ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს მთავრობა BP-ს ადანაშაულებს


აშშ-ს მთავრობა BP-ს ადანაშაულებს
აშშ-ს მთავრობა BP-ს ადანაშაულებს

მექსიკის ყურეში ნავთობმომპოვებელ ჭაბურღილზე შარშან მომხდარი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და ოკეანეში დაახლოებით 5 მილიონი ბარელი საწვავი ჩაიღვარა.

მთავრობის საგანგებო გამოძიება დასრულდა. შეერთებული შტატების სანაპიროს დაცვის და ოკეანის ენერგომართვის ბიუროს ერთობლივ დასკვნაში ნათქვამია, რომ აფეთქება ცემენტის ბარიერის გარღვევამ გამოიწვია, რომელიც ბურღზე ჰიდროკარბონატების დამცავ შრეს წარმოადგენს.

ჭაბურღილის მფლობელები ნავთობმომპოვებელი კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმი“ და ფირმა „ტრანსოუშენი“ არიან, თუმცა პასუხისმგებლობა ანგარიშის მიხედვით „ბიპის“, როგორც ჭაბურღილის ოპერატორს ეკისრება. დასკვნაში ნათქვამია, რომ ცემენტის ბარიერის გარღვევა რამდენიმე შეცდომის და შემდეგ მათი არასწორი მართვის შედეგია.

გამოძიებამ კიდევ ერთი დარღვევა გამოავლინა. როგორც გაირკვა, ჭაბურღილი აფეთქების მომენტში ნავთობის მოპოვების გეგმას მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა და ბიუჯეტშიც ზედმეტი 58-მილიონიანი დანახარჯი ჰქონდა.

სამი თვის განმავლობაში მექსიკის ყურეში ნავთობის გაჟონვას ვერ აჩერებდნენ. მან მნიშვნელოვნად დააზიანა ადგილობრივი ფლორა და ფაუნა. სანაპიროები გუდრონით გაივსო. საკურორტო დასახლებები საცურაოდ უვარგისი გახდა. შეწყდა თევზჭერა, დაიხურა ბიზნესები.

დღეს ნავთობის კვალს მხოლოდ ალაგ-ალაგ თუ გადააწყდებით. კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმმა“ მნიშვნელოვანი გამწმენდი სამუშაოები ჩაატარა.

ადგილობრივი მოსახლეები ამბობენ, რომ ბუნებას თავის დაცვის იშვიათი უნარი გააჩნია. ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი ედ ოვერტონი, რომელიც ნავთობის გაჟონვის ფედერალურ პროგრამებზე მუშაობს, ამბობს, რომ ტროპიკულმა შტორმმა სახელწოდებით „ლი“ გუდრონის რამდენიმე შეგუბება პრაქტიკულად გააქრო.

გვეგონა ათწლეულები და საუკუნეები დასჭირდებოდა სანაპიროს გაწმენდას, სანამ ის ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა. თუმცა ბედის წყალობით ამ შემთხვევაში მოლოდინმა არ გაამართლა. ეკოლოგია საკმაოდ სწრაფად აღდგა. რა თქმა უნდა ჯერ კიდევ არის დაბინძურების კვალი, მაგრამ გაცილებით ნაკლები, ვიდრე ეს წესით უნდა ყოფილიყო“ - ამბობს პროფესორი ოვერტონი, რომელსაც „ამერიკის ხმა“ „სკაიპის“ მეშვეობით ესაუბრა.

თუმცა საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია. ბატონი ოვერტონი იმასაც უსვამს ხაზს, რომ ჯერჯერობით ზარალის სრული რაოდენობის დადგენაც შეუძლებელია. კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმს“ საქმე სასამართლოში აქვს და მას პასუხისმგებლობა ფედერალური რეგულაციის 7 კანონდარღვევაში ეკისრება.

„ბიფის“ მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზი შეერთებული შტატების სანაპიროს დაცვის და ოკეანის ენერგომართვის ბიუროს ერთობლივ დასკვნას ეთანხმება და ამბობს, რომ ანგარიშის მთავარი პუნქტები სწორია. „ტრანსოუშენიც“ აცხადებს, რომ კომპანიას იგივე აზრი აქვს აფეთქების გამომწვევ მთავარ მიზეზებზე.

ანგარიში შემდგომი ინციდენტის აღკვეთისთვის რამდენიმე რეკომენდაციას იძლევა. მათ შორისაა როგორც საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე რჩევები უშუალოდ მწარმოებლებისთვის. რეკომენდაციების ნაწილი უკვე დაინერგა. რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, ისინი ჯერ ამერიკის კონგრესმა უნდა განიხილოს და დაამტკიცოს.

XS
SM
MD
LG