ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მე არ ვარ კოკოითის კაცი“– დავით სანაკოევი


„მე არ ვარ კოკოითის კაცი“ ამბობს დავით სანაკოევი, პრეზიდენტობის კანდიდატი დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში, რომელსაც სახალხო დამცველის პოსტი ეკავა. ეს სიტყვები სანაკოევმა ერთ–ერთი ტელედებატის დროს განაცხადა. მას საყვედურობენ, რომ კოკოითის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო სამსახურში იდგა და არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაეცვა გასული წლის ნოემბერში დაკავებული ადამიანები, რომლებიც კოკოითის ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ დევნას განიცდიდნენ.

როდიონ სიუკაევმა, რომელიც ნოემბერში არჩეული პრეზიდენტის, ჯიოევას თანაგუნდელი იყო, ამჟამად კი პრეზიდენტობის მეორე კანიდატის, ლეონიდ თიბილოვის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენს, სიაც კი წარმოადგინა იმ ადამიანების გვარებით, რომლებზეც ფიზიკური ზეწოლა ხორციელდებოდა ხელისუფლების მხრიდან ჯიოევას არჩევის შემდეგ: „ 27–დან 6 დეკამბრამდე აქტიურობისთვის დაკავებულებს შორის იყვნენ თაბოევი რობერტი, კაჩმაზოვი გენრი, სოსლან კოკოევი, ვლასილავ ხუგაევი, თეიმურაზ გაგლოევი, ვლადისლავ კალოევი და ალან თანდილოვი. ისინი იმის გამო დააპატიმრეს, რომ მხარს უჭერდნენ ჯიოევას. სოსლან კოკოევს ოთხი შვილი ყავს, მან ყველაზე პოპულარული ოპოზიციური საიტი დააარსა, რის გამოც ნარკოტიკი ჩაუდეს და ახლაც ციხეში ზის. ასევეა თაბოევი რობერტი, სპორტსმენი, რომელიც რესპუბლიკაში შემოსვლის დროს დააკავეს. თიბილოვი დაგვპირდა იმ დაკავებული ადამიანების განთავისუფლებას, ვინც დეკემბერსა და იანვარში პოლიტიკური მოსაზრებების გამო დააპატიმრეს. გასაგებია, რომ რთული იქნება ამის განხორციელება სხვა რესპუბლიკაში, ისინი ვლადიკავკაზის საპყრობილეში ყავთ, მაგრამ თიბილოვისგან არის სურვილი, გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება, რათა განთავისუფლდნენ ისინი. როდესაც დავით სანაკოევზე ვსაუბრობდი, მხედველობაში მყავდა იგი, როგორც სახელმწიფო ჩინოვნიკი. არც ერთ სახელმწიფოში არ ხდება, რასაც ჩვენთან აკეთებდნენ: პირდაპირ ქუჩაში აკავებდნენ ნიღბიანები და შემდეგ პოლიციაში მიყავდეთ, სადაც ასევე შაურაცხმყოფელად ექცეოდნენ. დავით სანაკოევს, სახალხო დამცველს ნუთუ არ შეეძლო, ხმა ამოეღო, ან მისულიყო და ენახა ციხეებში ხალხი რა მდგომარეობაში ყავდათ? ჯავის, ცხინვალის, ზნაურის საპყრობილეები გადაჭედილი იყო, 60 წლის ადამიანს წნევის გასინჯვისა და წამლის მიღების საშუალებასაც არ აძლევდნენ? ეს ყველაფერი განა არ არის ადამიანის უფლებების შელახვა?“ ციტატის დასასრული.

ჯიოევას ყოფილი თანაგუნდელები, რომლებიც მის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენდნენ, ახლა თიბილოვის გუნდში არიან. როდიონ სიუკაევთან ერთად ასეთებია ანატოლი ბარანკევიჩი და ალან პლიევიც. მათ მიაჩნიათ, რომ თიბილოვი სიტყვას არ გატეხს და გამარჯვების შემთხვევაში ციხეებიდან გამოუშვებს იმ ადამიანებს, რომლებიც კოკოითის ხლისუფლებამ პოლიტიკური მოტივით დააპატიმრა.

