ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავთობის ფასი წლის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და აქციები კვლავ ეცემა


ორშაბათს, ნავთობის ფასმა კიდევ ერთი, 8 პროცენტიანი თავბრუდამხვევი ვარდნა განიცადა და იმ დროს, როდესაც გაიზარდა იმის შიში, რომ კორონავირუსის გამო გლობალური ეკონომიკური შენელება შეიძლება თვეების მანძილზე გაგრძელდეს. ამ ფონზე, მსოფლიოში აქციების ფასებიც კიდევ ერთხელ დაეცა.

იყო რამდენიმე ნათელი წერტილიც. მთავრობის მიერ დიდი ზომის მხარდაჭერის პროგრამის წამოწყებასთან ერთად, ავსტრალიური აქციები შესამჩნევად გაიზარდა და უოლ სტრიტის ვადიანი გარიგებები ნაწილობრივ დადებით ნიშნულებზე იყო, თუმცა კარგი სიახლეებიდან სულ ეს იყო.

იაპონიის ნიკეი, დანარჩენ აზიასთან ერთად ქვემოთ დაეშვა და ევროპის მთავარმა ბაზრებმა კიდევ 1 % დაკარგა იმ დროს, როდესაც 1987 წლის შემდეგ, უკვე ყველაზე უარესი კვარტალი ჰქონდა.

ნავთობის სექტორში არეულობის გამო, ნედლი ნავთობის ფასმა 2002 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ბრენტის მარკის ფასი, ბარელზე 22.5 დოლარამდე დაეცა და წლის განმავლობაში 65 პროცენტით ვარდნა აჩვენა. ნავთობზე მიბმულმა ეროვნულმა ვალუტებმა, როგორიცაა რუსული რუბლი, მექსიკური პესო და ინდონეზიური რუპია, 2 პროცენტამდე დარტყმა მიიღეს.

ფინანსურ კლიმატს დიდად არ უშველა იმან, რომ ამერიკული დოლარი კვლავ ზევით წავიდა. ევრო დაახლოებით 0.7 პროცენტით დაეცა და დაახლოებით, 1.1050 დოლარი ღირს. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი გახდა პირველი წამყვანი ეკონომიკა, რომლის საკრედიტო რეიტინგი კორონავირუსის გამო, პარასკევს შეიკვეცა, გირვანქა სტერლინგის ღირებულება 1.2350 დოლარამდე დაეცა.

დოლარის უკან დახევამ ოქროს გაყიდვებს ბიძგი მისცა, მაგრამ შესყიდვები შეჩერდა, რადგან ინვესტორები იძულებული გახდნენ, სხვა სეგმენტებში ზარალის დასაფარად მომგებიანი პოზიციების ლიკვიდირება მოეხდინათ.

ნავთობის ფასების ვარდნაში თავისი როლი, საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ბაზრების განაწილების საკითხზე ბრძოლამ ითამაშა. იმის მიუხედავად, რომ სატრანსპორტო შეზღუდვების გამო ნავთობზე მოთხოვნა შემცირებულია, არც ერთი მხარე უკანდახევის ნიშნებს არ აჩვენებს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ცენტრალური ბანკები მონეტარულ პოლიტიკას ამარტივებდნენ და მთავრობები მასტიმულირებელ პაკეტებს სთავაზობდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ მხარდამჭერი ზომებია და არა რადიკალური გაჯანსაღების საშუალება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG