ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავთობზე ფასი ყოველდღიურად იზრდება


ნავთობზე ფასი ყოველდღიურად იზრდება
ნავთობზე ფასი ყოველდღიურად იზრდება

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის მზარდი ფასის პარალელურად, მომხმარებლები, სხვადასხვა დარგის მრეწველობის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ შეშფოთებას. მათ შორის ზოგი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას ადანაშაულებს. მიმომხილველთა ერთი ნაწილი ნავთობის ფასის ზრდას ახალო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს. სხვები კი ბაზრებზე მოქმედ სპეკულანტებს სდებენ ბრალს. შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა ფინანსური თაღლითობის აღკვეთის საგანგებო სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელსაც ენერგომატარებლების ყიდვა-გაყიდვის სფეროში მაქინაციების აღმოჩენა და აღკვეთა დაევალა. თუმცა, როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი გრეგ ფლაკუსი ქალაქ ჰიუსტონიდან იუწყება, ნავთობის ფასის ზრდას შეიძლება ხელს უწყობდეს საინვესტიციო ტენდენციები.

ანალიტიკოსები ენერგეტიკის სფეროში წელს ნავთობის ფასის ესოდენ მნიშვნელოვან ზრდას ინდოეთსა და ჩინეთში საწვავზე მზარდ მოთხოვნას, შეერთებული შტატების აღმოსავლეთი სანაპიროს გასწვრივ ახალი ჭაბურღილების შექმნაზე დაწესებულ შეზღუდვებსა და ნავთობის მწამროებელ ქვეყნებში დესტაბილიზაციას უკავშირებენ. თუმცა საწვავი კარგა ხანია გახდა ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი აქტივი იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც მომავალ მოგებას ელიან და მათ მიერ დახარჯული სახსრები ხშირად ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას ართულებს.

დღეს-დღეობით ინვესტიციების უმრავლესობას, როგორც ინდივიდუალური ინვესტორებისგან ისე დაწესებულებებისგან, საქველმოქმედო ჯგუფებისგან თუ სუვერენული მთავრობებისგან, სხვადასხვა საინვესტიციო ფონდები განაგებს. ტომ კლოზა ნავთობის ფასის საინფორმაციო სამსახურში მუშაობს. კლოზას თქმით, საინვესტიციო ფონდების მენეჯერები სასაქონლო ფასებზე, ნავთობის ფასის ჩათვლით, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ.

„ალბათ არავინ წესებს არ არღვევს, მაგრამ საინვესტიციო მენეჯერს ბაზარზე მილიონობით და მილიარდობით დოლარის შემოტანა შეუძლია, რაც ამა თუ იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის ფასზე გავლენას ახდენს,“ აღნიშნავს ტომ კლოზა.

ექსპერტს მიაჩნია, რომ მთავრობებს საფონდო ბირჟებზე სპეკულაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა უბრალოდ არ ძალუძს. თუმცა იმავდროულად აუცილებელია გარკვეული მარეგულირებელი წესების შემოღება, განსაკუთრებით შეერთებული შტატების გარეთ, აღნიშნავს ტომ კლოზა.

კუვეიტში გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აბდალა ელ-ბადრიმ განაცხადა, რომ დღეს-დღეობით მსოფლიოში ნავთობის ფასებს განსაზღვრავს სპეკულანტების საქმიანობა და არა მიწოდება და მოთხოვნა. ტომ კლოზას და სხვა ანალიტიკოსებს არ სჯერათ, რომ სპეკულანტების საქმიანობა ნავთობის ფასის ზრდაში გადამწყვეტ როლს ასრულებს, მაგრამ ისინი არც ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ორგანიზაციას ადანაშაულებენ.

აღსანიშნავია, რომ ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ორგანიზაციის წევრმა საუდის არაბეთმა, რომელსაც მსოფლიოში ნავთობის უდიდესი საბადოები გააჩნია, ნავთობის წარმოება შეამცირა, რამაც საწვავის მიწოდება შეზღუდა და ფასების ზრდა გამოიწვია, აღნიშნავენ ნავთობის მწამროებელი ქვეყნების ორგანიზაციის კრიტიკოსები.

ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში მდებრე გლობალური სადაზვერვო კომპანია „სტრატფორის“ ანალიზის განყოფილების ვიცე პრეზიდენტს პიტერ ზეიჰანს მიაჩნია, რომ ნავთობის ფასის ზრდას შეიძლება ჩინეთი იწვევდეს. ზეიჰანი ეთანხმება კლოზას, რომ ნავთობმომპოვებელ სექტორში ინვესტიციების დაბანდება ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ბოლო ხანებში მოზღვავდა საინვესტიციო მიზნებისთვის განკუთვნილი სახსრების რაოდენობაც.

„2000 წელს საინვესტიციო თანამეგობრობას ენერგომატარებლების ბაზარზე გრძელვადიანი პოზიციების მხოლოდ 10 პროცენტი ეკავა, ახლა კი მისი წილი დაახლოებით 40 პროცენტს აღწევს. ამდენად ფაქტია, რომ ასპარეზზე ბევრი ახალი მოთამაშე და დიდძალი ფული გამოჩნდა, მაგრამ ნავთობის მიწოდება 10 პროცენტზე მეტით არ გაზრდილა. ამდენად ცხადია, რომ ნავთობის ფასის მომატება სავსებით მოსალოდნელი იყო,“ დასძენს პიტერ ზეიჰანი.

XS
SM
MD
LG