ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დესირი: მუხთარლის გატაცემა ჩემთვის შეშფოთების მთავარი მიზეზია


ჰარლემ დესირი

საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დესირი. მან მედიის კუთხით საქართველოში კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები დადებითად შეაფასა ინტერნეტთან წვდომის და თავისუფლად გამოყენების ნაწილში, თუმცა გამოთქვა კრიტიკა რუსთავი 2-ის და აფგან მუხთარლის საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.

ვიზიტისას დესირი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს თამარ ჩუგოშვილს, სახალხო დამცვლეს უჩა ნანუაშვილს და მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე განხილული იყო მედიის თავისუფლება საქართველოში და ამ კუთხით განვითარებული მოვლენები. დესირის თქმით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის პროცესი, უნდა იყოს ღია და ინკლუზიური, რათა რისკის ქვეშ არ მოექცეს მისი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და განსხვავებული აზრის წარმოჩენა.“

მან ხაზი გაუსვა რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესს და განაცხადა, რომ არხს უნდა ჰქონდეს სარედაქციო დამოუკიდებლობის უფლება და შეეძლოს პროფესიული საქმიანობის განხორციელება. მისი თქმით „ეს ქართველი ხალხის ინტერესშია.“ ამასთან, დესირმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე, რომელიც მაისში გატაცებულ იქნა, რის შემდეგაც ის აზერბაიჯანში პატიმრობაში იმყოფება. დესირმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია. დესირი მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას შეხვდა.

„მისი გატაცება ჩემთვის შეშფოთების მთავარი მიზეზია, ვინაიდან აქამდე საქართველოში ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემო იყო. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გამჭირვალედ წარმართოს გამოძიება“, - თქვა მან.

ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში რეგულარულად აფასებს და აღწერს ორგანიზაციის 57 წევრ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებს მედიის კუთხით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG