ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური განსხვავებები ვისკონსინის პატარა ქალაქში


ვისკონსინში მცხოვრებ დი ბეკერს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ვაშინგტონში თავის გზას გაკვალავს.

„მას შანსი უნდა მისცენ“, - ამბობს ბეკერი, პრეზიდენტზე საუბრისას.

ბეკერის თქმით, მის ქალაქში, ლანკასტერში, (ვისკონსინის სამხრეთ დასავლეთი, გრანტის საგრაფო) ამომრჩევლის უმრავლესობამ მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა, ვინაიდან მათ ცვლილება სურდათ. მისი თქმით ბევრმა, მანამდე ხმა ბარაკ ობამას მისცა ამავე იმედით, იმის მოლოდინით, რომ ის ცვლილებებს განახორციელებდა, თუმცა იმედები გაუცრუვდათ.

„ის ხალხი, ვისთანაც მე მისაუბრია ამბობს, რომ მათ არ მოსწონთ, რაც ხდება. ხალხი დაიღალა პოლიტიკით და ცვლილებები სურთ“, - ამბობს ის. „იმედი მაქვს მას მხარში დაუდგებიან, ვინაიდან თუ ის წარმატებული იქნება, ქვეყანა წარმატებული იქნება“ - ამბობს ის ტრამპზე.

ბეკერის თქმით, მოსახლეობის არჩევანი არ უკავშირდებოდა რაიმე სახის პრობლემას ადგილობრივ დონეზე. მისი თქმით, ლანკასტერში ყველაფერი კარგადაა.

ბეკერი მაღაზიის ფანჯრებიდან, სადაც მუშაობს, გარეთ იყურება და ხედავს ხალხს, რომელიც მოძრაობს, შედის მაღაზიებში, მათ შორის მის მაღაზიაში, რესტორნებში, საიუველირო ჯიხურებში და ფულს ხარჯავს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში მოსახლეობა ძირითადად დიდ ქალაქებში არჩევს საყიდლებზე წასვლას და ტანსაცმლის თუ სხვა პროდუქტის შეძენას, ლანკასტერს გაუმართლა. ქალაქი, რომლის მოსახლეობაც 3868 ადამიანს შეადგენს, ამ ტრადიციას არღვევს.

აქ მოსახლეობა და მომხმარებელი ვისკონსინის დედაქალაქიდან, მედისონიდან ჩამოდის რათა როგორც ბეკერი ამბობს, „მაღალი ხარისხის პროდუქცია“ შეიძინონ. თუმცა ლანკასტერის მსგავსად, სხვა ქალაქებს არ უმართლებთ. მის გარშემო სხვა პატარა დასახლებებში სულ რამდენიმე მაღაზია თუ ახერხებს თავის გატანას.

ბეკერის თქმით, ქალაქის და საგრაფოს გადარჩენა, ფედერალური და შტატის დაფინანსების მეშვეობით მოხერხდა. აქ რამდენიმე ქარხანა და საჭმლის გადამამუშავებელი კომბინატი გაიხსნა, რამაც ასობით სამუშაო ადგილი შექმნა და ადგილობრივი მომხმარებლის რაოდენობა გაზარდა. მისი თქმით, გრანტის საგრაფოში ამომრჩეველი ისევე პოლარიზებულია, როგორც ქვეყნის სხვა ნაწილებში. ის ამბობს, რომ აქ ტრამპის ბევრ კრიტიკოსს შეხვდებით.

„ადამიანებს ხშირად შეუძლიათ შეუწყნარებელი იყვნენ სხვისი აზრის მიმართ. იმ ხალხის ნაწილი, რომელთა კანდიდატიც დამარცხდა, ყოველდღიურად აგრძელებს ამ კაცის [ტრამპის] აუგად ხსენებას“, - ამბობს ის.

ლანკასტერის სხვა ადგილობრივი მცხოვრებლები ადასტურებენ პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ ბეკერის მოსაზრებას. მოსახლეობის ნაწილს მოსწონს პრეზიდენტი ტრამპი და ხედავს მას, როგორც ბიზნესმენს, რომელიც გასაგებ ენაზე საუბრობს. ხოლო სხვები აძაგებენ მას მისი აგრესიული რიტორიკის და გეგმების გამო, რაც მათი აზრით, ძირს უთხრის სოციალურ პროგრამებს, რომლითაც ადგილობრივ მოსახლეობას თავი გააქვს.

ბეკერის თქმით, არც მას მოსწონს დიდად ტრამპის რიტორიკა, თუმცა ცდილობს პოზიტიურ ნაწილზე გაამახვილოს ყურადღება.

„მე ვეთანხმები იმას, რასაც ის ამბობს. მე მინდა, რომ ამ ქვეყანას ბიზნესები დაუბრუნდეს“, - ამბობს ის. ამასთანავე ის საუბრობს ნავთობისა და ენერგიის პოლიტიკაზე. მოსახლეობისთვის ადგილობრივ დონეზე ეს მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან ისინი, ყოველდღიურად, არამარტო დიდ დისტანციაზე გადაადგილდებიან, არამედ იყენებენ, მაგალითისთვის, აზოტს სასუქად.

„ის ყურადღებას უთმობს ენერგიის საკითხს. მე ეს მომწონს, ვინაიდან არ მინდა ვუხდიდეთ სხვა ქვეყნებს ფულს ამაში. რატომ უნდა ვყიდულობდეთ ნავთობს ირანისგან ან ვენესუელისგან, როდესაც ჩვენით შეგვიძლია მისი მოპოვება?“ - ამბობს ის.

ბეკერი, ისევე როგორც სხვები ამერიკის ამ ნაწილიდან, ამბობენ რომ მათ ურჩევნიათ არ ისაუბრონ პოლიტიკაზე მათ მეზობლებთან და მეგობრებთან. ამით ისინი თავიდან ირიდებენ კამათს და გაუგებრობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG