ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა კლინტონის მხარდაჭერის მობილიზებას ცდილობს


დემოკრატები იმედს იტოვებენ, რომ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლით პრეზიდენტი ბარაკ ობამა საპრეზიდენტო კანდიდატის ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად ამომრჩევლის მობილიზებას შეძლებს.

დემოკრატებში ობამა დიდი პოლულარობით სარგებლობს, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით მის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი აფასებს. ამის მიუხედავად, იმ ფონზე, რომ ამომრჩეველი ერთნაირად უარყოფითადაა განწყობილი როგორც ჰილარი კლინტონის, ასევე მისი მეტოქის რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის მიმართ, ობამას მხარდაჭერას დემოკრატები დიდ ნაბიჯად აფასებენ.

ჰილარი კლინტონის პრეზიდენტად არჩევა ობამას საკუთარი მიღწევების შენარჩუნებაში დაეხმარება. ზოგიერთი მათგანი ისეთ დიდი გადაწყვეტილებებია, როგორიცაა ბირთვული შეთანხმება ირანთან და ჯანდაცვის რეფორმა ამერიკაში.

რესპუბლიკელები ამ მოსაზრებას ეთანხმებიან და ცდილობენ ის კლინტონის საწინააღმდეგოდ ამოიყენონ.

რა შეიძლება თქვას ობამამ?

ტელეკომპანია "NBC-ს" ეთერში გასულ ინტერვიუში, ობამამ დემოკტარებს მოუწოდა “ინერვიულონ” მანამ, სანამ ყველა ხმა არ დაითვლება.

“ეს არის დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი. სანამ ყველა ხმა არ დაფიქსირდება და სანამ ამერიკელი ხალხი საკუთარ სათქმელს არ იტყვის, არ გვეცოდინება რა ხდება,” თქვა ობამამ.

თეთრი სახლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფილადელფიაში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე დღეს საღამოს ობამა იმაზე ისაუბრებს, თუ რატომ არ უნდა აირჩიოს ამერიკამ დონალდ ტრამპი პრეზიდენტად. მან ერთხელ უკვე განაცხადა, რომ ტრამპი შეერთებულ შტატებს “სახიფათო გზაზე” დააყენებს.

თეთრი სახლის პრეს-სპიკერის მოადგილე ერიკ შულცმა განაცხადა, რომ მიზი აზრით, “პრეზიდენტი ისაუბრებს იმაზე, რომ გაერთიანებული ამერიკა უფრო ძლიერი ქვეყანაა, ვიდრე დაყოფილი.”

ობამამ დემოკრატ მხარდამჭერებს ენერგია შემატა ორი კვირის წინ ჩრდილოეთ კაროლინაში გამართული ერთ-ერთი წინასაარჩევნო ღონისძიების დროს სიტყვით გამოსვლისას.

მან ყოფილი სახელმწიფო მდივანი დაახასიათა, როგორც განათლებული, უკიდურესად კვალიფიცირებული, შრომისმოყვარე, ძლიერი ლიდერი, რომელიც ამერიკას დაიცავს, ქვეყანაში საშუალო კლასს დაეხმარება და საზღვარგარეთ ამერიკულ ღირებულებებს გაავრცელებს.

როგორც კანდიდატის, ასევე პარტიის მხარდაჭერა

კონვენციაზე დამსწრე დელეგატების ნაწილი იმედს გამოთქვამს, რომ ობამა დემოკრატიულ პარტიაზეც ისაუბრებს.

“რვა წლის წინ, მისი არჩევნების დროს, ამერიკა მხოლოდ ბარაკ ობამას არ ირჩევდა. მაშინ საქმე პარტიის მისიას, პროგრესულ მოძრაობას ეხებოდა,” ამბობს ივონე რივს-ჩონგი, დემოკრატი დელეგატი მისურის შტატიდან. “ჩვენი მისია არ შეცვლილა, ის შემდეგ ეტაპზე გადავიდა.”

მერი ლუ ტევებაუ ასევე დემოკრატი დელეგატია ტეხასის შტატიდან. ის ამბობს, რომ ობამას მესიჯი ის უნდა იყოს, რომ “დიდ პროგრესს მივაღწიეთ. როცა ის პრეზიდენტი გახდა მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.”

რესპუბლიკური პარტიის პლატფორმა ობამას პოლიტიკის წინააღმდეგ

ტრამპი მოულოდნელი მხარდაჭერით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წინააღმდეგობრივი განცხადება გააკეთა, რომელსაც რესპუბლიკელებიც ეწინააღმდეგებიან. ექსპერტები აცხადებენ, რომ ტრამპის პოპულარობა იმითაა გამოწვეული, რომ ის იმ საკითხებზე საუბრობს კატეგორიული ტონით, რომლებიც ამერიკელებს ობამას პრეზიდენტობის რამდენიმე ყველაზე დიდ მარცხად მიაჩნიათ.

როგორც ტრამპი, ასევე სხვა რესპუბლიკელები, ამბობენ, რომ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” გაძლიერება ობამას მცდარი პოლიტიკის ბრალია. ასევე ობამას უკავშირებენ იმას, რომ ამერიკიდან სამუშაო ადგილები უწყვეტად გაედინება, უკიდურესად დაძაბულია რასობრივი დაპირისპირება და საემიგრაციო სისტემა კონტროლს აღარ ექვემდებარება.

დემოკრატიული პარტიის კონვენციის მეორე დღეს ტრამპმა “ტვიტერით” შემდეგი გზავნილი გაავრცელა: “რატომ არ საუბრობენ დემოკრატები ისლამურ სახელმწიფოზე, ცუდ სავაჭრო გარიგებებზე, დარღვეულ საზღვარზე, პოლიციაზე, კანონის უზენაესობაზე.”

XS
SM
MD
LG