ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიუსელში ერთი წლის წინ მომხდარ ტერაქტებს იხსენებენ


ბელგიის დედაქალაქში ერთი წლის წინ მომხდარი აფეთქებების დროს დაღუპულებს იხსენებენ. შარშან, 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, ამას კი მეტრო-სადგურ მაელბეკზე მომხდარი აფეთქება მოჰყვა. თავდასხმებს, რომლებზე პასუხისმგებლობაც მალევე „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, 32 ადამიანი შეეწირა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.

დაღუპულთა ახლობლები მწუხარებას სხვადასხვაგვარად გამოხატავენ, თუმცა უმეტესობა ამბობს, რომ სურთ ძალადობას სიყვარული და სიმშვიდე დაუპირისპირონ.

კრისტინ ვერელენი ერთ-ერთი დარუპულის, ჯოან ვან დერ შტეენის მეუღლეა. წელს მან ბრიუსელში შტეენის ფოტოების გამოფენა მოაწყო იმისთვის, რომ გარდაცვლილისთვის პატივი მიეგო. ვერელენი ამბობს, რომ ეს მისი ცხოვრების ძალიან რთული წელი იყო, როდესაც შესაძლებლობა ჰქონდა ეფიქრა ბედნიერებისა და უბედურების მომტან დღეებზე.

ვერელენმა დააფუძნა მოძრაობა „წრეები - ჩვენ გვაქვს არჩევანი“. ჯგუფი იმ ადამიანებს აერთიანებს, რომლებსაც ამგვარი ძალადობრივი მოვლენები შეეხოთ და რომლებსაც საკუთარი ისტორია შეუძლიათ სხვებს გაუზიარონ.

„იმ წუთიდან, რაც ეს მოხდა, ჩვენ გვაქვს არჩევანი, შევქმნათ მნიშვნელოვანი ერთობა, როგორც პოზიტიური პასუხი ბრმა ძალადობაზე და იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოება დაყოფილი და პოლარიზებულია“, - ამბობს მსხვერპლის მეუღლე.

ზოგიერთი ტერორისტი მაელბეკის უბანში ცხოვრობდა, იმ მეტროსადგურთან ახლოს, სადაც აფეთქება მოხდა. იქ ახლა 100 000-მდე მუსლიმი აგრძელებს ცხოვრებას, თუმცა უმეტესობა ამბობს, რომ თავს სტიგმატიზებულად გრძნობს. ზოგიერთი კი თავად გახდა მსხვერპლი.

მოჰამედ ელ ბაჩირი მაელბეკის სადგურში მუშაობს, მატარებლის მძღოლია. მისი ცოლი ლუბნა კი სწორედ ამ აფეთქებისას მეტროში იმყოფებოდა და დაიღუპა. მათ 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ.

ელ ბაჩირი ცდილობს გლობა „სიყვარულის მოწოდებად“ აქციოს, გამოსცა პოეზიის წიგნი, სახელად „სიყვარულის ჯიჰადი“.

„ეს არის სიყვარულისა და ჰუმანურობის გზავნილი, მოწოდება, რომ გავიაზროთ ეს, და ეს აქტუალურია, რადგან მე წარმოუდგენელი და ენით გამოუთქმელი რამ დამემართა. ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი პასუხი: ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი თავი, ჩვენ გვჭირდება სიყვარული და ამავე დროს ჩვენ გვჭირდება საუბარი იმაზე, რანი ვართ უპირველეს ყოვლისა - ადამიანები. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ადამიანური ბუნება“ - ამბობს ელ ბაჩირი.

ვერელენმაც და ელ ბაჩირმაც თავიანთი საყვარელი ადამიანები მაელბეკის მეტრო სადგურზე დაკარგეს. ახლა კი ორივე ცდილობს გლოვის ნაცვლად სიძულვილსა და ტერორს სხვაგვარად დაუპირისპირდეს.

XS
SM
MD
LG