ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაიწყო თუ არა ოპრა უინფრიმ საპრეზიდენტო კამპანია?


ჯერ მხოლოდ 2018 წლის დასაწყისია და შეერთებული შტატების 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მედიაში უკვე აქტიური განხილვის თემაა.

კითხვაზე თუ რას ფიქრობენ ადმინისტრაციაში ცნობილი ჟურნალისტის და მედია მაგნატის - ოპრა უინფრის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე, თეთრი სახლის ვიცე-სპიკერმა ჰოგან გიდლიმ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ თეთრი სახლი „მიიღებს ნებისმიერ გამოწვევას, იქნება ეს ოპრა უინფრისგან თუ სხვა კანდიდატისგან.“

63 წლის უინფრის არჩევნებში მონაწილეობაზე ოფიციალური განაცხადი ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა კვირა საღამოს „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე წარმოთქმულმა მისმა სიტყვამ 2020 წლის არჩევნებში მის მონაწილეობაზე აქტიური დისკუსია გამოიწვია.

გიდლიმ ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ არ იცის, ნახა თუ არა უინფრის გამოსვლა პრეზიდენტმა ტრამპმა.

თავის სიტყვაში უინფრის არც პრეზიდენტობა უხსენებია და არც პრეზიდენტი ტრამპი.თუმცა ისაუბრა სიღარიბეში გატარებულ ბავშვობაზე, ქალების გაძლიერებაზე, პრესის მხარდაჭერაზე - ამ გამოსვლის შემდეგ მის პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატობაზე კონსერვატორი პოლიტიკოსებიც დადებითად საუბრობენ.

დაჯილდოების შემდეგ უინფრის ჰკითხეს აპირებს თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, რაზეც მან უპასუხა, რომ ამას არ აპირებს. თუმცა მასთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას განიხილავს.

კვირა საღამოს გაზეთ „ლოს ანჯელეს თაიმსმა“ უინფრის დიდი ხნის პარტნიორ სტედმან გრაჰამთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც გრაჰამი ამბობს, რომ „ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს,“ და რომ ოპრა თანახმაა ჩაერთოს არჩევნებში.

გასული წლის დასაწყისში სატელევიზიო ინტერვიუში, ოპრამ განაცხადა, რომ პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამ მას შეაცვლევინა აზრი იმის შესახებ, რომ თვითონ ამ თანამდებობისთვის გამოუცდელია. თუმცა, მოგვიანებით, გასულ ოქტომბერს, მორიგ ინტერვიუში, მან არჩევნებში მონაწილეობა გამორიცხა.

უინფრის, ტრამპის მსგავსად, წარსულში სახელმწიფო სამსახურში არ უმუშავია.

ორშაბათს, ტენესის შტატში ფერმერების ყრილობაზე გამოსვლისას, პრეზიდენტ ტრამპს უინფრი არ უხსენებია:

„ჩვენი ქვეყანა თვითრწმენას იბრუნებს. ჩვენ პატრიოტიზმის, აყვავების და სიამაყის ახალი ერის მომსწრენი ვართ,“ განაცხადა პრეზიდენტმა.

წარსულში დონალდ ტრამპს უინფრი დადებითად არაერთხელ დაუხასიათებია. 1999 წელს, როცა ის 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას განიხილავდა, ტრამპმა თქვა, რომ ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მისი პირველი არჩევანი ოპრა უინფრი იქნებოდა. „ის არაჩვეულებრივი, გამორჩეული ქალია,“ თქვა მაშინ ტრამპმა.

ოქროს გლობუსის ცერემონიაზე წარმოთქმული სიტყვა სოციალურ ქსელ ტვიტერში შეაქო პრეზიდენტის ქალიშვილმა ივანკა ტრამპმა.

წარსულში უინფრი საარჩევნო კამპანიებში არაერთხელ იყო ჩართული, 2008 წელს მან საჯაროდ დაუჭირა მხარი სენატორ ბარაკ ობამას, 2016-ში კი ყოფილ სახელმწიფო მდივანს - ჰილარი კლინტონს.

ოპრა უინფრი ბარაკ და მიშელ ობამებთან ერთად
ოპრა უინფრი ბარაკ და მიშელ ობამებთან ერთად

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე აქამდე არც ერთ დემოკრატს განაცხადი არ გაუკეთებია. ახლა პოლიტიკური კლასის ყურადღება ნოემბრის შუალედური არჩევნებისკენაა მიმართული, სადაც ამერიკელებმა კონგრესის 435 წევრი და 100 წევრიანი სენატის მესამედი უნდა აირჩიონ.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი დემოკრატები, სავარაუდოდ, განაცხადს არჩევნების შემდეგ, წლის ბოლოს გააკეთებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG