის დამყარების საქმე ავღანეთში უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე რამოდენიმეჯერ შეფერხდა. მოკლულ იქნა ყოფილი პრეზიდენტი, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ავღანეთის უმაღლესი წარმომადგენელი, ბურჰანუდინ რაბანი. ავღანური მხარე პოლიტიკურ მკვლელობაში ბრალს სწორედ პაკისტანს სდებდა.

სანამ ორი მეზობელი ქვეყანა ერთმანეთში სიტყვიერი ომით იყო დაკავებული, პაკისტანის საზღვარზე 24 პაკისტანელი ჯარისკაცი ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის, დრონის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. დრამატული რეიდის გამო პაკისტანის თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან შეწყდა.

ისლამაბადი აცხადებს, რომ ურთიერთობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების რატიფიცირება მხოლოდ პაკისტანის პარლამენტს შეუძლია, რომელიც თებერვლის დასაწყისში შეიკრიბება.

XS
SM
MD
LG