ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გააუქმებს თუ არა ტრამპი ობამას ჯანდაცვის პროგრამას?


51 წლის არმინდო მურილიო კითხულობს პამფლეტს Obamacare-ის შესახებ.

2017 წელს ვაშინტონში საკანონმდებლო ცვლილებებს ელოდებიან. რესპუბლიკელები, რომლებიც კონგრესის ორივე პალატას აკონტროლებენ, პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის კანონზე იერიშს გეგმავენ. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამამ დაუზღვეველ ამერიკელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა, ჯანდაცვის ფასები იზრდება.

იმ შვიდი წლის განმავლობაში, რაც ობამას ჯანდაცვის პროგრამა, ე.წ. „ობამაქეარი“, მუშაობს, დაზღვეული ამერიკელების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. თუმცა ხსენებული ჯანდაცვის პროგრამა ბევრის უკმაყოფილების მიზეზია.

ჯანდაცვის ფასები ობამას პრეზიდენტობამდეც იზრდებოდა, თუმცა კანონის ავტორთა გათვლა, რომ ახალგაზრდა ამერიკელები დაზღვევას შეიძენდნენ და ხანდაზმულებს დაზღვევის ტვირთს შეუმსუბუქებდნენ, არ გამართლდა.

„ჩვენ შევცვლით იმ კატასტროფას, რასაც „ობამაქეარი“ ჰქვია და ახალ პროგრამას შევქმნით, ახალ რეფორმებს გავატარებთ, რომელიც თქვენი და თქვენი ოჯახისთვის იმუშავებს“, - ამბობს არჩეული პრეზიდენტი ტრამპი.

პროგრამით მოსახლეობის ნაწილიც უკმაყოფილოა.

„სამწუხაროდ, "ობამაქეარი" დაზღვევას ხელმისაწვდომს არ ხდის. დაზღვევის ყოველთვიური ფასი იზრდება“, - აცხადებს მაღაზიის მეპატრონე კრისტი ბურჯინა.

დემოკრატების თქმით, „ობამაქეარის“ გაუმჯობესება უკეთესია, ვიდრე მისი მთლიანად გაუქმება.

“ჩვენ გვინდა კანონის გაუმჯობესება. გვესმის, რომ მას გაუმჯობესება სჭირდება“, - ამბობს დემოკრატი სენატორი ჰარი რიდი.

რესპუბლიკელი სენატორის, მიჩ მაკკონელის აზრით, „არაფრის კეთება გამოსავალი არ არის“.

წლებია, რესპუბლიკელები ობამას ჯანდაცვის პროგრამის გაუქმების პირობას დებენ. მათი აზრით, ტრამპის პრეზიდენტობა ამოცანის შესრულების შანსს იძლევა.

„პირველსავე წელს ვეცდებით, ჩავანაცვლოთ „ობამაქეარი“. შემდეგ ვიმუშავებთ უკეთესი პროგრამის შემუშავებაზე“, - ამბობს რესპუბლიკელი სენატორი მაკკონელი.

დემოკრატები ამბობენ, რომ რესპუბლიკელ ოპონენტებს ჯანდაცვის ალტერნატიული პროგრამის დეტალები ჯერაც არ გაუხმოვანებიათ.

„რით აპირებენ ჩაანაცვლონ დღევანდელი პროგრამა? რესპუბლიკელებს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ პროგრამის გაუქმებას და მისი არაფრით ჩანაცვლებას“, - პასუხობს ოპონენტებს დემოკრატი სენატორი ჩაკ შუმერი.

დემოკრატების თქმით, ნებისმიერი რესპუბლიკელი, რომელიც „ობამაქეარის“ ჩანაცვლებას ცდილობს, იმდენივე ამერიკელს დატოვებს უკმაყოფილოს, რამდენიც "ობამაქეარს" ეწინააღმდეგება.

ჯანდაცვის ხარჯები ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტის 17%-ია . ამ მაჩვენებლით ამერიკა სხვა განვითარებულ ქვეყნებს უსწრებს.

XS
SM
MD
LG