დავით სანაკოევი საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამაში აქცენტს სიახლეების საჭიროებაზე აკეთებს და ამბობს, რომ ახალგაზრდა ქვეყანას ახალგაზრდა პრეზიდენტი სჭირდება. მას შემუშავებული აქვს საგანგებოდ ახალგაზრდული პროგრამაც, რაც ითვალისწინებს ახლადშექმნილი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფას და საგანგებო დახმარებების გამოყოფას. „ისეთი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, რომ ახალგაზრდებმა, უფრო ახალგაზრდებად იგრძნონ თავი“,– ამბობს დავით სანაკოევი. კოკოითისთან კავშირის შესახებ კი იგი აცხადებს: „მე არ ვარ კოკოითის კაცი. ამ კითხვას ხშირად მისვამენ და შემიძლია ღიად გავცე პასუხი. ჩემს შესახებ ვერავინ იტყვის, რომ ფულს ვიპარავდი, ან ჩართული ვარ რაიმე კორუფციულ სქემაში, ჩემზე ამბობენ, კოკოითის კაცია, არჩევნებს კი ვერ მოგებს კანდიდატი, რომელიც კოკითის სახელს უკავშირდებაო. ვაცხადებ, რომ მე არ ვარ ამ გუნდში, ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, მაგრამ არ მინდა, ხალხმა არჩევანი გააკეთო ჭორების მიხედვით. ვისურვებდი, ჩემსა და თიბილოვის პროგრამებს შორის აირჩიონ. შემიძლია დავიფიცო ჩვენი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა საფლევებზეც, რომ პრეზიდენტის პოსტზე მე დამოუკიდებლად ვარ წადგენილი და ვიმუშავებ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამის გაკეთება ხვალვე შემიძლია, სამ საათზე, რომ ყველამ გაიგოს.“ ციტატის დასასრული.

ორი დღის წინ ცხინვალში ერთ–ერთი ახალგაზრდული ორგანიზაციის მეშვეობით აქცია მოეწყო და ფლაერებიც დარიგდა. მონაწილეები ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისკენ მოუწოდებდნენ ყველას, რის უზრუნველსაყოფადაც მოითხოვდნენ, ენერგეტიკული სასმელების შეტანისა და გაყიდვის აკრძალვას ცხინვალში, რადგან ეს ახალგაზრდების ჯანმრთელობისთვის საზიანოა. „წარმოიდგინეთ მხოლოდ, რომ ორი ქილა ენერგეტიკული სასმელის დალევა იგივეა, რაც ძალიან მაგარი ექვსი, რვა ჭიქა ყავა დალიო“, – ამბობდნენ აქციის ორგანიზატორები.

თიბილოვის გუნდის წევრები კი აქცენტს ეკონომიკურ განვითარებაზე აკეთებენ და ამბობენ, რომ თანხების განკარგვა მიზანმიმართულად უნდა ხდებოდეს. „ჩრდილო ოსეთიდან რომ არ შემოვიტანოთ სამშენებლო მასალა, ამისთვის საკარისი რესურსი აქაცაა. ტრანსპორტირებაზე კი დიდი ოდენობით თანხები იკარგება, რაც სხვა მიმართულებით შეგვიძლია გამოვიყენოთ. მშენებლობისთვის, რეალურად, ჩვენ ღორღიც გვაქვს და ქვიშაც, მხოლოდ ცემენტის შემოტანა იქნება საჭირო,“– ამბობენ თიბილოვის გუნდის წევრები.

ფეისბუქის გვერდი, რომელიც კანდიდატების რეიტინგს აჩვენებს ამ დროისთვის იუწყება, რომ ხმები 50/50–ზეა განაწილებული. კვირას ცხინვალში პრეზიდენტს აირჩევენ.

XS
SM
MD
LG