ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემონსტრაციები შეერთებულ შტატებში


დემონსტრაციები შეერთებულ შტატებში
დემონსტრაციები შეერთებულ შტატებში

მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ, ნიუ იორკში „დაიკავე უოლ სტრიტი“ მოძრაობა დაიწყო, დემონსტრაციები ამერიკის სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სახალხო პროტესტების მუხტის გამოყენებას ცდილობენ.

თავიდან, რესპუბლიკელები არ აქტიურობდნენ. თუმცა, მოგვიანებით პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ჰერმან კეინმა განცხადება გააკეთა და დემონსტრაციების მიმეზად პრეზიდენტი ბარაკ ობამას არასწორი პოლიტიკა დაასახელა:

„დემონსტრაციები ობამას ადმინისტრაციის უშედეგო პოლიტიკისგან ყურადღების გადატანის მცდელობაა.“

ორპარტიული პოლიტიკური ცენტრის მიმომხილველი ჯონ ფორტიერი აცხადებს:

„ერთი არგუმენტი, რომელსაც, ჩემი აზრით, არაერთხელ მოვისმენთ რესპუბლიკელებისგან არის ის, რომ დემონსტრაციების სამიზნე უნდა გახდეს არა უოლ სტირტი და ფინანსური სექტორი, არამედ თეთრი სახლი.“

დემონსტრაციის ერთ-ერთი მონაწილე რონ სენგერი ამბობს, რომ ის დარწმუნებულია იმაში, რომ პოლიტიკოსები და მედია ორგანიზაციები ხალხის მოსაზრების სხვაგვარად წარმოჩენას შეეცდებიან.

„ისინი ან ვერ ხედავენ ან არ საუბრობენ მთავარ პრობლემებზე. თემებს მხოლოდ ფრაგმენტულად განიხილავენ. მაგრამ, ხალხმა გაკვეთილი უკვე ისწავლა და სწორედ ამიტომაც ვართ ქუჩაში ერთად გამოსული.“

დემოკრატებმა დრო არ დაკარგეს დემონსტრაციების მონაწილეებთან ასოცირების დასამყარებლად. პოლიტიკური მიმომხილველები აცხადებენ, რომ პარტიის ლიდერები იმედს იტოვებენ, რომ ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას დემონსტრაციების მოთხოვნების გაზიარებით შეძლებენ. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ როგორც მომიტინგეები ასევე დემოკრატების ნაწილი მდიდარი ფენის უფრო მაღალი გადასახადით დაბეგვრას ითხოვენ. რუი ტეშარია ამერიკული პროგრესის ცენტრის ექსპერტია:

„ჩემი აზრით, მათ უნდათ ეს ძალა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ და მართალი გითხრათ, ამ თემების ერთი ნაწილი ძალიან კარგად ჩაჯდება პრეზიდენტი ობამას წინასაარჩევნო კამპანიაში. კერძოდ კი, იმ მოთხოვნაში, რომ მდიდრებმა უფრო მეტი გადასახადები უნდა გადაიხადონ.“

დემონსტრაციების მონაწილეები ბოლომდე არც დემოკრატებს ემხრობიან. ისინი პრეზიდენტი ობამას რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან, განსაკუთრებით ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე ომებთან და ფინანსურ სექტორთან დაკავშირებით.

ვერა სპრომა 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ბარაკ ობამას მისცა ხმა. დღეს ის ობამას მოქმედებებით უკმაყოფილოა:

„ის ყოველთვის მდიდრების გავლენის ქვეშ ექცეოდა და ახლაც ასეა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ეცდება რაც შეიძლება მეტად გამოიყენოს ჩვენი დემონსტრაციები ცვლიელებების განსახორციელებლად. თუმცა, არა მგონია, რაიმე მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიოს.“

დემონსტრაციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ პოლიტიკური ძალების მხარდაჭერის მოპოვება არ სურთ. ისინი აპირებენ გააგრძელონ მთავრობის მიმართ წაყენებული მოთხოვნები. კერძოდ კი ის, რომ ისინი ამერიკის მოსახლეობის 99 პროცენტს წარმოადგენენ და ხელისუფლებისგან სამართლიან ეკონომიკურ პოლიტიკას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG